მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სათნო მრისხანება (ნაწილი II)

სათნო მრისხანება (ნაწილი II)


26-12-2013, 00:06
 

სათნო მრისხანება (ნაწილი II)

 

 

   მაცხოვარი ხომ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უფლება-მოსილი სიტყვით ებრძოდა ადამიანთა მანკიერებებს და ჩვენც იგივე გვიანდერძა. (მათ. 18. 15). როცა მაცხოვარი ხედავდა, რომ მის მოთმინებასა და სიკეთეს შესაძლოა შედეგი არ გამოეღო, მაშინ ის მხილებას მიმართავდა. გავიხსენოთ მაცხოვრის ვნების ისტორია როცა მღვდელთავართან დაკითხვაზე მყოფ მაცხოვარს ერთ - ერთმა ჯარისკაცმა კადნიერად გაარტყა და უთხრა: „ესრეთ სიტყვას - უგება მღვდელთმოძღვარსა? - ჰრქუა მას იესო: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათვის: უკუეთუ კეთილსა, რაისათვის მცემ?" (იონ. 18. 22). როგორც ხედავთ, მაცხოვარმა არ შეუშვირა მას მეორე ლოყა, არამედ მართებული პასუხი გასცა. ცხადია, ამ შემთხვევაში, ისეთი სიმდაბლის გამოჩენა, რომელზეც მაცხოვარმა მთაზე ისაუბრა, არ იქნებოდა შედეგიანი, არ იმოქმედებდა დადებითად მღვდელ-მთავრის მსახურზე. ამიტომ მაცხოვარი სიტყვის მიგებით შეეცადა მის გამოსწორებას. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბოროტებისთვის სიტყვიერი წინააღმდეგობის გაწევა ერთადერთი გამოსავალია. იოანე ღვთისმეტყველის შენიშვნით მაცხოვარმა საჭიროებისას შოლტიც კი გამოიყენა: „და შექმნა შოლტი საბლისა და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით: ზროხაჲ და ცხოვარი: და კერმის - მსყიდელთა მათ დაუთხია კერმაჲ და ტაბლები იგი დაუმხუა" (იონ. 2. 15). ბუნებრივია, ქრისტიანებმა ამ მეთოდს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიმართონ.

   ერთიც: როცა ბოროტი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ჩვენი და ჩვენი ოჯახის სიცოცხლეს ემუქრება, მაცხოვრის სიტყვისამებრ: „უფროს ამისსა სიყვარული არავის აქუს, რაჲთა სული თვისი დადვას მეგობართა თვისათვის" (იონ. 15. 13), ე. ი. არ გვაქვს უფლება უმოქ-მედოდ ვიყოთ, თუნდაც ამის გამო სიკვდილი გვემუქრებოდეს.

   ამრიგად, ძალადობის შეუწყნარებლობის მიუხედავად, ქრისტი-ანობა ვერ უარყოფს ფიზიკური ზემოქმედების მართებულებას ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც მზად არის დაგვაზიანოს, ან მოგვკლას (ჩვენ ან ჩვენი მოყვასი). ამ გზას მხოლოდ მაშინ უნდა დავადგეთ, როცა მოთმინებისა და შეგონების ხერხი ამაოა. ბოროტებასთან ქრისტიანული ძალისმიერი ბრძოლა მხოლოდ ბოროტების ძალადობრივ ქმედებათა შეკავებას ისახავს მიზნათ.

   ცხადია, ბოროტების შეჩერება და გაქარწყლება სულიერი ბრძოლის გზით სჯობს, როგორსაც პავლე მოციქული გვთავაზობს: „მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისა. და შეისხენით ფერხთა თქუენთა განმზადებულებად იგი სახარებისა მის მშვიდობისა. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისა, რომელთა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებულთა დაშრეტად; და ჩაფხუტი იგი ცხორებისა დაიდგთ და მახვილი იგი სულისა, რომელ არს სიტყვა ღმრთისაჲ; (ეფ. 6. 14-17). ამგვარი სულიერი ბრძოლის მეთოდი გაცილებით შედეგიანია - ბოროტების საფუძვლებს არყევს და არა მხოლოდ მის ცალკეულ გამოვლინებებს. ესაა სულიერი ბრძოლის უპირატესობა ძალისმიერთან შედარებით, რომელიც ადამიანს ნების საწინააღმდეგოდ აიძულებს ნორმალურ ქცევას. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ძალისმიერი ხერხი სრულიად უარვყოთ.

   ისმის კითხვა: მტრის შემოსევისას, როცა ოჯახის, სიწმინდის, ღირსების, ქვეყნის ბედი წყდება, სიმდაბლისა და სიმშვიდის მცნებას მივმართოთ; ჩავიქნიოთ ხელი საკუთრებისა და ოჯახების დაცვაზე და ამგვარად აღვიხოცოთ პირისაგან მიწისა?

   თუკი დანაშაულებრივი ძადალობა ამრავლებს ბოროტებას კაცობ-რიობაში, ფიზიკური წინააღმდეგობა, პირიქით, მის შემცირებას უწყობს ხელს. რომ არ არსებობდეს ბოროტების ძალისმიერი შეკავების მეთოდები, ცხადია, უფრო მეტი დანაშაული იქნებოდა. ღირსი ანტონი დიდი ამბობს: „დამნაშავის დასჯა სიკეთისთვის უნდა განხორციელდეს".1

   „კანონმდებელმა (ანუ მოსემ - ავტ.), - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი, - „თვალი თვალისა წილ" იმისათვის კი არ დაგვიწერა, რომ ერთმანეთს დავთხაროთ თვალები, არამედ იმისათვის, რომ ხელი არ აღვმართოთ დაჩაგვრის მიზნით; მოსალოდნელი სასჯელი აიძულებს ადამიანს შეაკავოს ბოროტი განზრახვა".2

   საერთოდ, დასჯის აუცილებლობა დღემდე არავის მიერ არაა მთლიანად უგულებელყოფილი.3

 

 

 

 

 

 

 

1Добротолюбие. СП.Б. 1998. გვ. 64.

2Св. Иоанн Злотоуст. Творение. Т I. M. 2001. გვ. 368.

3გამოყენ. Нравственное Православное Богословие. Н. Стеллицкий. М. 2011. გვ. 392-96.

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ   

 

 

 


 

 

 

 


უკან დაბრუნება