მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > შემუსვრილების შესახებ

შემუსვრილების შესახებ


11-02-2014, 00:05
შემუსვრილების შესახებ

 

   ამბა არსენის შესახებ ამბობდნენ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც ხელსაქმეს უჯდა, უბეში ცხვირსახოცი ჰქონდა ცრემლის მოსაწმენდად, თვალთაგან რომ სდიოდა.


 

 

* * *


ამბა ილიამ თქვა: სამი რამის მეშინია: როდესაც სული სხეულს დატოვებს, როდესაც უფლის წინაშე წარდგომა მომიწევს და როდესაც ჩემი საბოლოო მსჯავრი წარმოითქმის.

 

 

* * *


ამბა ისაია ამბობდა: მდუმარებაში მყოფს უნდა ჰქონდეს შიში ღვთისა, შიში ღვთის წინაშე წარდგომისა, რაც მთელ მის არსებას უნდა მსჭვალავდეს; რადგან როდესაც ცოდვა იზიდავს ადამიანის გულს, მასში ჯერ კიდევ არაა შიში ღვთისა.

 

 

* * *


ამბა პეტრე ამბობდა: როდესაც მას (ისაიას) ვკითხე, რა არის ღვთის შიში, მიპასუხა: ადამიანს, რომელიც მავანის იმედადაა და არა უფლისა, ღვთის შიში არა აქვს.

 

 

* * *


ნეტარმა თეოფილე არქიეპისკოპოსმა სიკვდილის მოახლოებისას თქვა: ნეტარ ხარ შენ, ამბა არსენი, რომ მუდამ გახსოვდა ეს წუთი.

 

 

* * *


მამა იაკობმა თქვა: როგორც სანთელი ანათებს ბნელ ოთახს, ასევე ღვთის შიში ადამიანის გულში ჩასახლებისას განანათლებს მას და განსწავლის ყველა სათნოებასა და უფლის მცნებაში.

 

 

* * *


ამბა მოსემ თქვა: თუ ხორციელი ვნება გვამარცხებს, ნუ დაგვეზარება მოვინანიოთ და გამოვიგლოვოთ საკუთარი თავი მანამ, სანამ სამსჯავროს გოდება წამოგვეწეოდეს.

 

 

* * *


კიდევ თქვა: ცრემლებით ადამიანი სათნოებებს მოიხვეჭს; ცრემლებით ცოდვათა დატევებას შეძლებს. ამიტომ როდესაც იგლოვ, სულთქმით ხმას ნუ აიმაღლებ, ნუ ეცოდინება შენს მარცხენას, რას აკეთებს მარჯვენა. მარცხენა ნიშნავს ცუდმედიდობას.

 

 

* * *


მამა პიმენმა თქვა: გლოვას ორნაირი სარგებელი მოაქვს: წარმოშობს და იცავს სათნოებებს.

 

 

* * *


ძმამ ჰკითხა ამბა პიმენს: რა უნდა გავაკეთო? ბერმა უპასუხა: ღმერთი რომ გვეწვიოს, რაზე უნდა ვიზრუნოთ? - საკუთარ ცოდვებზე, - უპასუხა ძმამ. ბერმა მიუგო: წავიდეთ ჩვენს სენაკებში, ვისხდეთ იქ, საკუთარ ცოდვებზე ვიფიქროთ, და უფალი ყოველივეში შეგვეწევა.

 

 

* * *


ძმამ ჰკითხა ამბა პიმენს: რა ვუყო საკუთარ ცოდვებს? ბერმა უთხრა: ვისაც ცოდვათაგან განწმედა სურს, ცრემლით განიბანს მათ.

 

 

* * *


ამბა პიმენმა თქვა: გლოვა არის გზა, ნაჩვენები წმიდა წერილისა და ჩვენი მამების მიერ, რომლებიც ამბობდნენ: იგლოვეთ, ამ გზის გარდა სხვა არ არსებობს.

 

 

* * *


ამბა იპერექი ამბობდა: მონაზონი დღედაღამ შრომობს, მღვიძარებს და ლოცულობს, მოწყლავს საკუთარ გულს, ცრემლს ღვრის და ზეციურ წყალობას გამოითხოვს.

 

 

* * *


ბერმა დაინახა ერთი მოცინარი და უთხრა: ცისა და მიწის წინაშე ღმერთს პასუხი უნდა მივაგოთ მთელი ჩვენი ცხოვრების გამო, შენ კი იცინი!

 

 

* * *


ბერმა თქვა: როგორც საკუთარ ჩრდილს დავატარებთ ყველგან, ასევე ყველგან უნდა ვიგლოვდეთ და შემუსვრილნი ვიყოთ.

 

 

* * *


ძმამ ჰკითხა ერთ ბერს: ამბა, მითხარი სიტყვა. ბერმა მიუგო: როდესაც უფალმა ეგვიპტე შემუსრა, სახლი არ დარჩენილა, სადაც არ იგლოვდნენ.

 

 

* * *


ბერმა თქვა: სენაკში ყოფნისას ყოველ წუთს გახსოვდეს ღმერთი და ღვთის შიში შემოგერტყმის გარს. ყოველი ცოდვა და ბოროტება განაშორე სულს, რათა სიმშვიდე მოიპოვო.

 

 

* * *


კიდევ თქვა: ღვთის შიში მომხვეჭი სათნოებათა სისრულეს ფლობს. რადგან შიში ღვთისა ადამიანს ცოდვისგან იხსნის.

 

წიგნიდან  „ძველი პატერიკი"


უკან დაბრუნება