შენ ბოროტი სული გდევნის, ერთი იმ მრავალთაგანი, რომელთაც ადამიანის დაღუპვა სურთ. მწერ: როდესაც შიში აგიტანს, გეჩვენება, რომ მთელი სამყარო აგიმ-ხედრდა, ყოველი ადამიანი შენი დაუძინებელი მტერია, ღმერთს კი ეჯავრები. მიმართე სპეციალისტებს, და მათ გითხრეს, რომ ეს ერთგვარი სიგიჟეა. ეს მართლაც სიგიჟეა, ეკლესიაც იმავეს გეტყვის, მაგრამ იგი გეტყვის სხვა რამესაც, იმას, რაც ეკლესიური ცოდნისა და გამოცდილებისაგან მომდინარეობს. ეკლესია აგიხნის, ვისგან მოდის და რა წარმოშობს შენ სიგიჟეს. იგი ბოროტი სულისგან მოდის, მაგრამ შენი რომელიღაც ცოდვისაგან წარმოიშობა. ეკლესია წამალსაც გამოგიწერს: თქვი აღსარება, შეინანე ცოდვები და ბოროტი სულისგანაც გათავისუფლდები. ასე, თავისთავად, ის არასოდეს დაგტოვებს, მაგრამ უფალი განდევნის მას შენგან. გსმენია, ის, თუ როგორ განდევნა ყოვ-ლისშემძლე ქრისტემ ეშმაკები კაცთაგან, ის, რომ სრული ძალაუფლება აქვს მათზე და ბოროტი ძალები უსიტყვოდ ემორჩილებიან მას? ოღონდ ღვთის მეუფება ბოროტ ძალებზე, მათი განდევნით არ იფარგლება. ზოგჯერ ღმერთი დაუშვებს იმასაც, რომ უხილავი ქოფაკები თავს დაესხან ადამიანებს, აი, რატომ უწოდებს წმ. წერილი ბოროტ სულებსაც კი ღვთისას. არ წაგიკითხავს ძველი აღთქმის ფრაზა: "...შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში" (1. მეფ. 18.10) ხოლო იგი ღვთისად იწოდება არა იმიტომ რომ ენათესავება ღმერთს ან მისგან გამოდის (არავითარ შემთხვევაში!) არამედ იმიტომ, რომ ღვთის ნებას ემორჩილება! წაიკითხე იობის წიგნის პირველი თავი და დარწმუნდები, რომ ბოროტ სულს არ შეუძლია შეიპყროს კაცი, თუკი ღმერთი არ დაუშვებს ამას.
ახლა შენ ეს იცი და დაე, სასოწარკვეთილებამაც დაგტოვოს. ღმერთი ყოვლისშემძლეა და გულმოწყალე. მას შეუძლია და სურს გათავისუფლდე შიშის ბოროტი სულისაგან, რომელიც დროგამოშვებით ასე სასტიკად გაწამებს! მხოლოდ შენ შეიცანი ძლიერება და სიკეთე ღვთისა და აღიარე შენი ცოდვები, შეინანე და ილოცე უზენაესის წინაშე. ლოცვაში თქვი: "ღმერთო, სულთა და ყოველთა შენგან ქმნილთა მეუფეო, ყოვლისშემძლევ და ყოვლადმოწყალევ, შემინდე მე, ცოდვილს, შემიწყალე მე და მაცხოვნე სახელითა ჯვარცმულისა ძისა შენისა და მაცხოვრისა ჩვენისა ქრისტე იესოს მიერ!" ნუ დაეჭვდები, უფალი შეგიწყალებს და ამ უბადრუკ საფრთხობელას განდევნის შენგან! ღმერთმა გიშველოს!
წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)
Xareba.net - ის რედაქცია