მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ი. ვლახოსის „ფსიქოთერაპია“ არ კურნავს მთავარ სნეულებას - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ი. ვლახოსის „ფსიქოთერაპია“ არ კურნავს მთავარ სნეულებას - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე3-04-2024, 21:05 |
ჩვენს წინა ნაშრომში „მოდერნიზმის ანატომია" შევეცადეთ სხვადასხვა კუთხით დაგვენახებინა მკითხველისათვის, რომ ცოდვას ორი განზომილება აქვს: 1) ის დანაშაულია ღვთის სამართლიანობისა და კაცთმოყვარების წინაშე; 2) ცოდვა სნეულებაა, რომელიც გამოწვეულ იქნა ადამის (მასში ყოველი ადამიანის) ცოდვით დაცემით. იმის მიუხედავად, რომ ცოდვის იურიდიული (როგორც დანაშაულის, რომელიც საჭიროებს გამოსყიდვას) მნიშვნელობა წმინდა წერილსა და წმ. გარდამოცემაში ძირეულია, მოდერნისტებისთვის ის „ალეგორიული" გამონათქვამებია, ძველი აღთქმის ცნობიერების „გადმონაშთია", დასავლური „სქოლასტიკაა" და ა.შ. ყოველივე ეს „ახალი ღვთისმეტყველებით", „ახალი მამებით" უნდა „დაიძლიოს". აქედანაა მოდერნისტული ფორმულა: „ცოდვა, პირველყოვლისა, კაცობრივი ბუნების სნეულებაა", რაც სინამდვილეში ღვთისმეტყველების გაამსოფლიურობის გამოხატულებაა - ახალი საღვთისმეტყველო კონცეფციაა. მართლმადიდებლობაში ცოდვა, პირველყოვლისა, უკანონობაა - შემოქმედის წინააღმდეგ ჩადენილი, რომელიც, ცხადია, აზიანებს შემცოდველის ბუნებას. მაგრამ მხოლოდ პირველის (ღვთის წინაშე დანაშაულის) გამო დაიშვება მეორე (ბუნების დაზიანება), ამიტომაც მოგვიწოდებს უფალი სინანულისაკენ. დაზიანებული ბუნება ვერ აღდგება, (ვერ განიკურნება) პირველად მდგომარეობაში, სანამ ცოდვები არ იქნება გამოსყიდული გოლგოთაზე, სანამ არ შევინანებთ. მაგრამ თუკი ცოდვის არსი ამომწურავად და მარტოოდენ სნეულებაა (და არა დანაშაული), მაშინ რატომ ვსაჭიროებთ ღვთის წინაშე შენდობას, თხოვნას სნეულებისაგან განკურნებისათვის? მაგალითად, დეკანოზი ი. რომანიდისი თავის ნაშრომში („Грех предков") უარგუმენტოდ, დაუდასტურებლად ამბობს: „ცოდვა არის უბრალოდ სნეულება და არა კანონდარღვევა" (რჯულის დარღვევა), რაც კადნიერი უარყოფაა წმინდა წერილის სიტყვებისა: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაი, მან უშჯულოებაიცა ქმნეს და ცოდვა იგი არს უშჯულოება" (1 იონ. 3. 4). პავლე მოციქული ბრძანებს: „მოავლინა ღმერთმან ძე თვისი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე. რაითა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიხსნეს, და რაითა შვილებაი იგი მივიღოთ" (გალ. 4. 4-5); „ქრისტემან ჩუენ მოგვიყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩვენთვის წყევისა ქუეშე, რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა" (გალ. 3. 13). ერთი სიტყვით, მთელი წმ. წერილის შინაარსი იმაზეა აგებული, რომ ადამიანმა სცოდა (დანაშაული უშჯულოება ჩაიდინა ღვთის წინაშე), ხოლო ძე ღვთისა ადამიანის გამოსასყიდად, გამოსახსნელად მოვიდა სოფლად. მოდერნისტები კი ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს ადამიანის ბრალეულობა პირველქმნილ ცოდვაში არ არსებობდეს და ზედმეტ, გაუთავებელ „წუწუნს" ცოდვის გამო, მისი კურნება სჯობდეს. სინამდვილეში, ეს „ევას ფილოსოფიაა" – „გველმა მაცდუნა, მე რა შუაში ვარ". ისიც არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ „ადამში ყველამ შევცოდეთ" და რომ „ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის გარეშე" ვერავინ ცხონდება. გამოსყიდვის იურიდიული თეორიის კრიტიკის ძირითადი არგუმენტები (თეზები) ასეთია: ღვთის არსი არის სიყვარული (მხოლოდ, და არა მართლმსაჯულება), რაც არასდროს გადადის შემცოდველის მსჯავრდებაში. ქრისტეს ჯვარი ღვთის მხრიდან სიყვარულის მსხვერპლია (და არა მსხვერპლი ღვთის მართლმსაჯულებისა). ცოდვა - სნეულებაა (და არა დანაშაული). ცხონება ადამიანის შინაგან ცვლილებაში, კურნებაში მდგომარეობს და არა გარეგნულში (კანონებში, დოგმატებში). ეს ფორმალობაა მათი გაგებით... ამგვარი თეზები კარს ფართოდ უღებს „მართლმადიდებლურ ფსიქოთერაპიას" (რის მხილველნიც გავხდით ი. რომანიდისის მოწაფის მიტროპოლიტი იეროთეოს (ვლახოსი) ფსიქოთერაპიის დემონსტრირებით - აქ „ფსიქოთერაპიით" („კურნებით") საფუძვლიანად იჩრდილება სინანულის მნიშვნელობა. ი. რომანიდისის სიტყვებში კარგად ჩანს ეს: „ბერძენი მამები, ცხონების საკითხს განიხილავდნენ ბიბლიურ პერსპექტივაში და ცხონებას მოიაზრებდნენ, ვით კურნებას ადამიანური ბუნებისა სიკვდილისაგან, რომელიც დაზიანებული იყო სატანის მიერ".1, ე.ი. ცოდვაში ბრალეულობა მხოლოდ ეშმაკს ეკისრება. აქედან მიტროპოლიტი ი. ვლახოსის „ფსიქოთერაპიული კონცეფციის" ძირითადი სათქმელიც ესაა: „ეკლესია ცოდვას გაიაზრებს სამედიცინო, მაკურნებელი პერსპექტივით, უფრო ზუსტად, ითვლება, რომ ცოდვა არის ადამიანის ღვთისაგან განდგომით გამოწვეული სნეულება და ამიტომაც სჭირდება კურნება. ამრიგად, ქრისტეს განკაცების მიზანი იყო არა ღვთიური სამართლიანობის აღსრულებით ცოდვათაგან გამოხსნა, როგორც ამას დასავლეთის თეოლოგები მიიჩნევენ, არამედ ადამიანის განკურნება".2 როგორც ვხედავთ, განკაცების მიზანი სულაც არ ყოფილა „ღვთიური სამართლიანობის აღსრულებით ცოდვათაგან გამოხსნა", არამედ მთავარია „ადამიანის კურნება". საამისოდ, მამებისეულ სწავლებად სახელდებული მათეული „ფსიქოთერაპიაა" შემოთავაზებული. წმინდა მამების სწავლებით, ერთადერთი საზღაური ცოდვისათვის არის ქრისტეს მიერ მსოფლიოს გადასარჩენად დათხეული სისხლი. საღვთისმეტყველო ენაზე მას გამოსყიდვის დოგმატი ეწოდება. ი. ვლახოსის „ფსიქოთერალიულ" კონცეფციაში ღმერთი არა ექიმი, არამედ წამალია. ვინაიდან, თუკი ექიმია, ე.ი. ცოდვებისაგან გამომსყიდველია, მხსნელია ჩვენი დანაშაულების გამოსახსნელად მოსული - ესაა მისი (ქრისტეს განკაცებისა და ჯვარცმით ჩვენი გამოხსნა). მაგრამ თუკი მხოლოდ „წამალია", ე.ი. „მხოლოდ ღვთისაგან განდგომით გამოწვეული სნეულება", მაშინ რეალურად ადამიანი კი მკურნალობს, მაგრამ არა „ექიმის" გამოწერილი ყველა წამალით, არამედ მხოლოდ „მეორე წამალით" (ცოდვა - სნეულებაა), ხოლო პირველი (ცოდვა - დანაშაულია) ამოგდებულია „რეცეპტიდან". მაგრამ ნუთუ ცოდვის დანაშაულის სიმძიმეს არ მოაქვს შედეგად სნეულება? თუ პირველს არ ვმკურნალობთ, მეორე მართებულიც რომ იყოს, მაინც ნაკლულოვანია, არასრულად ნამკურნალებია. ამრიგად, მიტროპოლიტ ი. ვლახოსის „ფსიქოთერაპია", რეალურად, წმ. მამების უხვი ციტირების მიუხედავად, საფუძველს მოცლილი მკურნალობაა. ცხადია, წმინდა მამების მითითებული სწავლება სულის მკურნალობის შესახებ ნამდვილია, მისაღებია, მაგრამ ნაწილობრივად, საკუთარ საღვთისმეტყველო კონცეფციას მორგებულადაა შემოთავაზებული. ამდენად, ი. ვლახოსის „ფსიქოთერაპიაც" მორიგი მოდერნისტული მიმართულებაა, ჩვენთვის კარგად ცნობილი მიდგომებითა და ხერხებით. გამოსყიდვის დოგმატი, ე.ი. ცოდვისათვის დანაშაულისაგან გამოხსნა, რასაც ი. ვლახოსი და სხვა მოდერნისტები დასავლურ სწავლებად მიიჩნევენ, სინამდვილესი მამებისეული სწავლებაა. წმ. ბასილი დიდი ამბობს: „ვინაიდან უგულებელყოფილია კანონს დაქვემდებარებული უამრავი მსხვერპლი ვით უსარგებლო, შეწყნარებულია ერთადერთი მსხვერპლი (უფლის მიერი) გაღებული ცოდვათა მისატევებლად: „ვითარცა-იგი ქრისტემან შემოყვარნა ჩუენ და მისცა თავის თვისი ჩვენთვის შესაწირავად და მსხვერპლად ღმრთისა, სულად სურნელად" (ეფ. 5. 2) და უგულებელყო „სისხლი იგი ვაცთა და ზუარაკთაი და ნაცარი იგი დიაკეულთაი, რომელიც ეპკურებოდა შეგინებულთა მათ და განწმენდდა მსგავსად ხორცთა მათ განწმენდისასა" (ებრ. 9. 13). ვინაიდან ერთადერთი საზღაური ცოდვისათვის - მსოფლიოს გადასარჩენად დათხეული სისხლი იმისთვის უგულებელყო პირველი, რათა დადგინდეს მეორე".3 ჩვენს ნაშრომში „მოდერნიზმის ანატომია" (თავი „გამოსყიდვის იურიდიული თეორია". გვ. 63-66) წმ. მამათა მსგავსი შინაარსის ბევრი ამონარიდი გვაქვს წარმოდგენილი, ამიტომ აღარ შევუდგებით გამეორებას. მთავარი ისაა, რომ ერთ ცდომილებას უცილობლივ მეორე და მესამე მოჰყვება. მიტროპოლიტი ი. ვლახოსის სწავლებაც კასკადური დაღმასვლაა და არა პირიქით, როგორც ეს მავანს ჰგონია. თავის ნაშრომში „Смерть младенцев" ი. ვლახოსი წერს: „ჩვილები იმთავითვე არ დასნეულებულან და არ საჭიროებენ მკურნალობასა და განწმენდას, ის ცხოვრობს ბუნების თანახმად... მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, დასავლურისაგან განსხვავებით, არ ასწავლის, რომ ადამიანს თითქოს მემკვიდრეობით ერგო პირველქმნილი ცოდვა...".4 აქ მიტროპოლიტი ღიად უარყოფს პავლე მოციქულის და კართაგენის კრების სწავლებას „ადამში ყველამ შევცოდეთ". ე.ი. ყველა ადამიანი, მათ შორის ჩვილიც, დაზიანებულია პირველქმნილი ცოდვით, შემდეგ ეს მართლმადიდებლურ სწავლებას ჩვეული მეთოდით „დასავლურ" სწავლებად ცხადდება, რაც სინამდვილეში ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას. აქედანაა სხვა ცდომილებაც: „წმინდა ნათლისღების დროს ჩვენ არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვის ბრალისაგან, არამედ ქრისტეს სხეულს, ეკლესიას მივეკუთვნებით... ჩვენ ვნათლავთ მათ, რათა ისინი გახდნენ ეკლესიის წევრები".5 მისი (და არა მართლმადიდებელი ეკლესიის) სწავლებით, ნათლისღების დროს ჩვენ არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვისაგან, არამედ უბრალოდ ქრისტეს ეკლესიის წევრები ვხდებით. ამრიგად, ი. ვლახოსი, მართალია, გაიძახის „კურნების" და „ფსიქოთერაპიის" აუცილებლობას, მაგრამ რაც რეალურად განსაკურნებელია (პირველქმნილი ცოდვა), რისთვისაც რეალურად განკაცდა მაცხოვარი „ახალი ადამი", განუკურნებელს დატოვებს. ამიტომ ვამბობთ, რომ ი. ვლახოსის „ფსიქოთერაპია" პირობითად „კურნავს", „მკურნალობს" „ყველაფერს", გარდა რეალურად სამკურნალოსი - გულისა (პირველქმნილი ცოდვისა). ამ კონსეფციიდან იღებს სათავეს უნათლავი ჩვილების ცხონებაც, რაც კართაგენის ავტორიტეტული კრების ანათემის ქვეშ ექცევა. შესაბამისად, ი. ვლახოსის „ფსიქოთერაპია" არა რეალური კურნება, არამედ ფსიქოლოგიისა და წმ. მამებისეულის ნაზავით შექმნილი მორიგი „სინთეზური" მიმართულებაა. შესაძლოა გარეგნულად უფრო მიმზიდველი ქრისტიანული ანთროპოლოგიით, წმ. მამების ციტირებებით, ვიდრე სხვა დანარჩენი, მაგრამ მაინც ფსიქოლოგიის მიმართულებაა, შინაარსით სეკულარულია, იმიტომ რომ, მთავარ დოგმატურ კონცეფციასაა მოკლებული. უამისოდ კი კურნება შეუძლებელია! (გაგრძელება...)
1 И. Романидис. Грех предков. 2 ი. ვლახოსი. სულიერი მედიცინის მეცნიერება. მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის საქმე. 2019. გვ. 6. 3 Св. Василий Великий. Толкования на книгу пророка Исаии. Гл. 1.11. 4 И. Влахос. Смерть младенцев. 5 იქვე. Смерть младенцев. დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |