მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ნათლისღების საიდუმლო

ნათლისღების საიდუმლო


18-01-2024, 21:33
ნათლისღების საიდუმლო      ადამიანი სიკვდილის წინ ხვდება, თუ რას ნიშნავს მისთვის ნათლობის მადლი. ორი ბეჭედი - ოქროსი და ბრინჯაოსი, თავიდან შესახედავად შესაძლოა არაფრით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, მაგრამ დროთა განმავლობაში ბრინჯაო შავდება და მწვანე ნადებით იფარება, ოქრო კი ბრწყინვალებას ინარჩუნებს. იმის სულიც, ვინც ნათელ იღო, ასევე განირჩევა მოუნათლავის სულისაგან, თუმცა სიცოცხლეში ისე ჩანდა, თითქოს ეს ადამიანები არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. დიდი უბედურებაა - წახვიდე მარადისობაში ნათლობის საიდუმლოთი განუბანელი, ეკლესიასთან მიუერთებელი, დარჩე მისი ლოცვის საფარველის გარეშე ნათელი და ბნელი ძალების სამყაროში, მფარველი ანგელოზის, როგორც შენი ერთგული გზამკვლევის გარეშე, დარჩე მარადისობაში მარტოხელა, დემონების ტყვე, მაცხოვრის ჯვარცმის მსხვერპლით გამოუსყიდველი.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


 

* * *


    ეკლესიაში ნათლობა უფლის ბეჭდით იბეჭდება ისე, როგორც ოდესღაც უკვე მონათლულმა სამარიტელებმა მიიღეს სულიწმიდა პეტრე და იოანე მოციქულთა ხელდასხმითა და ლოცვით (ის. საქმ. 8, 14-17). ... რაც აკლდათ, ის აღასრულეს პეტრემ და იოანემ...  ასეა ჩვენთანაც...  უფლის ბეჭდით ხდებიან სრულქმნილნი.

 

წმიდა კვიპრიანე


 

* * *


   თითოეულმა მართლმადიდებლურად მონათლულმა საიდუმლოდ მიიღო ყოველგვარი მადლი, ხოლო ამაში დარწმუნდება მცნებათა შესრულების შესაბამისად.

 

წმიდა მარკოზ განშორებული


 

* * *


   ნათლისღების განმეორება არ შეიძლება, - თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.

 

* * *


   წყლით ნათლობა აუცილებელია ადამიანის ხსნისათვის, მხოლოდ წმიდა მოწამეთათვისაა დაშვებული გამონაკლისი, რომელნიც საშინელ დევნილებათა ჟამს საკუთარ, ქრისტეს რწმენაში დაღვრილ სისხლში ინათლებიან და ამგვარად ისინი უწყლოდაც მოიპოვებენ ცათა სასუფეველს.

 

წმიდა კირილე იერუსალიმელი


 

* * *


   ნათლისღების ემბაზი ერთგვარი იორდანეა, სამანი სიცოცხლესა და სიკვდილს  შორის, და ვინც მეორე ნაპირს მიაღწევს, მხოლოდ ის შეიქნება სულიერი ქვეყნის მოქალაქედ.

 

* * *


   ნათლისღების საიდუმლოში ყოველ ადამიანს წმიდა სამების სახელით ენიჭება თავისუფლება.

 

* * *


   სულიწმიდის ბეჭდით არის დაბეჭდილი შენი სულის ყოველი შესასვლელი, მირონცხების ბეჭდით იბეჭდება მთელი შენი სხეული.

 

წმიდა ეფრემ ასური


 

* * *


      ჭეშმარიტი სულიერი გამარჯვებით, ნათლობის დროს მონიჭებული ღვთის მადლი ნელ-ნელა იწყებს სულიერი სიბრმავისაგან ჩვენს განკურნებას. სიბრმავის მდგომარეობის საწინააღმდეგოდ ჩვენს ხედვის მდგომარეობაში შესვლას ვიწყებთ. რადგან ხედვის მდგომარეობაში მხედველი - გონებაა, წმიდა მამებმა მას გონებით ხედვა, ე. ი. გონებრივი ხედვა უწოდეს. რადგან ხედვის მდგომარეობას სულიწმიდისაგან ვიღებთ, ამიტომ მას სულიერი ხედვაც ეწოდება და ის სულიწმიდის ნაყოფია. ამით განსხვავდება ის ჭვრეტისაგან. ჭვრეტა ყოველი ადამიანისათვის არის დამახასიათებელი და ყოველი ადამიანი მაშინ ჭვრეტს, როცა სურს. ხედვა კი შესაძლებელია მხოლოდ სინანულის საშუალებით განწმენდის შემდეგ და იგი წარმოადგენს არა ადამიანის თვითნებობას, არამედ ჩვენი სულის უფლის სულთან შეხებისას, შესაბამისად სულიწმიდის ყოვლად წმიდა ნებას.

 

მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი


 

* * *


   როდესაც ქრისტეს სახელით ვინათლებით, ჩვენი სულები ქრისტეთი აღიჭურვებიან. აღიჭურვებიან უხილავი, მაგრამ რეალური აღჭურვილობით, რომლითაც ქრისტეს სული არის შემოსილი, რამეთუ როგორც სულია უხილავი, ასევე უხილავია მისი აღჭურვილობა. ჭეშმარიტება და სამართლიანობა, სიკეთე და უბოროტობა, თვინიერება და უბრალოება, სიწმინდე და ღვთისმოსავობა, უფლისმოყვარება და კაცთმოყვარება - აი საჭურველნი სულისა, სამოსელნი მისნი.

 

წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


 

* * *


   როგორ უნდა შეეცილოს და გამოსტაცოს მტერს შენი თავი ანგელოზმა თავისთვის, თუკი ბეჭედს ვერ ამოიცნობს... განა არ იცი, რომ სიკვდილმა გვერდი აუარა დაბეჭდილ სახლებს და დაუბეჭდავებში დახოცა პირმშონი? დაუბეჭდავ საუნჯეს ადვილად იტაცებენ ქურდები, მოუნიშნავი ცხვარი შეიძლება თამამად გაიტყუონ.

 

პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზინსკი


უკან დაბრუნება