მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > განღმრთობა ღირსი მაქსიმე აღმსარებელის სწავლებით - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

განღმრთობა ღირსი მაქსიმე აღმსარებელის სწავლებით - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


16-01-2024, 09:30

 

   წინა თავებში აღვნიშნეთ: საიმისოდ, რომ ადამიანის დაცემული (გნომური) ნება დაუბრუნდეს საწყის (ლოგოსისეულ) მდგომარეობას, მან უნდა დაუთმოს (მისცეს) მადლს მოქმედების საშუალება. ამ გზით რეალიზდება ადამიანში ღვთის ნება, ე.ი ადამიანის განღმრთობა ხორციელდება. ე.ი. ადამიანი საკუთარ „თვითუფლებობას" (თავისუფლებას) იმგვარად იყენებს, რომ ღვთის ნების სასარგებლოდ უარს ამბობს საკუთარ გნომურ ნებაზე. არსებითად, ეს არის ღვთის ენერგია, რომელიც ადამიანში მოქმედებს. განღმრთობილ ადამიანზე სიტყვასიტყვით ესადაგება პავლე მოციქულის სიტყვები: „ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე..." (გალ. 2. 20).

   ღირსი მაქსიმე აღმსარებელი წერს: „განღმრთობა ვერანაირად ვერ განხორციელდება ბუნებრივი ძალების მიერ, ვინაიდან კაცობრივ ბუნებას არ გააჩნია ის ძალა, რომელსაც შეუძლია მოიცვას ზებუნებრივი. ქმნილი ბუნება ვერანაირად ვერ გამოიწვევს განღმრთობას, იმიტომ რომ, მას არ შეუძლია მოიცვას ღმერთი. მარტოოდენ საღმრთო მადლისთვის არის ბუნებრივად შესაძლებელი განღმრთობის მინიჭება, რომ გაანათლოს ადამიანის ბუნება ზებუნებრივი ნათელით, მისცეს მას უხვი, საკუთარ ბუნებაზე აღმატებული დიდება".1

   ღირსი მაქსიმე აღმსარებლის საღვთისმეტყველო კონცეფციამ განღმრთობის შესახებ გარკვეული ევოლუცია (როგორც ტერმინოლოგიური, ისე აზრობრივი) განიცადა.

   თავდაპირველად (640 წლამდე) მაქსიმე აღმსარებელი ღვთისა და განღმრთობილი ადამიანის „ერთიან ნებაზე" მსჯელობისას ყოველგვარი განმარტების გარეშე ამბობდა, რომ „ღმერთის სიყვარულის შესატყვისად, ადამიანი მოქმედებს ღმერთით და ადამიანით განიდიდება ღმერთი. ეს ერთიანი და განუყოფელი ღვთის ნებით, ორივეს ერთიანი ნების შესატყვისი მოქმედებით ვლინდება, როგორც აბრაამსა და სხვა წმინდანების შემთხვევაში ხდება".2

   სხვაგან წმინდანი ამბობს: „ადამიანის განღმრთობის დროს მოქმედი მხოლოდ ღმერთია, რათა ყველა გაგებით ერთიანი იყოს ღვთისა და ღვთის ღირსთა მოქმედება, უფრო სწორად, მხოლოდ ღვთისა".3

   ღვთის „ერთიან ნებაზე" ამგვარი საუბარი სხვადასხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას იძლეოდა, თითქოს წმ. მაქსიმე აღმსარებელი ქრისტეში (ღვთაებრივი და კაცობრივი) „ერთიან ნებაზე", „ენერგიაზე" საუბრობდა.

   ცხადია, მაქსიმე აღმსარებელი „ერთიან ნებაში" გულისხმობდა იმას, რომ ჩვენი კაცობრივი ბუნების განღმრთობა ღვთის ძალითა და მადლით (და არა ჰიპოსტასების შეერთებით) აღესრულება.

   საქმე ისაა, რომ ბუნებრივი კაცობრივი ნება უცვლელად (ლოგოსის შესატყვისად), მხოლოდ ქრისტეში შენარჩუნდა, ადამიანური კი გნომურად გადაიქცა. ქრისტეში „გნომური ნება" არ იყო არა იმიტომ, რომ თითქოს მას არ ჰქონდა კაცობრივი ჰიპოსტასი, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი „კაცობრივი ნება" იმთავითვე განიღმრთო და ის ლოგოსის შესატყვისად უცვლელი რჩება — აქ კაცობრივი ბუნება ღვთაებრივს ემორჩილება ყველაფერში. ქრისტეს განღმრთობილი კაცობრივი ნების განუყრელი ნაწილია ღვთის მადლი.

   ამრიგად, მაქსიმე აღმსარებელის სწავლების არსი „ქრისტეში ღვთაებრივი და კაცობრივი ნების ერთიანობის" შესახებ იმგვარად უნდა გავიგოთ, რომ ქრისტეში არ არსებობდა „გნომური ნება"; შესაბამისად, მას დაცემული ადამიანის ბუნება კი არ მიუღია, არამედ იმთავითვე განღმრთობილი, თავისი კაცობრივი ლოგოსის შესატყვისი. სწორედ ამ „ერთიან ნებაზე" საუბრობს ღირსი მამა. ე.ი ღვთაებრივისა და განღმრთობილი კაცობრივის შესახებ, რაც ტერმინოლოგიურად სხვადასხვაგვარი განმარტების საშუალებას იძლეოდა.

   მონოთელიტებთან პოლემიკაში მაქსიმე აღმსარებელმა პრინციპულად უარყო ქრისტეში „გნომიკური ნება" (640 წ.). ეს ნიშნავს, რომ „გნომიკური ნება" არის არა ჰიპოსტასური, არამედ სხვაგვარი ბუნებისა. ე.ი. დაცემული კაცობრივი ბუნების (ტროპოსის), ვით უმადლო, მანიშნებელი. ხოლო ღვთაებრივი და განღმრთობილი კაცობრივი ნება, წმ. მამის ტერმინით, „სრულ თანხვედრაშია". ეს საზრისი საბოლოოდ მისაღები არ აღმოჩნდა მეექვსე მსოფლიო კრებისთვის.

   ამჯერად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ მაქსიმე აღმსარებლის ღვთისმეტყველების ტერმინოლოგიური სრულყოფის ტენდენცია, რაც მონოთელიტებთან საკმაოდ რთულ პოლემიკაში გამოვლინდა.

   ლატერანის (Латеранский) ადგილობრივი კრების ღვთისმეტყველება ერთგვარად „საავტორო" იყო მაქსიმე აღმსარებელისთვის. ამას მოჰყვა მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრება (680 წ.), რომელიც ძირითადად ლატერანის კრების განსაზღვრებებს ეყრდნობოდა, თუმცა, ტერმინ „ერთიანი ნების" განსაზღვრება მაინც განსხვავებული დარჩა.

   ლატერანის კრება ამბობდა:

   „ვაღიარებთ ქრისტეში ორ შეურევნელ ბუნებას, ასევე ორ ბუნებრივ ნებას - ღვთაებრივსა და კაცობრივს, სრული დარწმუნებით, რომ ერთი და იგივე უფალს ღვთაებრივად და კაცობრივად ნებავს და განახორციელებს ჩვენს ცხონებას".4

   VI მსოფლიო კრება (18 საქმე):

   „წმინდა მამების სწავლების თანახმად დავსძენთ, რომ ქრისტეში ორი ბუნებრივი ნებას (სურვილი) განუყრელად, უცვალებლად, განუყოფელად, შეურევნელად თანაარსებობენ. მისი კაცობრივი ნება უთმობს, არ ეწინააღმდეგება, არამედ ემორჩილება მის ღვთაებრივ და ყოვლისშემძლე ნებას".5

   იოლი შესამჩნევია, რომ მეექვსე მსოფლიო კრებამ აღნიშნული საკითხის განმარტებისთვის არა ლატერანის, არამედ ქალკედონის (IV მს. კრება) ფორმულას მიმართა. ე.ი. ქრისტეში ორი ბუნების თანაარსებობის აღიარებული დოგმატური განსაზღვრება პირდაპირ გადმოიტანეს და გამოიყენეს ქრისტეში ორი ნების თანაარსებობის აღსანიშნავად, დასამტკიცებლად.

   ლატერანის კრებამ ქრისტეში ორი ნების თანაარსებობა შეცვალა ტერმინით „მჭიდროდ შეერთებული" (Тесной соединенности)6, რაც სურვილის შემთხვევაში, ორგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამიტომ მეექვსე მსოფლიო კრებამ, სულიწმინდის შთაგონებით არჩევანი ქალკედონის ფორმულირებაზე შეაჩერა.

   ამრიგად, მაქსიმესეული ღვთისმეტყველება მონოთელიტების ერესის დამარცხებაში ფასდაუდებელი მნიშვნელობის მიუხედავად, ტერმინოლოგიურად მაინც არ იქნა ბოლომდე აღიარებული VI მსოფლიო კრების მიერ.

   ის, რომ VI მსოფლიო კრებამ საჭიროდ არ მიიჩნია ლატერანისა და მაქსიმე აღმსარებელის ხსენება, სულიწმინდის ნებად უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან დოგმატური არსის გადმოცემის დროს კომპრომისი დაუშვებელია.

   ამრიგად, ქრისტეში იმდენად განსხვავებულია ღვთაებრივი და კაცობრივი ნება და მოქმედება, რომ გააზრებაც კი შეუძლებელია ვით „ერთიანი" (ერთი) ნება. როდესაც „ორი ნება და მოქმედება" (VI მს. კრება) არა თუ შეიძლება, არამედ აუცილებელია.

   V მს. კრების (553 წ.) დოგმატი ამბობს: „ორი ბუნება ქრისტეში მხოლოდ ჭვრეტით („Только в созерцаний") განირჩევა", ე.ი. ერთ ჰიპოსტასში ორი ნება არ შეიძლება დავაშოროთ ერთმანეთს ქალკედონის ფორმულირებისამებრ, (სხვაგვარად ნესტორიანობის საფრთხე ჩნდება), არამედ მხოლოდ „აზრით" ვყოფთ ღვთაებრივ ნებას კაცობრივისაგან, სადაც კაცობრივი ნება კი არ შთაინთქმება, არამედ ემორჩილება ღვთაებრივს.

   განღმრთობის იმავე პრინციპი მოქმედებს ადამიანების შემთხვევაში, სადაც ღვთაებრივი მადლით (ენერგიით) კაცობრივი ნება განიღმრთობა - წმ. მამების ტერმინით ინდივიდუალურად „ჰიპოსტასირებულია" (Воипостасирована) წმინდანის სულიერ, შინაგან სამყაროში. (გაგრძელება...)






1 Преп. Максим Исповедник. Вопросы ответы к Фаласию. Вопрос XXII. Творения. Кн. 2. С. 77.

2 Беневич. Дело Максима. С. 181.

3 Преп. Максим Исповедник. О различных трудностях богослова (Григория). Гл. 7. Полемика с оригенизмом и моноэнергизмом. С. 253.

4 Болотов. В. Лекций по истории древней церкви. СПБ. 2006. Т. 4. С. 484.

5 Деяния вселенских соборов. Т. 6. С. 222.

6 Латеранский собор. Православная энциклопедия. Т. 40. С. 121.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება