მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სოდომ - გომორის ცოდვა

სოდომ - გომორის ცოდვა


16-06-2017, 00:03

სოდომ - გომორის ცოდვა

 

   დღეს ჩვენი ძირითადი ყურადღება გარყვნილების ცოდვასა და მის პათოლოგიურ ნაირსახეობებზე გვსურს გავამახვილოთ.

   მოგეხსენებათ, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან მსოფლიოში იწყება ნამდვილი სექსუალური რევოლუცია. მრავალ ცივილიზებულ, ევროპისა თუ აზიის ქვეყნებში დაიწყეს სექსის ფართო პროპაგანდა: ტელევიზიით (ფილმებით, რეკლამებით), პრესით. იგივე მიზანს ემსახურება ხელოვნება, მოდა და სხვა...

   ახალგაზრდობის უმრავლესობისათვის ,,სქესობრივი აღზრდა’’ პორნო-ფილმების ყურების შემდეგ იწყება. ზოგიერთი ეკრანზე ნანახს ცხოვრებაში ახორციელებს. 15-16 წლის გოგონები და ბიჭები უკვე იმდენად ,,განსწავლულნი’’ არიან, რომ შემდეგში ბუნებრივი სქესობრივი ურთიერთობები არ აკმაყოფილებთ და ისინი მიილტვიან სხვადასხვაგვარი გარყვნილებისა და გადახრებისაკენ, სოდომური ფორმებისაკენ.

   შემდეგში მრავალი ახალგაზრდა იცვლის სექსუალურ ორიენტირებს. ისინი ჰომოსექსუალისტები ან ბისექსუალები ხდებიან.

   ზოგნიც ქირურგიული ოპერაციის ჩარევის შედეგად იცვლიან სქესს. ეს იწვევს იმპოტენციას და სხვადასხვაგვარ პათოლოგიას.

   ამ კუთხით ყურადსაღებია კიდევ ერთი თანამედროვე საშუალება-ჰიპერსექსი. კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით იქმნება ვირტუალური ,,პარტნიორის’’ სახე.

   აშშ-ში, ინგლისში, გერმანიასა და სხვა მრავალ ქვეყნებში სოდომისტობა არა მარტო ლეგალიზებულია, არამედ დიდი წახალისებითაც სარგებლობს. აწყობენ აღლუმებს, ითხოვენ თავისი უფლებების მომატებას. ისინი ქმნიან გაზეთებს, ჟურნალებს, აქვთ კლუბები და სასტუმროები.

   ერთი სიტყვით დაკანონებულია უკანონობა.

   ეხლა ჩვენთვის საინტერესოა რა იწვევს ამ  ცოდვას და როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები ამ მიდრეკილებებისაგან.

   ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბავშვში თავიდანვე არსებობს ამის გამომწვევი ჰორმონები, რაც იწვევს სქესობრივ გადახრებს. ბავშვობიდან შეინიშნება მსგავსი ქცევები, მიდრეკილებები. რა  თქმა უნდა მშობელმა უნდა მიაქციოს  ამ ფაქტს დიდი ყურადღება. თუ ბიჭს გოგონას ქცევები აქვს, გოგონების სათამაშოებისაკენ მიილტვის, უმალ უნდა იქნას მიღებული ზომები. შევიყვანოთ უნდა ისეთ სპორტზე, საიდანაც მოზარდი შეიძენს ვაჟკაცურ თვისებებს და ა.შ. ან პირიქით, თუ გოგონაში შეინიშნება ბიჭური მანევრები. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვი შემდგომში გადაიხრება პათოლოგიური სქესობრივი ურთიერთობებისაკენ. გარდა ამისა, ზოგიერთ ჰომოსექსუალს საერთოდ ვერ შეატყობ მსგავს საქციელს.

   ქრისტიანობა ვნებებთან ბრძოლას გვასწავლის. მათ შორის ისეთ ვნებებთან, რომელზეც აქ ვსაუბრობთ.

   ძირითადი გამომწვევი მიზეზები ამ ცოდვის - ეს არის თავაშვებული ცხოვრება. დაუკმაყოფილებელი ბუნებრივი სქესობრივი ურთიერთობა. მასმედიისა და კომპიუტერის როლი. გაუთავებელი სერიალები კი ამკვიდრებს აზრს, რომ ეს ნორმალური მოვლენაა.

   შედეგი ცოდვისა ყოველთვის არის სასჯელი.

   ,,რამეთუ გამოჩინებად არს რისხვა ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუესა კაცთასა.’’ (რომ. 1,18).

   სწორედ გარყვნილების შედეგი იყო წარღვნა, რომელიც მოიწია კაცობრიობაზე! სწორედ ამ გარყვნილების შედეგად აღიგავა სოდომი და გომორი პირისაგან მიწისა!

   ,,რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად. ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულის თქმითა მათითა ურთიერთას. მამანი მამათა თანა სარცხვინელსა იქმოდეს.’’(რომ.1.26-28).

   მხოლოდ ეკლესიას შეუძლია ადამიანის ხსნა, გულწრფელი აღსარებითა და სინანულით. 

                                                 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება