საქონლის მოვაჭრეს ღვთის განგების შესახებ - წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
შენ შენი ცხოვრების ერთ უცნაურ შემთხვევაზე მიამბე, როცა დაბრკოლებამ სიკვდილს გადაგარჩინა. ძმებთან ერთად ოთხთვალით საქონლის ბაზრობისკენ მიემართებოდი. ბორანი ყოველ საათში გადიოდა და თქვენც ჩქარობდით, რომ რეისზე არ დაგგვიანებოდათ. უეცრად, გზაზე დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი გამოჩნდა. შენ საჩქაროდ მოზიდე სადავე და ცხენი გვერდით მიაბრუნე, მაგრამ ავტომობილი ბორბალს მაინც წამოედო და გატეხა იგი. თქვენ მძღოლს მივარდით და გინებითა და წყევლა-კრულვით აავსეთ იგი. განრისხებულნი და სასოწარკვეთილნი, ბორანზე დაგვიანების შიშით ბორბალს შესაკეთებლად მისცვივდით და როცა როგორც იქნა შეაკეთეთ და ნაპირისაკენ გაეშურეთ, მდინარესთნ მისულებმა საშინელი სურათი იხილეთ. უბედურება მოხდა: ბორანი, რომელიც ხალხით, ოთხთვალებითა და საქონლით იყო დატვირთული - ჩაიძირა! ნაპირს მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა და ამდენივე ცხენმა მოაღწია. სხვა ყველაფერი წყალმა დაფარა. მაშინ სადიდებელი აღუვლინეთ უფალს და მთელი გულით დაუმადლეთ მძღოლს, რომელიც თქვენი დაგვიანების მიზეზი გახდა.
ამგვარი რამ ყოველდღიურად ხდება. ადამიანები ბრაზობენ მოვლენებზე, რომლებიც მათ გეგმებს ეღობება, მაგრამ მოგვიანებით რწმუ-ნდებიან, რომ დაბრკოლება მათთვის სასარგებლოდ, ღვთის მიერ საიდუმლოდ იყო ჩაფიქრებული.
წაიკითხე, რა წერია პავლე მოციქულსა და ტიმოთეზე: "მორავიდეს იგინი მისუნად, აზმნობდეს წარსლუად ბითვინიად, და არა უტევა მათ სულმან უფლისამან" (საქმ. 16-7) და ეს მათ სასიკეთოდ მოხდა.
მომხდარმა გასწავლა, არასოდეს გაბრაზდე დაბრკოლებაზე, რომ-ელიც შენ არ გემორჩილება, რომ ყველა მათგანი შენთვისვეა სასარგებლო. შენგან კი დაე, იმ თავნება ადამიანებმა ისწავლონ, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ ქვეყნად ყველაფერი მათი ნები-სამებრ ხდებოდეს. შენ კი მშვიდობა და ჯანმრთელობა მოგმადლოს უფალმა!
წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
Xareba.net - ის რედაქცია