მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > სამებობა, სულიწმინდის ორშაბათი

სამებობა, სულიწმინდის ორშაბათი


12-06-2022, 17:14

სამებობა, სულიწმინდის ორშაბათი   

 
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! 
   
   დღეს არის დღესასწაული სულისა წმიდისა, სულისა ჭეშმარიტებისა, რომელი ყოველგან არს და ყოველსავეს აღავსებს მადლითა თვისითა. 
   ბედნიერია ის, ვინც არის ტაძარი სულისა წმიდისა. ასეთი ადამიანი მადლითაა აღვსილი. და ეს მადლი არა მარტო მისთვისაა განკუთვნილი, არამედ მის გარშემო მყოფთათვისაც. როგორც ამბობს ღირსი მამა სერაფიმე საროველი, ადამიანი, რომელიც მოიპოვებს მადლს სულისა წმიდისა, ცხონდება და მის გარშემო სხვა მრავალსაც აცხოვნებს. სწორედ ამისთვისაა მოწოდებული თითოეული ჩვენთაგანი. ამიტომაც უნდა განვასხვავოთ, სადაა სული ბოროტი და სად - სული ჭეშმარიტებისა. ცნობილია, რომ ხშირად ბოროტება სიკეთით ინიღბება და ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას. მაგრამ სინამდვილეში კი ბოროტებასა და განხეთქილებას, უნდობლობას, ღვარძლსა და შურს სთესავს. ხოლო სული ჭეშმარიტებისა, სთესავს სიკეთეს, სიყვარულს, ურთიერთშენდობასა და პატიებას. სამწუხაროა, რომ ბუნებით მიმნდობი ქართველი კაციც ხშირად სიფხიზლეს კარგავს და ბოროტი სული ცდუნებით ბოროტებას სჩადის. თქვენ იცით, ბოროტი სული - ეს არის მკვიდრი სატანჯველისა, ეს არის ის სული, რომელიც უფალმა ანგელოზად შექმნა, მაგრამ ამპარტავნებამ დაღუპა. წმიდა მამები ამბობენ, რომ ყველაზე მძიმე და ყველაზე მძიმედ განსაკურნებელი სენი სწორედ ამპარტავნებაა. ამ ცოდვის გამო დაეცა ანგელოზი და ბოროტ სულად იქცა. ასევე ამპარტავნების გამო დაიღუპა ადამიანიც და სამოთხიდან განიდევნა. 
   ჩვენ დღეს, მომსწრენი ვართ მძლავრი დაპირისპირებისა ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჭეშმარიტების მხარეზე, უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ, რისთვის მოვედით და რა გზით უნდა ვიაროთ. ჩვენი მიზანი ერთია - მოვიპოვოთ ნეტარება და დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა. ძველად ქართველები ამბობდნენ: „იხარეთ ორსავე სოფელსა შინა", ე.ი. ამქვეყნადაც და იმქვეყნადაცო. აი, ამისთვისაა მოწოდებული ადამიანი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა ამქვეყნად, როცა გარშემო ამდენი წინააღმდეგობა ხვდება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ძალიან ახლოსაა და მუდამ ჩვენთანაა. და როცა გვიმძიმს იმ ჯვრის ტარება, რომელიც ღმერთმა მოგვცა, გულით ვითხოვოთ უფლისაგან შემწეობა და ის და აუცილებლად დაგვეხმარება. მთავარია, ჩვენ უარი არ ვთქვათ და ბოლომდე ვიტვირთოთ ჩვენი ჯვარი. 
   ბიბლიაში წერია, რომ ბოლო ჟამს, როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოებულია მისი აღსასრული, იგი გააძლიერებს ბრძოლას ადამიანების წინააღმდეგ. ეს უნდა გვახსოვდეს. ამიტომ ძალიან ხშირად უნდა მივიდეთ ტაძარში და ვილოცოთ. ტაძარი განსაკუთრებული მადლის მქონე ადგილია. როცა ადამიანი შემოდის ტაძარში, მადლით სავსე უნდა წავიდეს. ხშირად უნდა მიხვიდეთ მოძღვართან და თქვათ აღსარება. ასევე ხშირად უნდა მიიღოთ წმიდა ზიარება და ზიარების შემდეგ აუცილებლად მადლობა შესწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თქვენ იცით, რომ წმიდა ზიარება იუდა ისკარიოტელმაც მიიღო დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობაზე. მაგრამ წმიდა მამები ამბობენ, რომ იუდამ მადლობა არ შესწირა უფალს და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ეშმაკი საბოლოოდ დაეპატრონა მის სულს. გახსოვდეთ, ზიარების შემდეგ აუცილებლად მადლობა შესწირეთ ღმერთს, რათა წმიდა ზიარება იყოს თქვენთვის საკურნებელად სულისა და ხორცისა. 
   კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! 
   წმიდა სამება იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი! ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენი მწუხარება, სიხარულად გარდაიქცეს! 
   ჩვენთან არს ღმერთი!

 

   უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ქადაგება სამებობის დღესასწაულზე 2004 წ. 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება