მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > რწმენა არ არის უპირობო განსაზღვრება - დავით ჯინჭარაძე

რწმენა არ არის უპირობო განსაზღვრება - დავით ჯინჭარაძე


13-06-2024, 14:16

რწმენა არ არის უპირობო განსაზღვრება - დავით ჯინჭარაძე


                                                                "თვინიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაი" ( ებრ. 11:6)


   დღეს, როგორც არასდროს მართლმადიდებლურად მონათლულ ქრისტიანთაგან გვესმის  რწმენის განსხვავებული ინტერპრეტაცია, და სიმართლე რომ ვთქვათ, მათი უმეტესობა პირდაპირ არამართლმადიდებლური სწავლების გამომხატველია. ეს ცნება თითქოს  ყველაზე მეტად გაყალბდა და დაკარგა თავისი ძირითადი მნიშვნელობა. ზოგისთვის იმის განმარტებაც გჭირდება, რომ ღვთის რწმენა რელიგიური ცნებაა.

   წმინდა ეკლესია მკაფიოდ განსაზღვრავს რწმენის საკითხს: ჩვენ გვწამს ისე, როგორც თავად მაცხოვარმა გვასწავლა ღვთისადმი რწმენა. მრწამსის ყოველგვარი ცვლილება მიიჩნევა ერესად ეკლესიის მიერ.

   ჩვენ ვიცით, რომ ჭეშმარიტი რწმენა ღვთის საჩუქარია, რომ უფალს ყველა ადამიანის ცხონება სურს, თუმცა ყველა ადამიანი არ არის მსურველი მიიღოს ჭეშმარიტება, არ  გამოხატავს ლტოლვას  და არ ეძიებს ჭეშმარიტებას. ამიტომ, მათ რწმენა არც გააჩნიათ, რადგან უფლისაგან მინიჭებული თავისუფალი ნებით არ მიიღეს იგი, უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ - უარყვეს ქრისტე.  თუმცა „ მორწმუნე’ ადამიანის სტატუსი შეინარჩუნეს.

   ასევე საგულისხმო და სამწუხაროა, რომ ბევრმა ვერ შეინარჩუნა სარწმუნოება მომრავლებულ საცდურთა გამო და დაკარგა ღვთისაგან მონიჭებული ეს უდიდესი მადლი. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, რომ ყველას ვერ ძალუძს რწმენა: „რწმენა მხოლოდ იმ სულს ძალუძს , რომელმაც თავისი ნება-სურვილით გადაჭრით უარყო ცოდვა და მთელი თავისი ნებითა და ძალით ღვთაებრივ სიკეთესკენ არის მიმართული".

   წმინდა მამა რწმენის გარკვეულ პირობებზე საუბრობს, რომელთა შესახებ არაფერი სმენია საზოგადოების დიდ ნაწილს : „თავგანწირვის გარეშე ადამაიანს რწმენა არა შეუძლია; მისი დაცემული გონება რწმენას ეწინააღმდეგება, კადნიერად მოითხოვს მის ქმედებებში ანგარიშსა და მის მიერ ადამიანთათვის გამოცხადებულ ჭეშმარიტებაში მტკიცებულებებს".  

   წმინდა ეგნატე ასევე გვასწავლის, რომ ადამიანი შეიძლება მოწყდეს რწმენას: „ხოლო , ვინც მოისურვებს გულის ან სხეულის ვნებები გააცოცხლოს, მათით დატკბეს , მოისურვებს თავისი დაცემული გონება გააცოცხლოს, იგი რწმენას წყდება."

   წმინდა მღვდელმთავარს ღირსი პაისი დიდის ცხოვრებიდან სარმუნოებრივი ორაზროვნების გამო  მადლის განშორების მაგალითი მოყავს: „ერთი ეგვიპტელი მეუდაბნოის მოსწავლემ ებრაელთან საუბრისას როგორც კი გულუბრყვილობით, ორაზროვანი სიტყვა წარმოსთქვა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, მაშინვე ნათლისღების მადლი განშორდა".

   შემდეგ მღვდელმთავარი გვასწავლის, თუ რა არის ცოცხალი რწმენა: „ცოცხალი რწმენა არის სულიერ სამყაროში . ღვთის სამყაროში მსვლელობა. მას არ შეუძლია დაჰყოს იმაში , რაც მიწიერ სამყაროს არის მიჯაჭვული, სადაც ხორცი და ცოდვა ბატონობს."

   რწმენის სახე, რომლითაც თანამედროვე „მორწმუნეები" ამაყობენ, წმინდა მამა  მკვდარ სარწმუნოებად ახასიათებს  და გვახსენებს სახარების სწავლებას, რომ ეშმაკებსაც სწამთ: „მკვდარი რწმენა ქრისტეს მხოლოდ არანებელობითი , გონებისმიერი დარწმუნებით აღიარება ეშმაკებსაც შეიძლება ჰქონდეთ! ასეთი რწმენა მორწმუნეთათვის მხოლოდ უმეტესი განკითხვის მიზეზი გახდება ქრისტეს სამსჯავროზე. ‘აჰა რაი არს ჩემი და შენი იესო ნაზარეველო".

   სახარება გვასწავლის , რომ რწმენა საქმეებით უნდა გამოიხატოს: „მიჩვენე მე სარწმუნოებაი შენი საქმეთაგან შენთა" (იაკ.2:18) აქ საინტერესო აზრს გამოხატავს წმინდა ეგნატე :„რწმენის საქმეებისადმი წინააღმდეგობა ამხელს უცხო სარწმუნოებრივ შეხედულებებს , რომლებიც ფარულად და დანაშაულებრივად ბუდობს ადამიანის გულში". ანუ , როგორც კი მცდარად სწამს ადამიანს, მისი საქმეები რწმენასთან წინაარმდეგობაში მოდის.

   რწმენისადმი  რაციონალისტური  მიდგომას მკაცრად ამხელდა წმინდა ეგნატე:  "წმიდა რწმენა, რომელზედაც იცინოდნენ და იცინიან რაციონლისტები, ეძახიან რა მას ბრმა რწმენას, იმდენად დახვეწილი და ამაღლებულია, რომ მისი ჩაწვდომა და სწავლება შესაძლებელია მხოლოდ სულიერი აზროვნებით. ამქვეყნიური აზროვნება წინააღმდეგობაშია მასთან”.

   იგი განაგრძობს: " მხოლოდ მაშინაა რწმენა წმიდა და ჭეშმარიტი, როდესაც იგი, მოტანილია დედამიწაზე განკაცებული ღმრთაებრივი ჭეშმარიტების, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ. ყოველგვარი სხვა რწმენა, გარდა რწმენა წმიდა ჭეშმარიტებისა, არის ცრურწმენა. ცრურწმენის ნაყოფი კი წარწყმედაა. ამგვარი რწმენა დაგმობილია ღვთისაგან: ასე სწამთ კერპთაყვანისმცემლებს თავიანთი კერპები, მუსულმანებს ცრუ-წინასწარმეტყველი მუჰამედი და ყურანი, მწვალებლებს თავიანთი ღვთის მგმობი დოგმატები და ერესიარქები, რაციონალისტებს ადამიანის დაცემული აზროვნება. ამგვარი რწმენით იწამებენ ანტიქრისტესაც მისი მიმდევრები”.

   დაბოლოს, მორწმუნეს არა უბრალოდ რწმენა, არამედ რწმენის აღმსარებლობაც ევალება: „გულსა გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხოვნებელად". (რომ 10. 9:10)

   "რომელსა ჰრწმენესი მისი , არა დაისაჯოს , ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს აწვე დასჯილ არს" . (იონ 3. 16-18).


დავით ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია

 


უკან დაბრუნება