მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > წარმართულ-ერეტიკულიდან ლიბერტანულ-მოდერნისტული „თავისუფლებისაკენ“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

წარმართულ-ერეტიკულიდან ლიბერტანულ-მოდერნისტული „თავისუფლებისაკენ“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


14-04-2024, 14:39

წარმართულ-ერეტიკულიდან ლიბერტანულ-მოდერნისტული „თავისუფლებისაკენ“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   „ადამიანის თავისუფალი ნების" შესახებ ლიბერტანული კონცეფციის მიმოხილვამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ მათი „თავისუფლება" რეალურად არის ადამიანის ნების ღვთის ნებისაგან გამიჯვნის (ავტონომიის) იდეოლოგია. ამიტომ აქვთ მათ სრული მიუღებლობა ყოველივესი, რაც საღმრთო შინაარსისაა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს „ტოტალური" ზეწოლაა ადამიანის „თავისუფალ არჩევანზე", „უფლებების შელახვაა" და ა.შ. ამიტომ კონსტიტუციურად („სამართლებრივად") უნდა „შეიზღუდოს ღვთის მონარქია", დაესვას წერტილი მის მრავალსაუკუნოვან მმართველობას.

   ასევე აღვნიშნეთ, რომ თავისუფლების ჰუმანისტური იდეები ელინური, ე.ი. წარმართული სამყაროს მსოფლხედვის საფუძველზეა აგებული. ამან, გარკვეულწილად, თავისი კვალი იმ პერიოდის ქრისტიანულ საღვთისმეტყველო სასწავლებლებსაც (ალექსანდრია, ანტიოქია) დაატყო. შედეგად, აქცენტები არა ღვთის მადლის მოქმედებაზე, არამედ ადამიანის თავისუფალ ნებაზე, ღვაწლზე, შემოქმედებაზე, უნარებზეა გამახვილებული, ღმერთი კი მხოლოდ აჯილდოვებს ადამიანის „შემოქმედებას". იმ ეპოქაში მსგავს ტენდენციას ღვთისმეტყველებმა „ანთროპოლოგიური მაქსიმალიზმი" უწოდეს, რამაც განავითარა ერესები: პელაგიანობა, აპოლინარობა, ნესტორიანელობა, ორიგენიზმი და სხვა. მათში ადამიანის ბუნებრივი პოტენციალი ზედმეტად ამაღლებული მნიშვნელობისაა, პირველქმნილი ცოდვით ადამიანის ბუნების დაზიანება კი მთლიანად ან ნაწილობრივ უგულებელყოფილია.

   ეკლესიის ისტორიის მანძილზე მრავალი ერეტიკული სწავლება გამოვლინდა. მათ აღმოჩენასა და მხილებას ათეული წლები, ხან საუკუნეებიც სჭირდებოდა. ამასობაში ერეტიკული ცრუსწავლებები მრავალი თაობის ქრისტიანზე, მათ შორის (კერძო აზრის გამოვლენის სახით) ხან წმინდანებზეც ახდენდნენ ზეგავლენას.

   ჭეშმარიტი და ყალბი ცნების აღრევას („სინთეზს") ყოველთვის მოჰყვებოდა საღვთისმეტყველო წინააღმდეგობაც. მთავარ საკითხად რჩებოდა: როგორ შეეძლო პირველქმნილი ცოდვით დაზიანებულ, დასნეულებულ ბუნებას ანკარა წყლის შემოთავაზება? მართებული (სახარებისეული, მოციქულებრივი, საეკლესიო) პასუხია: „მადლი და მხოლოდ ღვთის მადლია „წმინდა ნაკადულის" საწყისი, ე.ი. ცოდვისაგან ჭეშმარიტი გათავისუფლების საწინდარი, ყველა დანარჩენი საზრისი ბოროტისაგანაა".

   ეკლესიამ ეს სწავლება თავდაპირველად წმინდა წერილის, ხოლო შემდეგ წმ. გარდამოცემის სახით დაადასტურა.

   „ადამიანის თავისუფალი ნების" მითი დაფუძნებულია შეხედულებაზე, რომ ადამის ცოდვამ მხოლოდ ადამი დააზიანა და არა მთლიანად კაცობრიობა, რომ „შემცოდველს ცოდვათა მიტევება არა ღვთის მადლის წყალობით, არამედ თავისი დამსახურებისამებრ ეძლევა", რომ „ადამიანს თავად (საკუთარი ძალებით) შეუძლია გამოსწორება, საბოლოოდ ცხონებაც". აი ეს მითი პავლე მოციქულის ეპისტოლეებში საფუძვლიანად არის მხილებული. გადავავლოთ თვალი მოციქულის სწავლებას, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ყოველივე, რასაც ადამიანი იქმს (ღვაწლი, ლოცვა, ასკეზა, სათნოებები...) მხოლოდ ღვთის მადლის გამოვლინებაა: 

   „ხოლო მადლითა ღმრთისაითა ვარ, რაი-იგი ვარ, და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაი იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისა, რომელი იყო ჩემ თანა" (1 კორ. 15. 10).

   „აწ უკუე არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა" (რომ. 9. 16).

   „ხოლო ამას ყოველსა, შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თითოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ნებავს" (1 კორ. 12. 11).

   „ანუ რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაისა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?" (1 კორ. 4. ).

   „რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენთანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის" (ფილ. 2. 13).

   „ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაითა, რომელმან შემიყვარა მე და მისცა თავი თვისი ჩემთვის" (გალ. 2. 20).

   როგორც ვხედავთ, ადამიანის თავისუფალი ნების, ღვაწლის, სათნოებებისა და საბოლოოდ ცხონების წინაგანმსაზღვრელი არის მადლი ღვთისა და არა ადამიანის ბუნებრივი პოტენცია, რომელიც დაზიანებულია პირველქმნილი ცოდვით, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის: „ადამში ყველამ შევცოდეთ!"

   ამრიგად, მეოთხე საუკუნეში ელინურ ფილოსოფიაზე აღმოცენებულმა ერეტიკულმა ცრუსწავლებებმა (პელაგიანობა, ორიგენიზმი და ა.შ.) ფრაგმენტული ზეგავლენა (კერძო აზრის სახით) თვით ზოგიერთ წმინდანზეც იქონია, მაგრამ მსოფლიო და ავტორიტეტული კრებების განსაზღვრებათა შემდეგ არც ერთ წმ. მამას აღარ გამოუთქვამს. მოდერნისტები კი (ნეოპელაგიანელები, ნეოორიგენისტები) სწორედ წმინდანების „იმ მოსაზრებებზე" აკეთებენ აქცენტებს, რომლებიც არ მიიღო ეკლესიის სისავსემ და კერძო აზრად მიიჩნია.

   აღმოსავლეთის ეკლესიის გარდამოცემაში გამოვლენილი კერძო აზრები (თეოლოგუმენი), რომლებიც წარმართულ-ერეტიკული შეხედულებების თავსმოხვევით იყო განპირობებული, აიტაცეს ლიბერტანულ-მოდერნისტულად მოაზროვნე „თეოლოგებმა". მათ საშუალება მიეცათ „რესტავრირებული" სახით შემოეთავაზებინათ ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ მხილებული ერესები. ამიტომ ნეოპელაგიანობა, ნეოორიგენიზმი თუ სხვა „ნეო" - ერეტიკული სწავლებები, სახეცვლილი და ახალ-ახალი ნიღბით კვლავ გვევლინებიან, აცდუნებენ მართლმადიდებელ ხალხს და მორიგი გამოწვევებით გვემუქრებიან. ერესები „ყვავის" იქ, სადაც მათ მიმართ „შემწყნარებლობა" და „კომპრომისებია". ორთოდოქსულ გარემოში კი ის ყოველთვის იყო, არის და იქნება მხილებული მსოფლიო კრებათა სწავლების შესატყვისად. (გაგრძელება...)

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება