მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > სასწაულები ძველ აღთქმაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

სასწაულები ძველ აღთქმაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


19-04-2023, 00:00
 სასწაულები ძველ აღთქმაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
 
   ძველი აღთქმის ისტორიაში უამრავი ჭეშმარიტი სასწაული აღსრულებულა. ღმერთი მამამთავართა და წინასწარმეტყველთა ბაგეებით აუწყებდა კაცობრიობას ჭეშმარიტი უფლის თაყვანისცემას. ღვთის ნებით აღესრულებოდა მათზე სასწაულები. ამ წინასწარმეტყველებებში ცოდვებისგან დამძიმებული კაცობრიობა ღვთივგამორჩეულობას ხედავდა და ხშირ შემთხვევაში ემორჩილებოდა მას.
     საკითხის განვრცობისა და განმარტებისათვის გაზეთ ”მადლის” ბიბლიოთეკას დავესესხებით.1
    ძველი აღთქმა კაცობრიობისათვის იყო მოლოდინი მხსნელისა. ცოდვით დაცემის შემდგომ დაიგმანა სასუფევლის კარები და ადამიანისთვის შეუძლებელი შეიქნა ცამდე ამაღლება. იაკობმა იხილა, თუ როგორ გადმოდიოდნენ ზეციურ კიბეზე ანგელოზები, მაგრამ იაკობს არ შეეძლო ამ კიბეზე ასვლა. უფალი უსაზღვრო მოწყალებით შეეწეოდა ცოდვებით დამძიმებულ ხალხს. აურაცხელი ნიშნებითა და სასწაულებით განამტკიცებდა მის რწმენას. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამ სასწაულებს ებრაელთა ცხოვრებაში, რომელნიც, ამავე დროს, მომავალი ხსნის შესახებაც წინასწარმეტყველებდნენ. როგორც ვიცით, უფალმა გამოიყვანა რჩეული ერი ეგვიპტელთა ქვეყნიდან. სასწაულები, რომელიც მან აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე ებრაელთათვის აღასრულა, თაობიდან თაობას გადაეცა. ამ სასწაულებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა — ისინი ამტკიცებდნენ ღმრთის აღთქმას ებრაელთა მიმართ იმის თაობაზე,  რომ მათ წიაღში იშვებოდა მესია.  ამასთან, ამ სასწაულებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ყოველი ადამიანისათვის, რადგან ისინი იესო ქრისტეზე მოასწავებდნენ და მისი მაცხოვნებელი საქმის შესახებ ქადაგებდნენ.
    ეკლესიის მამათა განმარტებით, ეგვიპტე სიმბოლურად ჯოჯოხეთს გამოხატავს.  ეგვიპტელთა მონობაში გატანჯული ებრაელები თიხისგან  წვავდნენ აგურს და შემდეგ დანიშნულ ადგილამდე მხრებით ეზიდებოდნენ. სულიერი მნიშვნე-ლობით ისინი ცოდვის ტყვეობაში მოქცეულ ადამიანებს  განასახიერებდნენ. ვნებების ცეცხლით გამომწვარი მათი სული უკიდურესად იყო გაქვავებული და გასასტიკებული.
    ღვთის ნებით მოსეს ისრაელთა ერი ეგვიპტიდან აღთქმულ ქვეყანაში მიჰყავს. აღთქმული მიწა ზეციურ სასუფეველს გამოხატავს. ებრაელები 40 წლის განმავლობაში მიდიოდნენ ამ გზაზე. 40 წელი დაახლოებით ერთი თაობის ცხოვრების პერიოდია და იგი ადამიანის ამ ქვეყნიურ ცხოვრებას გულისხმობს. წმიდა წერილი გვაუწყებს, რომ უფლის სასწაულების მეოხებით დააღწიეს ისრაელიანებმა თავი ეგვიპტის საზღვრებს. ღმერთი საკვირველი ღრუბლით მიუძღოდა მათ წინ. ეს ღრუბელი არ იყო შექმნილი ნისლითა და ორთქლით. მზე რომ დააცხუნებდა, იგი ზემოდან ფარავდა ხალხს და ნამით აგრილებდა ჰაერის სიმხურვალეს, ღამით კი ცეცხლად იქცეოდა და გზას ანათებდა. როდესაც ებრაელებს ფარაონის ლაშქარი დაედევნა, უფალმა აღასრულა უდიდესი სასწაული. მოსემ ზღვას შეახო კვერთხი. გრიგოლ ნოსელის სიტყვით რომ ვთქვათ, შეშასავით გაიპო ზღვა, ორივე მხარეს  ზღუდეებივით აღიმართნენ  ტალღები და გამოჩნდა ხმელი. როდესაც ებრაელებმა მშრალად გაიარეს ზღვა და ნაპირზე გავიდნენ, მოსემ კვლავ გაიწოდა ხელი და ისევ უკან გაბრუნდა წყალი, რომელმაც დაფარა ეგვიპტელთა მთელი ლაშქარი. ამ სასწაულით კიდევ ერთხელ გაცხადდა ღმრთის დიდება და მისი შემწეობა რჩეული ერის მიმართ; იმავდროულად გაცხადდა ღმრთის უსაზღვრო მოწყალება მთელი კაცობრიობის მიმართაც, რადგან ეს სასწაული მოასწავებდა ნათლისღების უდიდეს საიდუმლოს, რომლის მეოხებითაც იორდანეს წყლებიდან აღსდგა სიკვდილის მიერ დამონებული სამყარო და განიბანა ცოდვის ბიწიერება. იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებით ღმრთის ტახტის წინ იხილა ზღვა. ეგზეგეტები განმარტავენ, რომ ეს ზღვა ნათლისღების ემბაზია და ვერავინ მიეახლება უფალს, თუ არ გადაივლის მას. მაცხოვარი ბრძანებს: ”უკეთუ ვინმე არა იშვეს წყლისგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა” (ინ. 3,5). ეკლესიის მასწავლებლები გვასწავლიან, რომ მეწამული ზღვა მოასწავებდა ნათლისღების ემბაზს, ღრუბელი — სულიწმიდის მადლს, მოსე — მოძღვარს, რომელიც ღმრთის მიერ აღასრულებს საიდუმლოს, კვერთხი — ჯვარს, ეგვიპტელები განასახიერებდნენ უკეთურ ძალებს, ხოლო ფარაონი — სატანას. მერარში ყოფნის ჟამს, როდესაც ებრაელები წყალს ითხოვდნენ მოსესაგან და დრტვინავდნენ საშინელი წყურვილის გამო, უფალმა აღასრულა უდიდესი სასწაული. მან მორით გააუვნებელყო წყლის სიმწარე და სასმელად ვარგისად აქცია იგი. წმინდა მამათა სწავლებით, მორი გამოსახავდა მაცხოვრის ჯვარს და მის ყოვლისმძლე ძალაზე მიუთითებდა. იესო ქრისტეს ჯვრით დაითრგუნა სიკვდილი, რადგან ჯვარზე დაიღვარა მისი ყოვლადწმინდა სისხლი.
    წმიდა წერილი გვაუწყებს, რომ უდაბნოში ყოფნისას უფალი ებრაელთა ერს ზეციური პურით ასაზრდოებდა. ისრაელიანები ყოველდღე აგროვებდნენ ზეციურ მანანას, გარდა შაბათისა, რათა უქმე არ დარღვეულიყო. მანანა მოასწავებდა ჭეშმარიტ პურს ცხოვრებისას — იესო ქრისტეს. ქორების კლდესთან ღმრთის ძალით მოსემ აღასრულა კიდევ ერთი უდიდესი სასწაული: მან დაჰკრა კვერთხი ქვას და აღმოაცენა წყალი. პავლე მოციქულის სწავლებით, კლდე, რომელისგანაც გადმოდინდა წყარო, არის იესო ქრისტე. ურწმუნოთათვის იგი უტყვია და ცივი, ხოლო ვინც კვერთხს სარწმუნოებით შეახებს, მისთვის მაცხოვნებელ წყალს აღმოაცენებს.
   საკვირველება აჩვენა უფალმა ებრაელებს ამალეკის წინააღმდეგ ბრძოლის ჟამს. უფლის ბრძანებით, მოსე ავიდა ბორცვზე, ხელები აღმართა. როდესაც იგი დაუშვებდა ხელებს,  უკან  იხევდა ებრაელთა ლაშქარი, ხოლო როდესაც ასწევდა — შეტევაზე გადადიოდა. მამათა სწავლებით, მოსე განასახიერებდა მაცხოვრის ჯვარს. ჯვრის ყოვლისშემძლე ძალას წინასწარმეტყველებდა უდაბნოში მოსეს მიერ სპილენძის გველის ამაღლებაც. წმიდა წერილი გვაუწყებს: როდესაც ებრაელი ერი განუდგა უფალს, სასტიკად დაისაჯა და მრავალი გაწყვიტა გველის ნაკბენმა. ღვთის უწყებით მოსემ გააკეთა სპილენძის გველი და ჯვრისებურ დაამაგრა ხალაზე. ვინც ამ გველს შეხედავდა, მეყსეულად იკურნებოდა. გველი განასახიერებს ბოროტ ძალას, ხოლო შხამი — ცოდვას. სპილენძის გველი არის იესო ქრისტე, რომელმაც იტვირთა ადამიანის ცოდვილი ბუნება, მაგრამ დარჩა უცოდველი. მაცხოვარმა გააუვნებელყო ცოდვის შხამი, დასაბამი ხრწნილებისა და სიკვდილისა. ადამიანი, რომელსაც სწამს, რომ იესო არის მხსნელი და სინანულით მიეახლება მას, განიწმინდება ცოდვის ბიწიერებისაგან.
   უფალმა არაერთი მსგავსი სინანულით განუცხადა ებრაელ ხალხს თავისი დიდება, მაგრამ... ებრაელები მრავალგზის დაშორდნენ ღმერთს და დაისაჯნენ ღმრთისგან განდგომილნი; მრავალგზის უბრუნდებოდნენ ისინი უფალს სინანულით და შეწყალებას ევედრებოდნენ. იწყნარებდა ყოვლის შემოქმედი ურჩ შვილებს, რომლებიც კვლავ უგულებელყოფდნენ ღმრთის უსაზღვრო მოწყალებას და კვლავ უკეთურობისკენ იდრიკებოდნენ — ცოდვა უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთი. წმიდა წერილი გვაუწყებს, რომ ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი, რომ არ არსებობს ცოდვათა სიმძიმე და სიმრავლე, რომელიც გადაამეტებს მის სახიერებას. უფალი იმის გამო სჯიდა რჩეული ერის შვილებს, რომ ღვთისგან განშორებულთ სინანული აღძვროდათ და ზეციურ მამას დაბრუნებოდნენ. რჩეულ ერზე ზრუნვით უფალი მთელ კაცობრიობაზე, ყოველ კაცზე ზრუნავდა; როდესაც იგი სასწაულებს აღასრულებდა, ადამიანის სიკვდილის ტყვეობიდან გამოხსნასა და სამუდამო ცხოვრებას ქადაგებდა.
   რჩეული ერი მოწმე შეიქნა ღმრთის მრავალი სასწაულისა. წმიდა წერილი გვასწავლის, რომ  ამ სასწაულთა სულიერი მნიშვნელობის უგულებელმყოფელთ და ოდენ მიწიერ შემწეობას დანატრულთ არ ძალუძთ შეიცნონ ღვთის დიდება და ყოვლადსახიერება. სწორედ ამგვარმა ადამიანებმა ვერ იცნეს თავად ღმერთი, რომელმაც თავისი ქმნილების ხორცი შეიმოსა. მათ ჯვარს აცვეს იესო ქრისტე, რადგან შეუძლებელია ორთა უფალთა მონება — ვინც მიწიერ კატეგორიებს დაუმონებს თავის არსებას, შეიძულებს ღმერთს და წინააღმდეგია მისი. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ არ დასრულებულა მაცხოვრის ჯვარცმა. თუ ადამიანი ცოდვას ემორჩილება, იგი აკეთებს შემზარავ არჩევანს — მოითხოვს ბარაბას თავისუფლებას და ჯვარს აცვამს ადამიანის ხსნისათვის განკაცებულ ღმერთს. (გაგრძელება...)
 
 
 

1 ”მადლის” 1990-2010 წლების კრებული. ტ. ჳჳ ლ. ჯაფარაძე გვ. 229-232
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე  
Xareba.net - ის რედაქცია  

უკან დაბრუნება