მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > სათნოება
სათნოება23-01-2014, 00:04 |
აღასრულებ რა სათნოებას, გაიხსენე მთქმელი: „თვინიერ
ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5).
* * * ყოველგვარი სათნოების თავი ღმერთია, ისევე როგორც დღის შუქისა - მზე.
წმიდა მარკოზ განშორებული
* * * განათლება და კეთილი ზნეობა საზოგადოებისა ვერ წარიმართება, თუ ქალები არ არიან განათლებულნი და ზნეობრივ საქმეთა შინა წინამძღოლნი. კეთილგონიერსა და ღმრთისმოყვარე ქალს შეუძლია თავის გარშემო მყოფნი განანათლოს და მოაქციოს.
* * * ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ქალებს, დიდი სურვილი აქვთ, რომ გარეგნულად ღირსეულად და მოსაწონად გამოიყურებოდნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანის მშვენიერება და სამკაული მისი შინაგანი ღირსება და სათნოებაა.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
* * * ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის.
იგავნი სოლომონისა, თ. 13-14
* * * ვინც სათნოებაში რაიმე სარგებლის მიღების იმედით ვარჯიშობს, მტკიცე არ არის, რამეთუ მიზანი გადაივლის და იგი შეწყვეტს სიკეთის ქმნას, როგორც მოგებისათვის მოცურავე შეწყვეტს ცურვას, თუ მოგების იმედს ვერ ხედავს.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * * თვითჩაღრმავება უმთავრესია სათნოებათაგან. იგი აუცილებელია სასულიერო პირისათვის, რომ არ განიფანტოს მისი ყურადღება ამა სოფლის მიერ, აღიკვეთოს ვნების აღძვრათა შესაძლებლობა; ეს არის განდგომა ამა ქვეყნიდან.
წმიდა მამა ისააკ ასური
* * * თუ არ შეგიძლია, მზე იყო, ვარსკვლავი მაინც იყავი, ოღონდ მიწა დატოვე და მთაზე ადი. უმჯობესია, მცირედით მაინც წარემატო სათნოებაში, ვიდრე - სრულიად არაფრით.
წმიდა იოანე მმარხველი
* * * თუ წარმოვიდგენთ სათნოების არა მხოლოდ სიმძიმეს, არამედ - მის ჯილდოსაც, მალე განვიშორებთ სულიდან ყოველგვარ ბოროტებას.
* * * მართალია, სათნოებაში განმტკიცება დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ იგი ძლიერ ახარებს სინდისს და ისეთ შინაგან კმაყოფილებას ანიჭებს, რომ მისი გამოხატვა სიტყვით შეუძლებელია.
* * * რაც უფრო მახვილი მხედველობა გვაქვს, მით მეტად შევიცნობთ, რამდენად შორს ვართ ზეცისაგან. ამრიგადვე, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით მეტად ვისწავლით შეცნობას იმისას, რაოდენ დიდი მანძილია ღმერთსა და ჩვენს შორის.
* * * სათნოებათა დასაწყისი მძიმეა, მაგრამ გაგრძელება სასიამოვნოა.
* * * სათნოების გზაზე რაც მეტად წაიწევ წინ, მით უფრო მსუბუქი მოგეჩვენება შენი გზა.
* * * უფალმა შეგვიმსუბუქა სათნოების ღვაწლი არა მხოლოდ მომავალი სიკეთის იმედით, არამედ - სხვა საშუალებითაც, ე. ი. თავისი მუდმივი შეწევნით.
* * * ყველაზე მსუბუქი გზა სათნოებისაკენ არის ის, რომ უცქირო არა მხოლოდ შრომას, არამედ, ამასთან ერთად, ჯილდოზეც იფიქრო.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაიღუპავ და ხორცსაც; ხოლო თუ ღვთივსათნოდ იცხოვრებ, ორივეს აცხოვნებ.
ღირსი სერაფიმ საროველი
* * * როგორც კიბეზე პირველი საფეხური მიწიდან იწყება, ასევე ღვთივსათნო ცხოვრებაშიც წარმატების დასაწყისი ბოროტებისგან განშორებაა.
წმიდა ბასილი დიდი
* * * ჭეშმარიტად სასარგებლო ის არის, რაც შესაძლოა, მარადიულ ცხოვრებას ემსახურებოდეს და არა - კეთილდღეობასა და მიწიერ სიხარულს.
წმიდა ამბროსი მედიოლანელი უკან დაბრუნება |