მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, სიმდიდრე > სიმდიდრე და ვერცხლისმოყვარეობა

სიმდიდრე და ვერცხლისმოყვარეობა


25-01-2014, 00:08
სიმდიდრე და ვერცხლისმოყვარეობა   დავადანაშაულოთ არა თავად საგნები, არამედ, გარყვნილი ნება: რამეთუ შეიძლება, სიმდიდრეც  გქონდეს და არ ცდუნდებოდე მისით.

 

* * *

   სახლში საგანძური სახიფათოა: გლახაკთა ხელში კი - უსაფრთხო.

 

* * *

   უფალმა იმიტომ მოგცა სიმდიდრე, რომ მისით ზეცა იყიდო.

 

* * *

   ჩვენ ქრისტეს მიერ ვართ გამოსყიდულნი, მაგრამ ოქროს ვემსახურებით; ვქადაგებთ ერთის მეუფებას, მეორეს კი ვემორჩილებით.

 

* * *

 სიმდიდრე ის კი არ არის, რომ ბევრი გქონდეს, არამედ ის, რომ მის მოხვეჭაზე არ ზრუნავდე.

 

* * *

   ნეტარია მდიდარი, რომელიც არასდროს კარგავს მხედველობის არიდან მადლის სიმდიდრეს.

 

* * *

   მაშინ ვიხვეჭთ სიმდიდრეს, როდესაც იგი გვძაგს და მხოლოდ უფლისაგან ვეძიებთ სიმდიდრეს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *

   ვერცხლისმოყვარეობის დასაბამი მოწყალების გულისსიტყვაა, ხოლო მისი აღსასრული - გლახაკთა სიძულვილი.

 

წმიდა იოანე სინელი

 

 

* * *

   ვეცადოთ, რომ ქონება, რომელიც ღირსია დაიღუპოს, იმ ჯილდოდ შეცვალოთ, რომელიც არასდროს იღუპება.

 

* * *

   როდესაც მდიდარი გარდაიცვლება, არაფერს წაიღებს თან. მას მიაქვს თან მხოლოდ თავისი სიკეთე - მთხოვნელებს რაც დაურიგა.

 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

 

* * *

   ვინც არასამართლიანად გამდიდრდა, ღატაკზე უარესია; უკეთესია მოწყალება ითხოვო, ვიდრე იპარო.

 

წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

* * *

   ვინც სიმდიდრის მონაა, იგი ისე ინახავს მას, როგორც მონა, ხოლო ვინც გადაიგდო მონობის უღელი, იგი გასცემს სიმდიდრეს, როგორც ბატონი.

 

* * *

   ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომელსაც ისე ფლობ, რომ დაკარგვა არ შეგიძლია.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

* * *

   ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა. და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ უსარგებლო ზრუნვას.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

* * *

   თქვენ გაქვთ მონდორი, ტყე, მდელო, ბაღები, ტბორები და - რა? პატარა მიწის ნაკვეთი, ერთი ნაბიჯი სიფართისა და ექვსი ნაბიჯი სიგრძისა გახდება თქვენი საცხოვრებელი, რა ერთი ქვაც საკმარისი იქნება თქვენს დასაცავად.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

* * *

   კეთილი ზნის კაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჰყიდოს თავისი თავისუფლება ქონების შესაძენად, თუნდაც ეს ქონება ძალზედ დიდი იყოს. ამქვეყნიური სიმდიდრე ხომ განქარვებად სიზმარს წააგავს, და ცხოვრებისეულ სიკეთეთ მხოლოდ მოჩვენებითი ბრწყინვალება აქვთ, ხანმოკლე და წარმავალი.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

* * *

   რა სარგებელია - გქონდეს ნივთებით სავსე სკივრები და სული მცონარობდეს (სათნოებათაგან)?

 

* * *

   ღატაკია ის მდიდარი, რომელიც ხრწნადი ვერცხლითა და ოქროთი მდიდრდება, მაგრამ სათნოებებით ღარიბდება.

 

* * *

   ღატაკია ის მდიდარი, რომელსაც შინაგანად სულიერი საუნჯე არ გააჩნია, თუნდაც გარეგნულად ყველაფერი ჰქონდეს.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

* * *

   სიმდიდრე ბიწიერთათვის წინააღმდეგობაა, კეთილთათვის კი - სათნოებებში შემწეა.

 

წმიდა ამბროსი მედიოლანელი

 

 

* * *

   სიმდიდრე ღმრთისაგან მიცემული დიდი განძია, რომელიც ადამიანმა ღმრთის მსახურებისა და მოყვასთა თვისთა ბედნიერებისათვის უნდა გამოიყენოს.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

* * *


   ყველაზე დიდებული სიმდიდრე ისაა, რომ არ გქონდეს სიმდიდრის მოთხოვნილება.

 

 

წმიდა ისიდორე პელუზიელი

 

უკან დაბრუნება