მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი4-05-2024, 18:20 |
რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა. რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა. და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის ორგულებნ, და ნუ ეშინინ, ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის, რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე. შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა, და განუსვენებს მეათერთმეტისა ჟამსა მოსრულთა, ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისცა მოწყალე არს, და შეღრთავს მათ პირველთა თანა, მათ მისცემს, და ამათ მიანიჭებს. საქმეთა მიითვალავს და განზრახვათა განიკითხავს, საქმეთა აქებს და გულსმოდგინებათა ადიდებს, და უბრძანებს შესვლად სიხარულსა უფლისა თვისისასა, რათა მდიდარნი და გლახაკნი ურთიერთას იხარებდენ, და მოღვაწენი და სულმოკლენი დღესა ამას პატივს სცემდნენ, რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბაშად განსცხრებოდნენ, რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშვებდით ყოველნი. ზვარაკი ჭამებული მზა არს, ნურავინ წარვალს მშიერი. ყოველნივე იშვებდით სერითა ამით სარწმუნოებისათა; ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა. ნუვინ ზრუნავნ სიგლახაკესა, რამეთუ გამოსჩნდა ყოველთათვის სასუფეველი. ნუვინ ჰგოდებნ ცოდვათათვის, რამეთუ შემნდობელი ჩუენი აღმობრწყინდა საფლავით. ნუვინ ჰსძრწინ და ეშინინ სიკვდილისაგან, რამეთუ განმანთავისუფლა ჩუენ სიკვდილმან მაცხოვრისამან, და დაშრიტა მათთვის, რომელნი პყრობილ იყვნეს მისგან. წარმოსტყუენა ჯოჯოხეთი, შთაჰხდა რა მას შინა. განამწარა იგი, შთასვლითა თვისითა. და ესე ისაია პირველვე ღაღადყო, ჯოჯოხეთი რა შეემთხუა იტყვის, ქვეშე შენსა განმწარდა. განმწარდა, რამეთუ განქარდა, განმწარდა, რამეთუ მოიკიცხა, განმწარდა, რამეთუ მოიკლა, განმწარდა, რამეთუ დაიმხო, განმწარდა, რამეთუ შეიკრა. მოხუნა ხორცნი და ღმერთი იხილა. შეიწყნარა ქვეყანამან, და მოეგებნეს ცანი. მიიღო ხილული და დასცა უხილავი. სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
წმიდა იოანე ოქროპირი - "სააღდგომოდ"
* * *
"აღდგა, ვითარცა თქუა". ვითარ გამოგითარგმანო აღდგომაჲ უფლისაჲ? რამეთუ საიდუმლოჲ არს ჯუარცუმაჲ მისი, საიდუმლოჲ არს დაფლვაჲ მისი, საიდუმლოჲ არს აღდგომაჲ მისი. ყოველივე საქმე მისი საიდუმლოჲ არს. ვითარცა იშვა დაბეჭდულთაგან ბჭეთა ქალწულებისათა, ეგერთვე აღდგა დაბეჭდულისაგან საფლავისა და იქმნა პირმშო შესუენებულთაჲ მეუფე ქრისტე. ვითარცა იშვა რაჲ, არა დაჰხსნა ქალწულებაჲ დედისაჲ, ეგრეთვე აღდგა რაჲ, არა შეძრნა ბეჭედნი საფლავისანი. ვერცა შობისა მისისა ძალმიც სიტყვით გამოთქუმად, ვერცა შჯულსა ამას და წესსა აღდგომისასა მივწუთები თქუმად. წმ. იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ
* * * აი დადგა წმიდა აღდგომა. ვიყოთ ყურადღებით, რომ ეს დღესასწაული ნათლად და ღვთივსათნოდ გავატაროთ, რადგან ეს პასექი ღვთის განგებულების პირველი და უდიდესი საჩუქარია. კეთილკრძალულების საშუალებით ჩვენი სხეული ისე მოვთოკოთ, რომ საკვების ცვლილების მიუხედავად, არ შეიცვალოს ჩვენი სულიერი მდგომარეობა.
სულს უხარია პასექის დადგომა, რადგან მას მისთვის სიმშვიდე და მრავალი შრომის შემსუბუქება მოაქვს. * * * ქრისტეს აღდგომიდან 50 წლის შემდეგ ქრისტიანები ისე მრავალრიცხოვანნი იყვნენ, რომ რომის იმპერატორ ტრაიანეს აღმოსავლეთის არმიაში 11 000 ქრისტიანი მსახურობდა. მან უკლებლივ ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯა... რომის იმპერატორები – მსოფლიოს მბრძანებლები, სიძულვილითა და უმოწყალობით ამხედრდნენ ქრისტიანობის წინააღმდეგ. არც კელტებს, არც მარკომანებს, არც ატილას და არც გენსერიკს არ გაუჟლეტიათ იმ რაოდენობის მოსახლეობა რომის იმპერიაში, რამდენიც რომის იმპერატორებმა – ქრისტიანთა მდევნელებმა გაჟლიტეს. სამი საუკუნე გრძელდებოდა სისხლიანი ბრძოლა მგლებსა და კრავებს შორის. ერთნი მოქმედებდნენ მახვილით, ცეცხლით, მხეცებით, დახუთული საპყრობილეებით, შიმშილითა და წყურვილით, წამებისა და მკვლელობის ყველანაირი საშუალებით; მეორენი იბრძოდნენ სულიერი ძალით, რწმენის ძალით, ღვთის ძალით, ითმენდნენ უსაშინლეს ტანჯვას, დიდსულოვნად კვდებოდნენ სარწმუნოებისთვის. სამ საუკუნოვანი ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა... უწიგნურ მეთევზეთა მოძღვრების წინაშე ქედი მოიდრიკეს ამა ქვეყნის ძლიერებმაც და სწავლულებმაც; ყველა ერმა მოიდრიკა ქედი. ჯვარი, რომელიც მანამდე საძაგელი სასჯელის ნიშანი იყო, უმაღლესი პატივის ნიშანი გახდა: მას თავზე და მკერდზე ატარებენ მეფენი და მღვდელმთავარნი; ის აგვირგვინებს ჭეშმარიტი ღმერთის ტაძრებს; ის თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ნიშანია, მისი სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის ნიშანი. ვინ არ აღიარებს ქრისტიანობის დამკვიდრებაში ღვთის ნებას, ღვთის ძალას, ღვთის მოქმედებას, რომელიც აღემატება ადამიანურ ძალასა და გონებას? აღსრულდა შეუძლებელი, ზებუნებრივი, აღსრულდა საქმე ღვთისა. ასეთად წარმოდგება ქრისტიანობა ზოგა-დად. ქრისტიანობის უფრო დაწვრილებით შესწავლას მივყავართ მისი ღვთაებრიობის უფრო გარკვეულ რწმუნებამდე. ყველაზე ძლიერი დარწმუნება ჩნდება სახარებისეული მცნებების მიხედვით ცხოვრებისაგან, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „მცნებათა შენთაგან გულისხმავყავ" (ფსალმ. 118,104). მცნებების აღსრულების შედეგად წარმოშობილი დარწმუნება ადამიანის სულში მოქმედებს – ის ყველა გარეგან დარწმუნებაზე ძლიერია. სახარებისეული მცნებები ამშვიდებენ, აცოცხლებენ, ამტკიცებენ სულს. ის, ვინც იგრძნობს სულში მათ მოქმედებას, მოიპოვებს უფალ იესო ქრისტეს ცოცხალ რწმენას და გამოხატავს უფლის წინაშე გულის საწინდარს გადაწყვეტილი და მტკიცე აღიარებით: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. და ჩუენ გურწმენა და გვიცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ" (იოან. 6,68-69). „მოყვენ თითნი შენნი" – ეუბნება მაცხოვარი რწმენაში მერყევ მოწაფეს, მოწაფეს, რომელიც საგონებელშია ჩავარდნილი ღვთის საქმეთა დიდებულების წინაშე – „მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ" (იოან. 20,27). „ხელი შემახეთ მე და იხილეთ" (ლუკა 24,39) – დაიწყეთ მოქმედება ჩემი მცნებების მიხედვით, ხელი შემახეთ ცხოვრებით, რომელიც თანხმობაშია ჩემს ნებასთან, – და მიხილავთ მე, უხილავს, მიხილავთ თქვენი სულის სულიერი შეგრძნებით; ყოველი, ვინც ამგვარად შემეხება, დარწმუნდება ჩემში და ჩემი შეცნობით აღფრთოვანებული შესძახებს ჩემს საყვარელ მოციქულთან ერთად: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" ამინ.
წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |