მთავარი > საცდურები, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > სასწაულებისადმი დამოკიდებულება ისლამში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
სასწაულებისადმი დამოკიდებულება ისლამში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე3-06-2023, 08:40 |
"და მრავალნი ცრუ-წინასწარმეტყველნი აღდგნენ და აცთუნებდნენ მრავალთა” (მათ. 24.11)
სასწაულებისადმი დამოკიდებულება ისლამში რადიკალურად განსხვავდება ქრისტიანულისაგან. ვიდრე ამ განსხვავების განხილვას შევუდგებოდეთ, მოკლედ გავიხსენოთ ისტორია.
ისლამის ფუძემდებელი მუჰამედი დაიბადა 579 წელს, არაბეთის მექაში. ის ერთი მდიდარი არაბის მექარავნე იყო. ხშირად, ბატონის დავალებით, პალესტინასა და ასურეთში უწევდა ვაჭრობა. ბატონის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ შეიყვარა ოცდახუთი წლის მუჰამედი და მთელი მათი მემკვიდრეობის მფლობელი გახადა. სიმდიდრითა და უფროსობით გათამამებულმა ჭაბუკმა არაბული ტომების ახალ კანონმდებლობასა და ახალ რჯულზე გადაყვანა ისურვა.
ოცდათვრამეტი წლის ასაკში იგი გამოქვაბულში განმარტოვდა. იქიდან დაბრუნებული ცოლს უყვებოდა, რომ მთავარანგელოზ გაბრიელს ესაუბრებოდა. შემდეგ მის სულისკვეთებას ვინმე იუდეველმა, მწვალებლური შეხედულებისათვის თანამოძმეთა მიერ იერუსალიმიდან გაძევებულმა ილიამ შეასხა ფრთები. სწორედ მან ასწავლა მუჰამედს ერთი (და არა სამპიროვანი) ღმერთის თაყვანისცემა, მამაკაცების წინადაცვეთა, ღორის ხორცის აკრძალვა, სურვილისა და შენახვის საშუალებისამებრ ცოლების ყოლა და სხვა მრავალი უსჯულოება.
არაბეთში იმ დროს იუდეველები, ქრისტიანები და სხვადასხვა მწვალებლობის მიმდევარნიც ცხოვრობდნენ. უსჯულოების კიდევ ერთი სახეობა მუჰამედმა ვინმე ნესტორიანელი ბერის მეშვეობით შეითვისა. ამ ბერმა ასწავლა მუჰამედს, რომ ქრისტე არა ჭეშმარიტი ღმერთი, არამედ მხოლოდ ადამიანი და დიდი წინასწარმეტყველი იყო. გიამბობთ ბერის ერთი მზაკვრული ქმედების შესახებ, რომელსაც ღირსი მაქსიმე ბერძენის თხზულებაში ვეცნობით.
"მუჰამედი ყოველ ახალ მთვარეზე ცუდად ხდებოდა. ის ეპილეფსიით იყო დასნეულებული. პირიდან ქაფი სდიოდა, მიწაზე ეცემოდა და ძლიერ ტკივილებს განიცდიდა. ამის გამო მეუღლე მასთან განქორწინებას ფიქრობდა. ქალმა ნესტორიანელ ბერს სთხოვა დახმარება. ისიც შეჰპირდა, რომ მეუღლესთან განქორწინებას მოუგვარებდა.
ბერი დიდხანს ესაუბრა მუჰამედის მეუღლეს წინასწარმეტყველებზე, მათ სულიერ ნიჭებზე, ანგელოზების ხილვებზე. თითქოსდა ზოგიერთი ხილვის დროს წინასწარმეტყველები ვერ უძლებენ სულიერი ნიჭების მოზღვავებას და ეცემიან მიწაზე, სწორედ მსგავსი რამ ემართება მუჰამედსაც, როდესაც მას მთავარანგელოზი გაბრიელი ესაუბრება.
მსგავსი სიცრუის მთხზველმა მზაკვარმა ბერმა დაარწმუნა ქალი მუჰამედის წინასწარმეტყველურ ნიჭებში”. ამის შემდეგ ქალი თავს წინასწარმეტყველის მეუღლედ ასაღებდა”.1
შემდეგში მუჰამედის სწავლება მისმა მსახურმა, ნათესავმა და ერთმა წარჩინებულმა, ვინმე აბუბენრემ მიიღო. "წინასწარმეტყველი” გამოქვაბულში მიღებულ "გამოცხადებებს” ნაწილ-ნაწილ იწერდა. მოგვიანებით ამ ჩანაწერებმა შეადგინა წიგნი "ყურანი”, რომელიც "მუჰამედის სახარებაა”. საკუთარი რელიგიის დაარსების მეხუთე წელს მუჰამედის სექტა მხოლოდ ორმოცი ადამიანისაგან შედგებოდა.
"არაბულ ტომებში თავისი შეხედულებების გავრცელების მიზნით მუჰამედი ათასგვარ ცბიერებას მიმართავდა. მან, ვითომცდა სულიწმიდით შთაგონებულმა, ბარბაროსულ ტომებთან საუბრისას შინაურ მტრედს ასწავლა მხარზე დაჯდომა და ყურიდან საკვების გამოღება, რომელიც წინასწარ ჰქონდა ჩადებული. ამ ხერხით ის არწმუნებდა მსმენელებს და თავისი სარწმუნოებისაკენ იბირებდა.
ცნობილია, რომ მასთან მივიდა ხალხი და ჰკითხა: "ჩვენო მოძღვარო! გვსმენია, რომ მოსემ ეგვიპტესა თუ სხვა მიდამოებში მრავალი საწაული აღასრულა, ასევე მის შემდეგ მოვლენილი წინასწარმეტყველნი უამრავ სასწაულს ახდენენ; მაგრამ ყველაზე დიდი, ზებუნებრივი სასწაული ქრისტემ აღასრულა, რომელსაც ქრისტიანები ღმერთად აღიარებენ. შენ რა სასწაულს გვიჩვენებ შენი ღვთაებრივი მოვლინების დასადასტურებლად?”
მუჰამედმა უხეშად და ამაყად უპასუხა: "მოსე და მომდევნო წინასწარმეტყველნი და თავად ქრისტეც მოვლენილი იყო ღვთისაგან სასწაულებისა და ნიშნების აღსრულებით, ხოლო მე მახვილით მოვევლინე და მაქვს ბრძანება ღვთისაგან – მოვაკვდინო ყოველი, რომელიც არ დაემორჩილება ჩემს სიტყვას.”2
მუჰამედის ცხოვრების ამ მოკლე ეპიზოდიდანაც ნათლად ჩანს, რომ მისი სწავლება არ არის ღვთისაგან. ყოვლადმოწყალე ღმერთი არავის აიძულებს ნების წინააღმდეგ სარწმუნოების მიღებას, მით უფრო, მოკვლას ამის გამო. ყოველივე ეს მხოლოდ კაცთმოძულე ეშმაკის შთაგონებით შეიძლება ხდებოდეს.
დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად სათქმელს. ქრისტიანობა და ისლამი არაერთგვაროვნად აფასებს ზებუნებრივ მოვლენებს. მუსლიმანის თვალსაზრისით, სასწაული წინასწარმეტყველის განდიდებას ემსახურება. ქრისტიანული თვალსაზრისით კი სასწაულის ძირითადი დანიშნულება ადამიანებისათვის სარგებლის (კურნების, დაპურების და ა.შ.) მოტანაა. ამ ორი, სრულიად განსხვავებული თვალთახედვის განხილვისათვის იური მაქსიმოვის წიგნს "ჯვრისა და ნახევარმთვარის რელიგიებს" გამოვიყენებთ. ორი ხედვის განმასხვავებელი ნიშან-თვისებები კარგად ჩანს თათრისა და მართლმადიდებელის პოლემიკაში:
"თათარი: მუჰამედიც მრავალ სასწაულს ახდენდა.… მაგალითად, ერთხელ მან მთვარე თითით ორად გაჰყო და შემდეგ შეაერთა; აქლემს, ქვასა და ხეს ლაპარაკს აიძულებდა; ხელისგულზე დაყრილი ქვის კენჭები ადიდებდნენ მას; მთელი მოღვაწეობის მანძილზე თეთრი ღრუბელი უნათებდა... ყველა სასწაულს ვერც კი ჩამოთვლის ადამიანი.
მართლმადიდებელი: ვფიქრობ, თქვენ მიერ ჩამოთვლილი სასწაულებიც ცხადყოფენ, რამდენად დიდ და საკვირველ სასწაულებს ახდენდა მუჰამედი, მაგრამ ყველა მათგანი თითქმის უსარგებლოა ადამიანისათვის. ღვთის ჭეშმარიტი მსახურნი სნეულებს კურნავდნენ, ბრმებს თვალს უხელდნენ, კეთროვნებს წმენდდნენ, მკვდრებს აღადგენდნენ და ა.შ. მუჰამედმა განკურნა თუნდ ერთი ავადმყოფი? — არა. დაუბრუნა მხედველობა ბრმას? — არა. განწმინდა კეთროვანი? — არა. აღადგინა მიცვალებული? — არა და არა!”3
როგორც ვხედავთ, ისლამში სასწაული, პირველ ყოვლისა, ნიშნებს გულისხმობს, ხოლო ქრისტიანობაში – ზებუნებრივ შეწევნას. კიდევ უფრო მკაფიო განსხვავების წარმოსაჩენად ძველი ჰადისური გადმოცემა გავიხსენოთ: "როდესაც მუჰამედს უამბეს ქრისტეს წყალზე გასვლის ამბავი, მან უპასუხა: მოწყალე ეყოს ღმერთი ჩვენს ძმას ისეს (იესოს – ავტ), მეტი თვითდაჯერების შემთხვევაში ჰაერშიც კი გაივლიდა”.4
მუჰამედი ქრისტეს სასწაულში ვიზუალურ მხარეს ანიჭებს უპირატესობას. ქრისტეს წყალზე გავლის სასწაული კი ერთმა გარემოებამ განაპირობა: ხუთი პურის განმრავლების შემდეგ იუდეველებს მისი (ქრისტეს) განდიდების სურვილი დაეუფლათ, ხოლო მაცხოვარი წყალზე გავლით განერიდა მათ განზრახვას.
მუსლიმანი ღვთისმეტყველი ალ-მუტანა ამბობს: "იესომ იმიტომ განკურნა ბრმები და კეთროვანები, რომ იუდეველები დაერწმუნებინა, რომ ღმრთისაგან იყო მოვლინებული (წინასწარმეტყველებაში), ვინაიდან თანდაყოლილი სიბრმავე და კეთრი არ იკურნება”.5
ასეთი ხედვა რადიკალურად განსხვავდება მართლმადიდებლური ხედვისაგან. წმიდა წერილში არაერთგზის არის გამოთქმული საპირისპირო აზრი. სახელდობრ: ქრისტემ უთხრა მათ (ბრმებს, კეთროვნებს) სულიერი სიბრმავის შესახებ, არაერთხელ ამხილა ისინი ამის გამო. ამიტომ სასწაულებს მაცხოვარი არა მათი დარწმუნებისათვის, არამედ უბრალოდ ხალხის ჭეშმარიტ რჯულზე მოქცევისათვის აღასრულებდა.
ქვემოთ მოყვანილი ამონარიდებიდან ნათლად ჩანს მოტივი სასწაულებისა:
1) ისლამში ის წინასწარმეტყველის განდიდებას ემსახურება.
2) ქრისტიანობაში მხოლოდ ხალხის შემწედ გვევლინება, რაზეც არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება წინარე თავებში.
გარდა ამისა, მუსლიმნი წმინდანების სასწაულები არა პიროვნულად ღმერთის თანამონაწილეობით, არამედ რიტუალური ფორმულების ცოდნით ან ფარული სულიერი ნიჭების, "მჭვრეტელობის” მეშვეობით აღესრულება. ერთ-ერთი თანამედროვე სუფისტი ავტორი წერს: "სუფისტს სასწაულისადმი მშვიდი დამოკიდებულება აქვს, ვინაიდან განსაზღვრული მექანიზმის მუშაობის შედეგად მიიჩნევს მას. სასწაული ზემოქმედებს ადამიანზე იმდენად, რამდენადაც ჰარმონიაში იქნება იგი ამ სულიერ ძალებთან”.6
რჩება შთაბეჭდილება, რომ სასწაულების აღსრულების წყარო არა ღმერთის ნება, არამედ მედიუმის ქმედებაა. სასწაულისადმი იგივე დამოკიდებულება შეინიშნება ჯადოქრებში, აღმოსავლურ კულტებსა და სპირიტიზმში.
მართლმადიდებელი წმინდანების ცხოვრებაში მოთხრობილი სასწაულები სულ სხვაგვარად აღესრულება. წმინდანი მოღვაწეობის, ლოცვის შედეგად იხვეჭს სულიწმიდის მადლს. იგი იწყებს მადლმოსილ ცხოვრებას ღმერთში და ღმერთი უსრულებს მას ღვთივსათნო თხოვნებს და აღესრულება სასწაული. მაგრამ სასწაულთმქმედების წყარო თავად ღვთისგან მომდინარეობს, ვისი ნებითაც აღასრულებს წმინდანი სასწაულს.
მაშ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ისლამში არსებულ სასწაულებთან? მოგეხსენებათ, "ეშმაკის სასწაულების” თემა საკმაოდ ვრცლად განიხილება მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა "მჭვრეტელობის ნიჭის” გამოვლინებას მუსლიმან "წმინდანებში”.
ღირსი იოანე სინელი ამის შესახებ ამბობს: "შევნიშნე, როდესაც ამპარტავნების ეშმაკი ერთ ძმას გარკვეულ აზრს აწვდის, იმავდროულად უმხელს ამ აზრს მეორე ძმას, რომელსაც უღვიძებს სურვილს უთხრას მას (ძმას – ავტ). თავისი გულისთქმა. და ამით "მჭვრეტელის ნიჭის” აზრებს უნვითარებს”.7
ძველ პატერიკში ვკითხულობთ: "რამდენიმე ძმა (მონაზონი) მივიდა ამბა ანტონთან და უამბოს თავისი გამოცხადებების შესახებ, რათა გაეგოთ, ღვთისაგან იყო ეს თუ დემონებისაგან. მათ ახლდათ ვირი, რომელიც დაეცა გზაზე. როდესაც ძმები შევიდნენ ანტონთან, მან უთხრა: "რატომ დაეცა თქვენი ვირი გზაზე? ძმებმა ჰკითხეს: "როგორ შეიტყვე ამის შესახებ, ამბა? "დემონებმა მიჩვენეს”, - უპასუხა ამბამ. მაშინ ძმებმა მიუგეს: "ჩვენ ამის საკითხავად მოვედით: ვხედავთ ხილვებს, ხშირად უტყუარ სინამდვილეს, ხომ არ ვცდებით?” ამ მაგალითით ამბა ანტონმა უპასუხა, რომ მათი ხილვები დემონისგანაა”.8
ისლამისტების სასწაულებზე საუბარს ბერი პაისის სიტყვებით დავასრულებთ: "დიდი განსხვავებაა ქრიატიანულ სასწაულებსა და სხვა აღმსარებლობის სასწაულებს შორის. ხოჯაც აღასრულებს სასწაულებს სხვადასხვა მაგიური საშუალებით. ის იღვწის, რომ იხილოს ნათელი, ხოლო ჩვენ ზურგს ვაქცევთ ეშმაკის შემოთავაზებულ გამონათებებს.… ჩვენ ვეძებთ სასწაულს ღმერთთან და არ ვსაუბრობთ ეშმაკებთან”.9 (გაგრძელება...)
1 Преп. МаксимГрек. "Плоды экуменителного древа,, გვ. 355. ტ. 32. М. 2005.
2 იქვე, გვ. 357.
3 Ю. Максимов, "Религиа Креста и Религиа Полумесяца" М. 2008 წ. გვ. 47.
4 იქვე, გვ. 48.
5 იქვე, გვ. 53.
6 იქვე, გვ. 55.
7 Преч. Иоан Лествечник, Лествица 1996 გვ. 152. 8 Древний Потерик გვ.152.
9 Когда Чужая Боль становится своей. 2000. ბერი პაისი, გვ. 193.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |