მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, სიმდაბლე > სიმდაბლის შესახებ
სიმდაბლის შესახებ16-02-2014, 00:05 |
ამბა ანტონიმ უთხრა ამბა პიმენს: კაცის ღვაწლი იმაში მდგომარეობს, რომ ღვთის წინაშე თავს იდოს საკუთარი ცოდვა და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე განსაცდელს ელოდოს.
* * * ამბა ანტონიმ კვლავ თქვა: მე სატანის ყველა მახე ვიხილე, მთელს დედამიწაზე გაშლილი და ოხვრით ვთქვი: ვინ დააღწევს მათ თავს? და მომესმა ხმა: მდაბალნი.
* * * ამბა არსენის შესახებ ამბობდნენ: როგორც მეფის კარზე ყოფნისას მასზე უკეთეს სამოსს არავინ ატარებდა, ასევე ტაძარში მასზე უარესი სამოსი არავის ეცვა.
* * * ბერმა თქვა: ცხონების საწყისი საკუთარი თავის შეცნობაა.
* * * ამბა ისაიამ თქვა: საკუთარი თავის შეგნებულად ღვთის წინაშე განრთხმა და მცნებებისადმი სიმდაბლით დამორჩილება შობს სიყვარულს, სიყვარული - უვნებობას.
* * * იოანე კოლოვმა თქვა: სიმდაბლე კარია ღვთისკენ; ჩვენი მამები უამრავი მწუხარებებით, გახარებულნი შევიდნენ ღვთის ქალაქში.
* * * კიდევ თქვა: სიმდაბლე და ღვთის შიში ყველა სათნოებაზე უმაღლესია.
* * * ამბა მოსემ თქვა: ვისაც სიმდაბლე აქვს, დემონებს ამდაბლებს, ხოლო ვისაც სიმდაბლე არა აქვს, მათი დასაცინი ხდება.
* * * კიდევ თქვა: მხოლოდ მდაბლად კი ნუ ილაპარაკებ, არამედ სიმდაბლით იცხოვრე, რადგან სიმდაბლის გარეშე საღვთო ღვაწლში ვერ წარემატები.
* * * ამბა პიმენმა თქვა: კაცისთვის ყოველთვის აუცილებელია სიმდაბლე და ღვთის შიში, როგორც სუნთქვა, მისი ნესტოებიდან გამომავალი.
* * * კიდევ თქვა: ღვთის წინაშე განრთხმა არ არის ფასეული. საკუთარი ნების დატევება - აი, სულიერი ღვაწლი.
* * * კიდევ თქვა: თავად ნუ შეაფასებ საკუთარ თავს, არამედ მას მიეწებე, ვინც კარგად ცხოვრობს.
* * * კიდევ თქვა: თუ კაცი თავის წოდებას დაიცავს, არ შეშფოთდება.
* * * ამბა პიმენის შესახებ ამბობდნენ: მას არასოდეს სურდა სხვა ბერის სიტყვაზე მეტი ეთქვა, უფრო ხშირად სხვის ნათქვამს იწონებდა.
* * * ამბა იპერექიმ თქვა: სიმდაბლე არის ხე სიცოცხლისა, სიმაღლეში მზარდი.
* * * ბერმა თქვა: განსაცდელისას ნურასოდეს გაკიცხავ სხვას, მხოოდ საკუთარი თავი გაკიცხე და თქვი: ეს ჩემი ცოდვების გამო მომეგო.
* * * ბერს ჰკითხეს: რა არის სიმდაბლე? მან თქვა: როდესაც ძმა შენს წინააღმდეგ შესცოდავს და მანამ აპატიებ, სანამ შენს წინაშე შეინანებდეს.
* * * ბერმა თქვა: მსურს სიმდაბლით დამცირება, ვიდრე ქედმაღლობით გამარჯვება.
* * * ბერმა თქვა: თუ ვინმე სიმდაბლით ამბობს: შემინდე! - დემონებს წვავს.
* * * ბერმა თქვა: მიჯობს განვისწავლო, ვიდრე განვსწავლო.
* * * კიდევ თქვა: ნუ ასწავლი დროზე ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ცხოვრება გონებამწირი იქნები.
* * * ერთი მონაზონი შეურაცხყვეს. შეურაცხყოფილმა ქედი მოიდრიკა შეურაცხმყოფელის წინაშე.
* * * ბერმა თქვა: ის, ვისაც აქებენ, უნდა ფიქრობდეს საკუთარ ცოდვებზე, და იმაზე, რომ უღირსია იმ სიტყვებისა, რასაც მასზე ამბობენ.
წიგნიდან „ძველი პატერიკი" უკან დაბრუნება |