მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წმ. კირილესა და ნეტ. თეოდორიტეს სწავლებები მეინდორფისეული ინტერპრეტაციის მიხედვით - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
წმ. კირილესა და ნეტ. თეოდორიტეს სწავლებები მეინდორფისეული ინტერპრეტაციის მიხედვით - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე10-11-2024, 00:52 |
დეკანოზი ი. მეინდორფი თავის ნაშრომში „ანთროპოლოგია და პირველქმნილი ცოდვა", როგორც წინა თავში მოგახსენეთ, ორი წმინდანის ტექსტთა (კირილესა და თეოდორიტეს) ამონარიდებს იშველიებს იმის დასადასტურებლად, რომ ადამის ცოდვა მხოლოდ პირადად მისი, ინდივიდუალური ცოდვაა, და რომ არ არსებობს კავშირი პირველქმნილ ცოდვასა და სიკვდილს შორის. ი. მეინდორფთან ვკითხულობთ ნეტ. თეოდორიტე კვირელის სიტყვას: „რადგან ადამი უკვე იმყოფებოდა სასიკვდილო განჩინების ქვეშ, ამ მდგომარეობაში დაიბადა კაენი, სეითი და სხვები, ამიტომ ყველანი, დაიბადნენ რა სიკვდილმისჯილნები, ჰქონდათ მოკვდავი ბუნება. ადამიანის ასეთ ბუნებას კი ბევრი რამ სჭირდება: საკვები, სასმელი, სამოსი, თავშესაფარი და სხვადასხვა რამ. ამ ყველაფრის მოთხოვნილება აღიზიანებს ვნებებს, იკარგება ზომიერება, ეს ყველაფერი კი ბადებს ცოდვას, ამიტომ ღვთაებრივი მოციქული ამბობს, როცა ადამმა შესცოდა და ამის გამო გახდა მოკვდავი, ერთიც და მეორეც გავრცელდა მთელ შთამომავლობაზე".1 აქ ი. მეინდორფი ცდილობს წარმოგვიჩინოს შემდეგი სურათი: ადამი თავისი პირადი ცოდვის გამო „იმყოფება სიკვდილის განჩინების ქვეშ", „ამიტომ ყველანი სიკვდილმისჯილნებად იბადებიან", „მოკვდავი ბუნება ბევრ რამეს საჭიროებს, ამიტომ იკარგება ზომიერება და ეს ყველაფერი ბადებს ცოდვას". აშკარაა, პარიზელი ცდილობს ნეტ. თეოდორიტეს სიტყვებში რაიმენაირად დამალოს ადამის ცოდვა (მასში ბრალეულობა) და მხოლოდ მოკვდავობას დააბრალოს დანარჩენი ადამიანების ცოდვილობა. მაგრამ ნეტ. თეოდორიტე აი, როგორ განაგრძობს: „ამიტომ ღვთაებრივი მოციქული ამბობს, როცა ადამმა შესცოდა და ამის გამო გახდა მოკვდავი, ერთიც და მეორეც გავრცელდა მთელ შთამომავლობაზე". ამრიგად, ნეტ. თეოდორიტეს აზრით, „როცა ადამმა შესცოდა და ამის გამო გახდა მოკვდავი", არა მხოლოდ „ერთი" – „სიკვდილი", არამედ „მეორეც" – „ადამის ცოდვა" – „გავრცელდა მთელ შთამომავლობაზე". მართალია, თეოდორიტე არ აკონკრეტებს „ერთის" და „მეორეს" რაობას, მაგრამ ცხადია, ნეტარი ყველასათვის საერთო ცოდვას მოიაზრებს, ვით მიზეზს სიკვდილით სასჯელისა, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ ადამში. თავდაპირველად გაჩნდა მიზეზი - ადამის ცოდვა, შემდეგ შედეგი ცოდვისა - მოკვდავობა. მეორე ვერ იმოქმედებს პირველის გარეშე. სწორედ ამ აზრს გამოხატავს ნეტ. თეოდორიტე თავის განმარტებაში: „εφψ" - ნიშნავს სიკვდილს, რადგანაც (რომ. 5. 12), იმიტომ რომ, ყველამ შესცოდა, თითოეული მათგანი თავისი საკუთარი შეცდომებით ღებულობს სიკვდილის შედეგებს და არა წინასწარი ცოდვის გამო".2 ამრიგად, პავლე მოციაული ამბობს: „ამისთვის, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა შესცოდეს". ნეტ. თეოდორიტესთან, (ყოველ შემთხვევაში ქართულ თარგმანში) ვკითხულობთ: იმიტომ, რომ ყველამ შესცოდა", მაგრამ გამოტოვებულია სიტყვა „რომლითა", რაც ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს: რომელი ცოდვით შესცოდა ყველამ, ე.ი. ადამის პირადი ცოდვით. გასარკვევი რჩება, რას გულისხმობს თეოდორიტე სიტყვებში: „თითოეული მათგანი თავისი საკუთარი შეცოდებით ღებულობს სიკვდილის შედეგებს და არა წინასწარი ცოდვის გამო". საინტერესოა, რას გულისხმობს იგი, როდესაც ამბობს, „საკუთარი შეცდომებით ღებულობს სიკვდილის შედეგებს". წმ. იოანე ოქროპირთან ვიხილეთ, რომ სიკვდილი სწორედაც პირველი ადამიანის ცოდვით შემოვიდა. დავუშვათ, ადამიანმა ამქვეყნიური ცხოვრების დროს არ შესცოდა (მაგალითად, ჩვილები), ვისი ცოდვის მიზეზით „ღებულობს სიკვდილის შედეგებს"?! ცხადია, ადამის. სწორედ ადამის ცოდვამ - „პირველი" მხოლოდ „მეორეთი" – „რაც აღიზიანებს ვნებებს" (საკვები, სასმელი, სამოსი, თავშესაფარი...). სწორედ ადამის ცოდვამ მისცა ბიძგი დასნეულებასა და მოქმედების ნება ზომიერების დაკარგვას. ამიტომ ახლა ჩვენი ნებაც იოლად მიიდრიკება ცოდვისაკენ და მერყეობს ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ასე რომ, რაც არ უნდა ეცადოს ი. მეინდორფი თარგმანების მანიპულირებით, წმ. მამათა სწავლების ირიბი განმარტების გზით დაარწმუნოს მკითხველი, „ადამმა შესცოდა, ჩვენ რა შუაში ვართო", ფუჭი მცდელობაა; თუკი მოციქულის ნათქვამებს შევაჯამებთ, მაინც არ გამოდის სხვა აზრი, გარდა იმისა, რომ: ცოდვა სწორედ ერთის მეშვეობით შემოვიდა სამყაროში, ხოლო ცოდვით (ადამის) - სიკვდილი. ცოდვა იღებს სიკვდილის კარიბჭეს თუკი ის (სიკვდილი) შემოვიდა ყველაში, შესაბამისად, ყველას წინუძღოდა ცოდვაც. ამრიგად, ადამში ყველამ შევცოდეთ.
* * * დეკანოზი ი. მეინდორფი საკუთარ კონცეფციას აგებს ასევე წმ. კირილე ალექსანდრიელის სიტყვაზე. ამ მხრივ დამახასიათებელია წმინდანის შემდეგი მოსაზრება: „ადამი შეიქმნა უხრწნელებისა და მარადიული ცხოვრებისათვის. სამოთხეში ის წმიდად ცხოვრობდა. მისი გონება მუდამ ღმერთს ჭვრეტდა, სხეული უვნებელობასა და სიმშვიდეში იმყოფებოდა. სხეული ყოველგვარი უგუნური ტკბობისაგან თავისუფალი იყო. მას არ აღელვებდა ცოდვიანი მისწრაფებანი, მაგრამ როდესაც დაეცა და დაემორჩილა ხრწნილებას, ტკბობამ და უწმინდურობამ შეაღწია მის სხეულში. ჩვენი სხეულის ნაწილებში ცხოველურმა კანონმა იჩინა თავი. ადამის ურჩობის გამო, ჩვენი ბუნება ცოდვით დაავადდა. ამის შედეგად ბევრი „ცოდვიანი შეიქმნა" (რომ. 5. 19), არა იმიტომ, რომ ადამის ცოდვა გაინაწილეს, რადგანაც ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ ამ ქვეყნად, არამედ იმიტომ, რომ მიიღეს მისი ბუნება, რომელიც ცოდვას დაემორჩილა".3 წმ. კირილე ალექსანდრიელის, ისევე როგორც თეოდორიტე კვირელის ღვთისმეტყველებაში ორივე - ორთოდოქსული და სინერგიული სწავლებაა გამოვლენილი. აქაც, ერთი მხრივ, ვკითხულობთ: „ჩვენი სხეულის ნაწილებში ცხოველურ კანონმა იჩინა თავი. ადამის ურჩობის გამო ჩვენი ბუნება ცოდვით დაავადდა". მეორე მხრივ, იქვე წერია: „არა იმიტომ, რომ ადამის ცოდვა გაინაწილეს"... ვფიქრობთ, რომ გამოვლენილი ორაზროვნება თავად ალექსანდრიისა და ანტიოქიის სკოლებში ამ საკითხზე (არამხოლოდ) არსებულმა ბუნდოვანებამ გამოიწვია. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან, მართებული განმარტების შემთხვევაში მრავალ საღვთისმეტყველო (დოგმატურ) საკითხზე გაეცემა ორთოდოქსული პასუხი. თუკი ავგუსტინელობას, ვით ორთოდოქსულ ფუნდამენტალიზმს, ესაჭიროებოდა ნებისმიერ ფასად გაემყარებინა საეკლესიო დოგმატიკაში მოციქულებრივი სწავლება ადამიანის ტოტალური ცოდვისმიერობის (ადამის ცოდვის გამო) შესახებ, გაცილებით უფრო ჰუმანისტური განწყობებით გამოირჩეოდა აღმოსავლური სკოლების ღვთისმეტყველება. ალექსანდრიის სკოლას ეტყობა ორიგენესა და ევაგრეს თეზების ზეგავლენა, ხოლო ანტიოქიის სკოლას - თეოდორე მოფსუესტელისა. ამიტომ არ გამოვრიცხავთ მათ ზეგავლენას წმ. კირილესა და ნეტ. თეოდორიტეს ღვთისმეტყველებაზე. ამდენად, იმის თქმა, რომ იმ დროის, იმ ეპოქის აღმოსავლური სკოლები უფრო მართლმადიდებლურია, ვიდრე დასავლური, მოდერნისტების მიერაა თავსმოხვეული. ის რეალობაცაა გასათვალისწინებელი, რომ პელაგიანობისა და ორიგენიზმის დასავლელი რადიკალური წარმომადგენლები იულიანე ეკლანელი და ევაგრე პონტოელი აღმოსავლეთის მოჩვენებითი მოკავშირეები გახდნენ, რაკი ნეტ. ავგუსტინესა და კართაგენის „უკიდურესობების" მოწინააღმდეგეებად მოგვევლინნენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თეოდორე მოფსუესტელს (ერეტიკოსს) 418 წ. ეწვია იულიანე ეკლანუმელი, რის შემდეგაც თეოდორემ დაწერა ნაშრომი „თავდაპირველი ცოდვის დამცველთა წინააღმდეგ". მასში გაკრიტიკებულია ყველა, ვისი აზრითაც ადამიანის ბუნება არის ცოდვილი და ადამის ცოდვის ბრალეულობა ყველა ადამიანს გვაწევს. დავუბრუნდეთ პავლე მოციქულის სწავლებას, სადაც ის ამბობს „ადამში ყველა მოვკვდით", „ყოველთა შევცოდეთ" (სულიერად და ფიზიკურად), აქ უკლებლივ ყველა ადამიანი მოიაზრება, ისევე როგორც ქრისტეში ყველა მისი ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი მოიაზრება: „რამეთუ შჯულმან სულისა ცხოვრებისამან ქრისტე იესოს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკვდილისა... რამეთუ ზრახვა იგი ხორცთა სიკუდილი არს, ხოლო ზრახვაი იგი სულისა ცხორება არს და მშვიდობა" (იხ. რომ. 8. 1-9). ამრიგად, ნეოპელაგიანობა თავად პავლე მოციქულის სწავლებასთან მოდის წინააღმდეგობაში, ვინაიდან მათთან „ზრახვაი იგი ხორცთა" მხოლოდ იმათ გულისხმობს, ვისაც ინდივიდუალურად არ სურს „სულის ცხორება", და არა იმას, ვინც „არა ქრისტესია". ქრისტესნი მადლით არიან გამორჩეულნი - „რჩევით მადლითა მით" (რომ. 11. 5), რაც ნიშნავს: სულიერად და ფიზიკურად ადამში უკლებლივ ყველა ვკვდებით, ხოლო აღდგება კი „მცირედნი" (მცირე სამწყსო) ღვთის მადლით გამორჩეულნი. კვლავ პავლე მოციქულს მოვუსმინოთ: თუკი „ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ" (1 კორ. 15. 22), ხოლო „საგზალი ცოდვისა სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაი - ცხორებაი საუკუნო ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა" (რომ. 6. 23), გამოდის, რომ ყველა კვდება ადამში სწორედ რომ ადამის ცოდვის გამო. ხოლო ცხონების მსურველებს არ ტოვებს უნუგეშოდ, რათა ასეთებმა (და არა ყველამ) „ცხორება საუკუნო" დაიმკვიდრონ. ი. მეინდორფთან (ისე როგორც ყველა ნეოპელაგიანელთან) წმ. მამათა ისეთი ამონარიდებია გამოყენებული, ორაზროვანი განმარტების საშუალებას რომ იძლევა. მოდერნისტი კი მხოლოდ ერთზე აკეთებს აქცენტს: ყველას დასჯა სიკვდილით მათ კონცეფციაში აღიარებულია, ხოლო მიზეზი ამ სასჯელისა - უარყოფილი. რატომ? იმიტომ რომ, თავად ცოდვის გადაცემა ადამიდან ყველა შთამომავალზე (ე.ი. დანაშაული, ბრალი) არის ნიველირებული, რაც სრული უაზრობაა. საკვანძო საკითხი კი არის შემდეგი: „როდის მოკვდა ადამი? - ნეოპელაგიანელების აზრით ეს მოხდა ცოდვით დაცემიდან ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ვინაიდან მოდერნიზმი უარყოფს სულიერ სიკვდილს და სურს „ყველას სიკვდილი ადამში" განმარტოს, ვით სიკვდილი მხოლოდ სხეულისა. წმ. წერილის თანახმად ადამმა, როგორც კი დაარღვია მცნება (შექმნა. 2. 17), იმავე „დღეს" მოკვდა. ამრიგად, წმ. წერილი, ვით განცხადებული ჭეშმარიტება, პირველ რიგში საუბრობს სულიერ სიკვდილზე. მასში კი იგულისხმება, რომ ცოდვის ჩადენის შედეგად ადამს მყისიერად წაერთვა მადლი. სწორედ ეს - სულიერი სიკვდილი მიიღო მემკვიდრეობით მისმა მთელმა შთამომავლობამ, ხოლო სხეულით ხრწნა და სიკვდილი სულიერი სიკვდილის შედეგია.
1დეკანოზი ი. მეინდორფი. ანთროპოლოგია და პირველქმნილი ცოდვა. By Orthodox Theology. 2იქვე. 3იქვე. მეინდორფთან.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |