მთავარი > სხვადასხვა > მოთმინების შესახებ

მოთმინების შესახებ


5-06-2013, 06:33
მოთმინების შესახებ

   გონების თვალი აღუპყარ ზეციურ სამყაროს და მოიხილე მისი მკვიდრნი - ვერც ერთს ვერ ჰპოებ იქ, ვინც აქამდე მოთმინების გზით არ მისულა.

 

* * *


   როგორც მოთმინებით მსუბუქდება, ასევე მოუთმენლობით მრავლდება ტანჯვა - წამება.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი


 

* * *


   იცოდეთ, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას; ხოლო მოთმინების საქმე სრულქმნილი უნდა იყოს, რათა თავადაც სრულქმნილნი იყოთ და სრულყოფილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.

 

კათოლიკე ეპისტოლენი იაკობისა, თ. 1


 

* * *


   კაცთაგან ლაძღვა გულს მწუხარებით ავსებს, მაგრამ მომთმენთათვის ის სიწმინდის მიზეზია.

 

* * *


   მრავლისდამთმენი კაცი ისეთივე მდიდარია გონებით, როგორც ის, ვინც ბრძნულ სიტყვას უგდებს ხოლმე ყურს.

 

წმინდა მარკოზ განშორებული


 

* * *


   მოთმინებაში განისწავლე მანამ, ვიდრე ამის საჭიროება დადგება, რათა საჭიროების შემთხვევაში ყველა იარაღი უკვე მზად გქონდეს.

 

წმიდა ნილოს სინელი


 

* * *


   ავადმყოფი ხარ შენ თუ ღატაკი, დაითმინე. არაფერს, მოთმინების გარდა, ღმერთი შენგან არ ითხოვს. მშვიდად მოთმენით შენ განუწყვეტლივ კეთილ საქმეში იქნები. თუკი გულმშვიდად დაითმენ, როცა არ უნდა შემოგხედოს ღმერთმა, დაინახავს, რომ სიკეთეს აკეთებ და სიკეთეში იმყოფები, მაშინ როდესაც ჯანმრთელებს კეთილი საქმეების კეთების გარემოება მხოლოდ დროგამოშვებით აქვთ. რატომ ცდილობ, რომ საკუთარი მდგომარეობის შეცვლის სურვილით უკეთესი უარესით შეცვალო?

 

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი


 

* * *


   იწვა ლაზარე კარებთან, ჭრილობებით დაფარული, შიმშილით გატანჯული. ძაღლები მოდიოდნენ და ულოშნიდნენ ჭრილობებს. ძაღლები ადამიანებზე უფრო კაცთმოყვარენი იყვნენ, ლოკავდნენ ლაზარეს ჭრილობებს, წმენდნენ და ჩირქს აცლიდნენ. ის კი იწვა დავრდომილი, როგორც ოქრო ბრძმედში, ბრწყინვალება ემატებოდა. ის არ ამბობდა, როგორც მრავალი გლახაკი ამბობს: ეს არის განგებულება? ნუთუ ღმერთი ხედავს კაცთა საქმეებს? მე, მართალი, გლახაკი ვარ, ის კი უსამართლოა და მდიდარია. არაფერი ამის მსგავსი ლაზარეს არ უფიქრია, არამედ ღმრთის მიუწვდომელ კაცთმოყვარეობას მინდობოდა, სულს განსწმენდდა, ტანჯვას იტანდა, მოთმინებას ავლენდა. სხეულით იწვა, მაგრამ გონებით მიისწრაფვოდა, გულისსიტყვით აღფრთოვანდებოდა, ჯილდოს მისაღებად ემზადებოდა, ბოროტებას განშორებული და სიკეთის ხატადა ქმნილი. ის არ ამბობდა: მუქთახორები გარდამეტებულად ტკბებიან, ხოლო მე ნამცეცების ღირსიც ვერ ვხდები. მაშ, რას შვრებოდა? ღმერთს ჰმადლობდა და ადიდებდა.

 

წმ. იოანე ოქროპირი


 

* * *


   მოთმინება ისევე აუცილებელია, როგორც მარილი საჭმელში. რადგან არ არსებობს სხვა გზა შეძენისა, გამდიდრებისა და მეფობისა. ეს გზა ქრისტემ დაგვისახა. და ჩვენც, მისმა მოყვარულებმა, უნდა მივსდიოთ მას. თუმც კი მწარეა აბზინდა, მაგრამ განწმენდს სისხლს და აჯანსაღებს ჩვენს სხეულს. განსაცდელის გარეშე არ შეიცნობა წმინდა სულები, არ მჟღავნდება სათნოება, არ განირჩევა მოთმინება. განსაცდელის გარეშე შეუძლებელია სულის სიჯანსაღის გამოვლენა. იგი განმწმენდი ცეცხლია, რომელიც სულებს წმინდასა და ნათელს ხდის.

 

იოსებ ათონელი


 

* * *


   მოთმინების სარბიელი ფართოა და იგი ადამიანის ცხოვრებას მთლიანად გასდევს, ისევე, როგორც მოიცავს ზოგადად კაცობრიობის მიწიერ ცხოვრებას. მოთმინებით ადამიანი მოიპოვებს და დაიმარხავს სიკეთეს, წარემატება თავგამოდებაში, აღისრულებს წადილს, უვნებლად დაძლევს ყოველგვარ ჭირს. მოთმინების დაკარგვისთანავე, იგი აღმოჩნდება სიკეთის დაკარგვის საშიშროების წინაშე, ვნებას მიაყენებს ბოროტება, ან რაც კიდევ უფრო უარესია, თვითონ შეიქნება ბოროტების ჩამდენი. მოთმინების გარეშე არ არსებობს ღვაწლი, ღვაწლის გარეშე კი არ არსებობს არც სათნოება, არც სულიერი ნიჭები, არც ცხონება. რამეთუ „სასუფეველი ცათა იიძულების" (მთ. 11,12).

 

კიევო-პეჩორის მღვდელ-მონაზონი ვლადიმერი


უკან დაბრუნება