მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ადამიანური გარდამოცემა“ წმ. გარდამოცემის სანაცვლოდ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ადამიანური გარდამოცემა“ წმ. გარდამოცემის სანაცვლოდ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


31-01-2024, 20:08

„ადამიანური გარდამოცემა“ წმ. გარდამოცემის სანაცვლოდ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   საღვთისმეტყველო მოდერნიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელი მეთოდია, დაეყრდნოს ადრექრისტიანული მწერლობის ავტორებს, რომელთა საღვთისმეტყველო შეხედულებანი, ფორმულირებანი არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, მეტიც - ტრადიციული, მამებისეული სწავლების სისავსის თანახმად, ცდომილებათა შემცველია. სხვაგვარად რომ ვთქვათ: ადრეული ქრისტიანული საზრისი, რაკი მსოფლიო კრებამდელი ეპოქისდროინდელია, ნაწილობრივ საპატიოა მოდერნისტებისათვის, ნორმადაც აღიარებულიც იმის საფუძველზე, რომ თითქოს ისინი არ ყოფილა კრებსითად მხილებულ-დაგმობილი. შესაბამისად, დღესაც დასაშვებია და მისაღები.

   მაგრამ ის, რაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სახით იყო პირველ საუკუნეებში, მაშინდელი „კერძო აზრები" (თეოლოგუმენი), მსოფლიო კრებების განსაზღვრებათა შემდგომ, უკვე ვეღარ აღიქმება გაუგებრობად, არამედ კვალიფიცირდება, ვით ნამდვილად არამართლმადიდებლური მოსაზრება. თუკი თავიდან ეს იყო შეუგნებელი დამახინჯება ჭეშმარიტებისა, დღესაც მსგავსი რამ აღიქმება შეგნებულ, მიზანმიმართულ ნგრევად ეკლესიის დოგმატური ცნობიერებისა.

   ძირითადი პრობლემა ის გახლავთ, რომ მოდერნიზმი საკამათო საღვთისმეტყველო საკითხების განხილვის დროს ყოველთვის ირჩევს თეოლოგუმენს (კერძო აზრს) და არა დოგმატური სწავლებას. ე.ი. ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომელიც არ მიიღო ეკლესიამ, ვით ცდომილი აზრი, მეტიც: მოდერნიზმი ირჩევს თეოლოგუმენს და შემდეგ ადოგმატურებს მას, ხოლო ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებას, ჭეშმარიტ დოგმატს უარყოფს, ვით ისტორიული ეკლესიის შეცდომას.

   ამ ცბიერ ტაქტიკას ისიც ემატება, რომ მოდერნისტების საღვთისმეტყველო კონცეფცია აგებულია დასავლურ (პროტესტანტულ-კათოლიკურ) თეოლოგიაზე და დეტერმინებულია გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ელემენტებით. ამას „პარიზის საღვთისმეტყველო სკოლის" გამოჩენილმა თეოლოგმა, დეკანოზმა გ. ფლოროვსკიმ ჩაუყარა საფუძველი, როდესაც ამგვარ ვაკხანალიას „ნეოპატრისტიკული სინთეზი" უწოდა. ცნობილი ლოზუნგით - „წინ მამებისკენ" - მან ფაქტობრივად ახალ ყალბ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი: მამებისეული გარდამოცემის სანაცვლოდ „ადამიანური გარდამოცემა".

   გადავიდეთ კონკრეტულ მაგალითებზე. ამჯერად საკითხი შეეხება სულის უკვდავების თემას. ვნახოთ, რამდენად აცდენილია მოდერნისტების აზრი მამებისეულ სწავლებას.

   დეკანოზი გ. ფლოროვსკი წერს: „მართებთ კი ქრისტიანებს, ვით ქრისტიანებს, უთუოდ ირწმუნონ ადამიანური სულის უკვდავების? სინამდვილეში, რას ნიშნავს უკვდავება ქრისტიანული საზრისის სივრცეში? ეს არ არის რიტორიკული შეკითხვა.

   ეტენ ჟილსონმა თავის ლექციებში საჭიროდ მიიჩნია გაეკეთებინა შემდეგი განცხადება: „მიმაჩნია, რომ ქრისტიანობა უკვდავების გარეშეც სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან თავდაპირველად ის სწორედ ასეთად მოიაზრებოდა. ჭეშმარიტად უაზროა ქრისტიანობა ადამიანის აღდგომის გარეშე". ეს გამაოცებელი ნიშანთვისებაა ადრეული ქრისტიანული ისტორიული პერიოდის ადამიანის უკვდავების შესახებ. როგორც ჩანს, მეორე საუკუნის ავტორების ნაშრომებში სულის ბუნებრივი უკვდავობა მკაფიოდ უარყოფილია მათ მიერ".1

   მსგავსი მოსაზრება იკვეთება არანაკლებ გამოჩენილი მოდერნისტის დეკანოზ ა. შმემანის თხზულებებშიც. ის წერს:

   „ადამიანის ადრექრისტიანულ ხედვაში არ იყო მკაცრი გამიჯვნა სულისა და სხეულისა, რაც დამახასიათებელია თანამედროვეობისათვის. პირველი ქრისტიანები ადამიანის სულსა და სხეულს ორგანულ ერთობაში, ურთიერთდამოკიდებულებაში, ერთ მთლიანობაში მოიაზრებდნენ. მთელი მსოფლიო მოიწამლა და დასნეულდა. ამიტომ განთავისუფლების აქტს აქვს არა მარტო სულიერი, არამედ ფიზიკური ხასიათი: ის განწმენდს თვით ჰაერსაც, რომელსაც ვსუნთქავთ და რომელიც სულების განდევნის შემდეგ კვლავ ღვთის საჩუქრად დარჩება".2

   სხვა ნაშრომში ა. შმემანი მოგვიწოდებს „გადავივიწყოთ" ჩვენი ქრისტიანული ხედვა სულის ცხონებაზე:

   „ღვთის სასუფეველის სწავლება ორმაგი პერსპექტივით უნდა გაიხსნას. ჩვენ დიდი ხანია ქრისტიანობა დავიყვანეთ არა ახალ ცხოვრებამდე, არამედ იმქვეყნიურ სამყაროში სულის ცხონებამდე".

   აქ აქცენტი არა სულის უკვდავებაზე, არამედ ადამიანის მკვდრეთით აღდგომაზე, ა. შმემანის ტერმინით „ახალ ცხოვრებამდე" - ა გაკეთებული.

   ცხადია, მოდერნისტული სწავლება სულის მოკვდავობის შესახებ არ უნდა გავაიგივოთ ვულგარულ სადუკევულ ურწმუნოებასთან. ეს საკმაოდ რთული ანთროპოლოგიური საკითხია, კერძოდ:

   ადამიანის სულის უკვდავება ბუნებრივი თუ დამატებითი თვისებაა, რომელსაც სული იძენს მადლის მეშვეობით, შესაბამისად, შეუძლია ის დაკარგოს შეცოდებით, ღვთისაგან განშორებით?

   როგორც მოგახსენეთ, აქცენტი არა „სულის უკვდავებაზე", არამედ „სხეულის აღდგომაზეა" გამახვილებული. გ. ფლოროვსკი ამჯერად ანგლიკან ეპისკოპოს ანდერს ნიგრენს ეთანხმება, რომელიც მეორე საუკუნის აპოლოგეტებში სულის უკვდავებაზე ჭეშმარიტ სახარებისეულ სწავლებას ხედავს:

   „ვეთანხმები (ა. ნიგრენს), ქრისტიანობა უფრო აღიარებს არა ბუნებრივ „უკვდავებას", არამედ ზებუნებრივ კავშირს ღმერთთან, „რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაი" (1 ტიმ. 6. 16).3

   ასეთია „სინთეზის" დიდოსტატის აპოლოგია.

   წმ. მამების აზრით, (რომელსაც ბოლოს მოგახსენებთ), ადამიანი, სულის დაცემული მდგომარეობის მიუხედავად, მიტოვებული საღმრთო მადლის მიერ, მაინც რჩება უკვდავი, იმიტომ რომ, ეს თავად ბუნების განუყრელი თვისებაა, რომლითაც ის (ადამიანი) შეიქმნა ერთხელ და სამუდამოდ. ე.ი. სულის უკვდავების სწავლებას არ გააჩნია არანაირი ონტოლოგიური ალტერნატივა (ანუ რეალური არარსებობა), რადგან უკვდავება ჩადებულია შემოქმედის მიერ თვით სულის ბუნებაში.

   ცხადია, ეს არ მოსწონთ მოდერნისტებს, ვინაიდან თუ შეუნანებელი ცოდვების გამო ადამიანის უკვდავი სული შესაძლოა მარადიულ სატანჯველში აღმოჩნდეს, გაცილებით უკეთესი ვარიანტია „სხეულის აღდგომაზე" აპელირება, ვიდრე „სულის უკვდავებაზე". „მოკვდა" და „აღდგა" უპრობლემოდ, რა „უკვდავი სული", რის „მარადიული ნეტარი ცხოვრება"?!

   მოდერნისტს სულის უკვდავება აწყობს მანამდე, ვიდრე ის ხორცშია, ხოლო შემდეგ ურჩევნია სული მოკვდავი იყოს და „სხეულში აღდგეს", მარადიული სატანჯველიც „ოსტატური" მოხერხებულობითაა აცილებული. აქ ქილიასტურ-რასელისტურ (იაღოვურ)-რეინკარნაციულ „სინთეზთან" გვაქვს საქმე და არა მართლმადიდებლობასთან.

   მაგრამ, მოდით წმ. წერილსა და წმ. მამებს მოვუსმინოთ:

   „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულსა ვერ ხელეწიფების მოკვლად" (მათ. 10. 28).

   ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს:

   „ვინაიდან საწყისი მიზანი ღვთისა იყო შეექმნა ადამიანი „ხატად და მსგავსად" – „ხატად" ნიშნავს უხრწნელობას, უკვდავებას... ღმერთმა ადამიანის სულს გადასცა თვითუფლებრივობა, რომელიც გახლავთ ღვთაებრივი არსის გამოხატულება... იგივე ეხება ღვთაებრივ ენერგიას, ეს ისაა, რაც გამოიხატა სიტყვა „მსგავსებით" - ეს ადამიანის საბოლოო გადაწყვეტილებას მიანდო, გახდის ის თავის თავს ღვთის მსგავსს და დაიბრუნებს სათნოებისამებრ თვისებებს თუ არა".4

   როგორც ვხედავთ, სულის უკვდავება ადამიანის „ხატებაშია" ბუნებრივად დაცული.

   წმ. ბასილი დიდი შეგვაგონებს: „გამოსცადე საკუთარი თავი, ვინ ხარ, შეიგნე, რომ შენი სხეული მოკვდავი, ხოლო სული უკვდავია, რომ ჩვენი ცხოვრება ორგვარია: ერთისთვის დამახასიათებელია სწრაფწარმავლობა, ხოლო მეორეს - სულს არა აქვს საზღვარი. ნუ ზრუნავ სხეულზე, იმიტომ რომ წარმავალია, იზრუნე სულზე, უკვდავ არსებაზე".5

   შეგვიძლია კიდევ უამრავი წმ. მამის ამონარიდი შემოგთავაზოთ სულის უკვდავების შეხახებ, ისევე, როგორც მოდერნისტებისა - „ამქვეყნიურ უკვდავებაზე". უდავო ფაქტია სხეულისაგან განშორების შემდეგ სულის უკვდავებისა და სამარის მიღმა რეალური ცხოვრების ჭეშმარიტება, დაცული დედაეკლესიაში მოციქულთა დროიდან დღემდე! სწორედ ამაშია მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება, აღდგომის სიხარული, მიცვალებულთა სულებისათვის ლოცვა, წმინდანებისადმი ვერდება და ა.შ.

   ყოველივე ეს რატომღაც გაუგებარია მოდერნისტებისთვის, მოდერნიზმისთვის. ამიტომაც კვალიფიცირდება ის, ვით ფარული ათეიზმი რელიგიის ნიღბით. (გაგრძელება...)




1 Прот. Г. Флоровский. Бессмертие души.

2 А. Шмеман. Водою и Духом. О таинстве крешения. Паломник. 2001. С. 29.

3 Прот. Г. Флоровский. Бессмертие души.

4 Преп. Максим Исповедник. Вопросы и недоумнения. Т. 3. Д. Черноглазов. М. 2010. С. 220.

5 Св. Василий Великий. Беседа 3. Творения. Т. 2. М. 2008.




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება