მთავარი > კალენდარი, წმ. თამარ მეფე, მთავარი გვედის ფოტო > 31 იანვარი (ახ. სტ.) - მიცვალება კეთილმსახურისა მეფისა თამარისა

31 იანვარი (ახ. სტ.) - მიცვალება კეთილმსახურისა მეფისა თამარისა


30-01-2024, 12:30
 

 

  
   31 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მეფის თამარის მიცვალებას აღნიშნავს.   
   გამეფებისთანავე თამარის სამეფო საქმიანობის თვალსაწიერში სასულიერო ცხოვრება მოექცა. წმინდა მეფე ხედავდა, რომ „მართლმადიდებლობასა ზედა შემოთესილნი თესლნი ბოროტნი" ხელს უშლიდნენ ქვეყნისა და ერის ზნეობრივ წინსვლას. თამარმა, ამ მიზნით იერუსალიმიდან გამოიწვია ნიკოლოზ გულაბერისძე, რომელიც „სიმდაბლისა ძალითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოსობისაგან" და 1185 წ. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც შეკრიბა მთელი სამეფოს მღვდელმთავარნი, მონაზონნი, მეუდაბნოენი, და „მეცნიერნი სჯულისა საღმრთოსანი". სამეფო დარბაზში გამართულ კრებაზე მეფე მიბრძანდა და სიტყვა წარმოსთქვა: „წმიდანო მამანო, თქვენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძღურად ჩუენდა და მმართებელად წმიდისა ეკლესიისა და თანა გაც სიტყჳსა მიცემა სულთათჳს ჩუენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განჴადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის ბრძოლობისა. ნუ თუალ-ახუამთ მთავართა სიმდიდრისათჳს, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათჳს. თქუენ სიტყჳთა, ხოლო მე საქმით... ზოგად ჴელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებლად, რაჲთა არა ზოგად ვიზღჳვივნედ: თქუენ ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა ებგური". მამები აღფრთოვანდნენ გონიერი მეფის სიტყვებით, თვით მეფემ კი სამღვდელო პირთა მიმართ დედაკაცური კრძალვის გამო „მიიღო კურთხევა მათგან და წარვიდა პალატად თჳსად". ბრძენი მეფის თანადგომით განმხნევებულმა მამებმა მრავალი უღირსი ღმრთისმსახური გადააყენა და მათ ნაცვლად „საღმრთონი კაცნი დაადგინა" და „სხუანი საეკლესიონი წესნი განმართა უდებთა მიერ დაჴსნილნი" (კრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა მიქაელ მირიანისძის კათოლიკოსობიდან გადაყენება, რაც ვერ მოხერხდა).
  მეფე თამარი ღმრთისმოსავობითაც გამორჩეული იყო და ქვეყნის წარმატებების შესაბამისად „შეუმატებდა ღმრთისმსახურებასა" და ეკლესია-მონასტერთა კაზმასა და შენებასა (ფიტარეთი, ქვაბთახევი, ბეთანია...). იგი ციხე-კოშკებს და ეკლესიებს აგებდა არა მარტო წმინდა ადგილებში, არამედ მის მიერ შემოერთებულ და ყმადნაფიც ქვეყნებშიც (ჩრდილო კავკასიაში, დღევანდელ აზერბაიჯანსა და სომხეთში) და ღირსეული წინაპრების მსგავსად, დიდ დახმარებას უწევდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ არსებულ ეკლესია - მონასტრებს, განსაკუთრებით კი იერუსალიმის სავანეებს. 
   წმინდა მეფემ სამეფო კარისთვის აუცილებელი წესი დაადგინა: თვითონაც პალესტინის მონასტერთა ტიპიკონით ლოცულობდა და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვდა... „დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერავინ დააკლდებოდა: მწუხრი, დილეულ, სამხრი, ვითარცა თქმულ არს". ღმრთივგანბრძნობილმა მეფემ სასტიკად აკრძალა სიკვდილით დასჯა და სხეულის დასახიჩრება, მიუხედავად ამისა მის სამფლობელოში აღარავინ მტაცებლობდა და აღარც მეკობრეობდა. 
   ერთხელ წმინდა მეფე სადღესასწაულო წირვაზე აპირებდა წასვლას გელათში და სამეფო შემოსაკრავზე ლალებს იმაგრებდა, როდესაც მოახსენეს რომ მათხოვარი მოწყალებას ითხოვდა. მან ბრძანა, რომ დალოდებოდა, მაგრამ როცა პალატიდან გასულმა დედაკაცი ვეღარ იპოვა და შეცბუნებული საკუთარ თავს საყვედურობდა, რომ ამ ღარიბი დედაკაცის სახით უარი უთხრა თვით უფალ იესო ქრისტეს. ამიტომ მოიხსნა სამეფო შესაკრავი - და ხახულის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატს შესწირა. 
  ამდენმა შრომამ, ღვაწლმა, საფიქრალმა, ამდენმა ცრემლთა დენამ, გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ და მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ ჯანმრთელობა შეურყია თამარს და ნაჭარმაგევს, თავის საზაფხულო რეზიდენციაში ყოფნისას გამოაჩნდა მძიმე სენი. დიდხანს მალავდა და არ ამხელდა ავადმყოფობას დიდსულოვანი მეფე-ქალი, რადგანაც სხვის შეწუხებას ერიდებოდა, მაგრამ როდესაც ავადმყოფობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა, იძულებული გახდა გაემხილა თავისი უძლურება. თვითონვე ბრძანა მწარე ღიმილით: „დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მხედრობათა არა თავს იდვა შეუმთხვეველად მიშვება აგებულებისა". ნაჭარმაგევიდან თბილისს ჩამოიყვანეს მეფე, შემდეგ კი ხშირი ტყით დაფარულ მთაში წაიყვანეს - იქნებ ტყის სიმშვიდემ არგოსო, მაგრამ ვინაიდან „დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო", ისევ თბილისის მახლობლად მიიყვანეს „აგარათა ციხესა". ვერანაირმა მკურნალობამ ვერ უშველა თამარს, ამაო აღმოჩნდა „მკურნალთა ხელოვნება". მთელი საქართველო ლოცულობდა და ლიტანიობდა „ცრემლთა დინებანი იხილვებოდა მდიდართა და გლახაკთანი სწორებით" - თამარის გადარჩენას შესთხოვდნენ ღმერთს, „გარნა მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომაჲ შეუძლებელ იყო". როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თამარმა მოიწვია სამეფოს წარჩინებული პირები, ძალ-ღონე მოიკრიბა და მიმართა მათ: „ძმანო ჩემნო და შვილნო! მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინელესისა უფროჲს მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი. თქუენ ყოველნი თჳთ მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი, და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე თვითეულისაებრ არზანგისა (პატივი), ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკჳრველითა. გევედრები ყოველთა, რაჲთა მარადის კეთილთა შინა იყვნეთ მაჴსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკჳდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით ჩემ წილ და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი". შემდეგ მაცხოვრის ხატს და ცხოველმყოფელ ჯვარს შეავედრა საქართველო, მშვიდობა უსურვა ყველას, უკანასკნელად შეავლო თვალი ერთგულ ქვეშევრდომებს, სასოებით გადაისახა პირჯვარი და წარმოსთქვა: „ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულთა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა" და „მშვიდობით დაიძინა სარეცელსა ზედა თჳსსა" (1210 წლის 27 იანვარს). სარწმუნოებისა და მამულისათვის დამაშვრალმა მეფემ უფალს შეავედრა ჯერ ქვეყანა, რომლისთვისაც ასე თავდაუზოგავად იღვწოდა, მერე ხალხი, რომელსაც დედობრივი მზრუნველობით პატრონობდა, შემდეგ საკუთარი შვილები და სულ ბოლოს თავისი სული. ესეც არის ალბათ გასაღები თამარის წარმატებული მეფობისა. თავისთავად ამგვარი დამოკიდებულებისთვის, ასეთი ცხოვრების წესისათვის დაჯილდოვდა იგი ამქვეყნად მორჭმული მეფობით და იმქვეყნად - წმინდანთა დასის წევრობით.
  დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ თამარის გარდაცვალება. ძაძით შეიმოსა დიდი და პატარა, ყველა მუხლს იყრიდა მისი კუბოს წინაშე. მათი გოდება იყო მსგავსი „მოოხრებისა იერუსალიმისანი იერემიას მიერ მგოდებელისა". თამარის წმინდა ცხედარი ჯერ მცხეთაში დაასვენეს, ხოლო შემდეგ გელათში გადააბრძანეს და თავის სახელოვან წინაპრებთან ერთად მეფეთა სამარხში დაკრძალეს. საიდუმლოებითაა მოცული თამარის საფლავის ადგილსამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო მის საძვალედ კვლავ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.
 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება