მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > უკეთურებას პროპაგანდა არ უნდა გავუწიოთ!

უკეთურებას პროპაგანდა არ უნდა გავუწიოთ!


18-11-2013, 00:07
უკეთურებას პროპაგანდა არ უნდა გავუწიოთ!   ყოველ ერს თავისი ფასეულობები აქვს. წმინდა ილია მართალმა თავის დროზე  ქართველი ერის კრედო სამი სიტყვით  გამოთქვა: "მამული, ენა, სარწმუნოება’’. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ამ მოსაზრებას, მაგრამ გვსურს ეს გამონათქვამი ჩვენი სიტყვებით განვმარტოთ "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი’’.

   გასაგებია, რომ რწმენის გარეშე შეუძლებელია ცხონება. გასაგებია, რომ მთელი ჩვენი კულტურა, ისტორია ქრისტიანულ სარწმუნოებას ეფუძნება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ  ჩვენი წინაპრების ღვაწლითა და ლოცვით მოპოვებული სამშობლო, გავაძლიეროთ და ავაყვავოთ იგი.

   პრობლემაა მესამე კომპონენტი ამ მოწოდებისა - ადამიანი. მინდა ავღნიშნო, რომ კაცობრიობამ არ იცის ადამიანის ფასი. ადამიანი - ეს არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა; იგი შექმნილია ხატად ღვთისად, ხოლო მსგავსება, ღვთის მადლით, ადამიანის პირადი ღვაწლით მოიპოვება.

   ჩვენ ღირსეულად ვერ ვაფასებთ ადამიანს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი კაცი ამქვეყნად ერთადერთია და განუმეორებელი, ისევე, როგორც  სამყაროში არსებული ნებისმიერი ქმნილება. ავიღოთ ხის ფოთოლი; მსოფლიოში ვერსად ნახავთ ორ ერთნაირ ფოთოლს! და რაოდენ მეტია ადამიანი! ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ თითოეულ მათგანს.

   ადამიანი ურთულესი ქმნილებაა, რომელიც შედგება სულისა და ხორცისაგან. მის გონებას ურთულესი აგებულება აქვს. როგორც ფიზიოლოგი პავლოვი ამბობს, კაცს აქვს დიდი და მცირე გონება:  დიდი გონება არის ჩვენი გული, ხოლო მცირე - ჩვენი აზროვნება; ადამიანი ცოცხალია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი გული მუშაობს. არ არის ისეთი მექანიზმი, რომელიც გულს ამუშავებს? ეს არის ადამიანის სული. როცა ადამიანის სული ამოდის სხეულიდან, გული ჩერდება... ე. ი. გული და სული ერთმანეთთან კავშირშია.

   უნდა ვიცოდეთ, თუ რა არის ცოდვა და რა არის მადლი, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება. უნდა გვქონდეს იმის უნარი, რომ ერთი მეორისაგან განვასხვავოთ. ძველ რომაელებს უთქვამთ: „HOMO homini lupus est” – ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო. ქრისტიანობა სულ სხვა რამეს გვიქადაგებს. პავლე მოციქული გვმოძღვრავს: "ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ  და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი’’. კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ჯვარი, პირიქით, უნდა გავუადვილოთ და შევეწიოთ მის ზიდვაში...

   გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტელევიზიით გადის უზნეო და უხამსი გადაცემები. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ წმინდანები ვართ, მაგრამ ცოდვა ცოდვად ხომ უნდა იყოს მიჩნეული? უკეთურებას პროპაგანდა  არ უნდა გავუწიოთ!

   ადამიანი უნდა მოერიდოს ცოდვას. ეს არის ხორცმეტი და არა ბუნებრივი ჩვენთვის. კაცობრიობას მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ცოდვა ცოდვად მიაჩნდა. მან იცოდა, რომ გათავისუფლებულიყო ამ სიბილწისაგან, უნდა მოენანიებინა იგი მოძღვრის წინაშე. ამას გრძნობდა ძველად, წარსულში და ამას დღესაც გრძნობს მორწმუნე ადამიანი. ჩვენთან კი ტელევიზიით და პრესით მიდის პროპაგანდა იმისა, რომ ცოდვა არის ბუნებრივი თვისება ადამიანისა და უზნეობა თითქოს ცოდვა აღარ არის! უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი ყოველ სიტყვაზე, არა თუ საქმეზე პასუხს აგებს ღვთის წინაშე.

   ისიც უნდა ითქვას, რომ ისეთი უზნეობა, რომელიც დღეს საქართველოში ინერგება, არცერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება. ამაშიც პირველები ვართ! აიღეთ ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროპა, ამგვარ უხამს გადაცემებს ჩვეულებრივი არხებით ვერსად ნახავთ!

   ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ ჩვენი ერი უნდა დაადგეს იმ გზას, რომელსაც ქადაგებს უფალი: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე". მოვიძიოთ ეს გზა და დავადგეთ მას!

   შევთხოვ უფალს, რომ   სიმართლისა და  ჭეშმარიტების გზაზე დაგვაყენოს!

   ღმერთმა დაგლოცოთ!

                                  

 

 

 

                                 საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი  ილია II

 

 

 


უკან დაბრუნება