მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > როგორ შევიცნოთ განმაახლებლობა? - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

როგორ შევიცნოთ განმაახლებლობა? - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


27-12-2022, 07:49

 

   თანამედროვე ქრისტიანებისთვის ძირითადი საფრთხე ის სწავლებები და შეხედულებებია, რომელთა თეორიულ საფუძვლებს განმაახლებლობა აყალიბებს.

   განმაახლებლობა (მოდერნიზმი) ფეხს იკიდებს არაკრიტიკულ გარემოში, სადაც მისი მოსაზრებები არ განიხილება მართლმადიდებლურ პრიზმაში. ამის გამო მისი იდეები თვით მოშურნე საზოგადოებაშიც კი მართლმადიდებლობად აღიქმება.

   განმაახლებლობას ახასიათებს შერჩევითი მიდგომა. მიზანი ცრუშეხედულებების დაცვაა. საამოსოდ შეგნებულად იგნორს უკეთებენ ტექსტში არსებულ ცრუსწავლებას და ყურადღება გადააქვთ მხოლოდ მართლმადიდებლობისთვის მახლობელ თემებზე, რაც არსებითად, არ არის სამართლიანი მიდგომა. ეს იგივეა, არ მიუთითო განსხვავებაზე ორ ჭიქა წყალს შორის, როდესაც ერთ-ერთში შხამია. თანხვედრის აღსანიშნავად კი თქვა: ორივე ჭიქაში წყალიაო.

   განმაახლებელთა ქადაგებებსა და ღვთისმეტყველებაში ტერმინებით მანიპულაციები შეინიშნება. ტერმინოლოგიურ თამაშს აღქმის, განცდის დონეზე მკითხველისთვის გარკვეულ სიამოვნების მინიჭებაც შეუძლია, ახალისებს მას, მაგრამ როდესაც ეს დოგმატური აზრის (მაგ. გამოსყიდვის დოგმატის, ღვთის არსების, ყოფიერების) გაყალბების, არამართებულად გადმოცემის ხარჯზე ხდება, ასეთი თეოლოგია ჭეშმარიტი თეოლოგიის დეფიციტია.

   როდესაც პიროვნება შეგნებულად მიდის ამ მანიპულაციაზე, შედეგი არის ის, რომ არამართლმადიდებლური სწავლება მართლმადიდებლურად ირაცხება.

   ამიტომ ისმის კითხვა: როგორ შევიცნოთ ეკლესიის წიაღში შემოჭრილი განმაახლებლური სული?

   I. ჩვენ ვერ დავინახავთ განმაახლებლობას სათანადოდ, თუკი ვერ დავინახავთ განმაახლებლურ გამოვლინებებს საკუთარ თავში, ვინაიდან საზოგადოება (მეტ-ნაკლებად) განმაახლებლური ქადაგებებისადმი სიმპატიითაა გამსჭვალული.

   ამ სენთან ბრძოლა განსაკუთრებული სულიერი შემართებისა და მდგომარეობის გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან განმაახლებლობის დაუნახაობა არა მხოლოდ ცოდნის ნაკლებობის, არამედ მისი (მოდერნიზმის) გარკვეულწილად გათავისების შედეგია.

   II. განმაახლებელის ნაშრომში გამოვლენილი არამართლმადიდებლური ფრაზა, ტერმინი გამოცდილი ანტიმოდერნისტისთვის იოლად მისაგნებია, ვინაიდან, თუკი ტექსტი ჯანსაღია, მისი გაყალბება შეუძლებელია. მისი შინაარსი ყველასათვის ერთნაირად გასაგებია, ხოლო თუკი არაჯანსაღი ელემენტებისაგან შედგება, ის აუცილებლად არაერთხელ იჩენს თავს ავტორის შემოქმედებაში, როგორც მიზანმიმართულად შემოტანილი საღვთისმეტყველო თეზა, კერძო აზრი და არა მართლმადიდებლური სწავლება.

   III. კითხვის დროს უნდა შევძლოთ გამოვიტანოთ ის აზრი, რომელიც იქ არის გამოთქმული. სიყალბეს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ამაშია ჭეშმარიტება. და არ უნდა ვიგულისხმოთ ტექსტში ის აზრი, რომელიც იქ სინამდვილეში არ თქმულა.

   სულიერად დასნეულებული ლიტერატურის კითხვისას არ უნდა მივიღოთ ისეთი განმარტება, რომელიც არ შესაბამება წმ. წერილსა და წმ. მამათა განსაზღვრებებს.

   უნდა შევძლოთ ჭეშმარიტი შინაარსის გამოტანა. ამისთვის კი საჭიროა კითხვის დროს გვახსოვდეს: ვინ, როდის, რა მიზნით დაწერა (თქვა) ესა თუ ის ფრაზა.

   IV. თუკი თავიდანვე ვერ აღმოვაჩინეთ ავტორის მანიპულაციები, გადავხედოთ მის სხვა ნაშრომებსაც. იქაც თუ იყენებს იმავე არამართლმადიდებლურ ტერმინებს (ფრაზებს) უკვე უნდა მივხვდეთ, რომ ეს არაა შემთხვევითობა (ანდა კონტექსტიდან აზრის ვერგაგება), არამედ იმის უტყუარი ნიშანია, რომ ავტორი საკუთარი საღვთისმეტყველო თეზის დამკვიდრებას ცდილობს საზოგადოებაში.

   V. განმაახლებელი თავისი თეზის გამყარების მიზნით, ცდილობს დაეყრდნოს ავტორიტეტს. მისთვის საკმაოდ სასურველია წმინდანის მოსაზრება, ადვილია წმ. მამებს მიაწერო არამართლმადიდებლური სწავლება, იმიტომ რომ, თანამედროვე მოდერნისტი ავტორი თავისი სურვილისამებრ ცდილობს წმ. მამების აღქმას. აქ რამოდენიმე მეთოდია გამოყენებული:

   ა) იშველიებენ წმ. მამის ისეთ შეხედულებას, რომელიც არ მიიღო ეკლესიის სისავსემ როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება და დარჩა კერძო აზრად.

   ბ) იყენებენ იმ წმ. მამათა ნაშრომებს, სწავლებებს, რომლებიც ერეტიკოსების მხრიდან მანიპულირების საგანი შეიქნა (მაგ. ღირსი ისააკ ასურის, გრიგოლ ნოსელის წიგნები), სადაც მართლმადიდებლობა ჩანაცვლებულია ერესით (ორიგენიზმი, მონოფიზიტობა).

   გ) ან პირდაპირ სიცრუეს აბრალებენ წმინდანებს, ანუ აბრალებენ იმას, რაც არ უთქვამს წმინდანს. საამისოდ გამოიყენება კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატა, ანდა უტიფრად მიაწერენ ცრუ ხედვას წმ. მამას, მაშინ როდესაც მსგავსი არაფერი ყოფილა.

   აქ მკაფიოდ ვლინდება პათოლოგიური მიდგომა - უარყო ჭეშმარიტება, რომელიც წმინდანს უწერია საკუთარი საღვთისმეტყველო აზრის გასატარებლად.

   VI. განმაახლებელთ გამოარჩევთ სიმპათია, დამოწაფების სურვილი, გაცხადებული ლიბერალების მხრიდან. ეს უკანასკნელნი კარგად სცნობენ „თავისიანებს" და არასდროს მივლენ რჩევისთვის ორთოდოქს მოძღვართან.

   მაგალითად, ერთ-ერთი ნიშანთვისება, რითაც შეგიძლია ა. ოსიპოვის სწავლების შეფასება, ჯერ უნდა გაიგო, ვინ არიან ოსიპოვის მიმდევრები. უნდა ვიცოდეთ, ვინ და რა მიზნით გამოსცემს მის წიგნებს, ვისი ლოცვა-კურთხევით გამოიცემა და ა.შ. ეს ეხება სხვა მოდერნისტ ავტორებსაც.

   ყოველივე ზემოთქმულის შეუმჩნევლობის შემთხვევაში მკითხველს ნელ-ნელა განმაახლებლური გემოვნება უყალიბდება. იმავდროულად კი ფიქრობს, რომ მართლმადიდებლობის უმწიკვლო დამცველია.

   ამიტომ ჩვენი ამოცანა რთულიცაა და მარტივიც - ვცდილობთ ვამხილოთ ცრუსწავლება, რომელსაც განცხადებულად ქადაგებენ, და ამავე დროს, ბევრი ვერ ხედავს მას.

   ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის დაფარულია მათგან, ვისაც შინაგანად, ნებაყოფლობით არ სურს მისი მიღება.

   ღვთის სიტყვა არ მოაკლდება მართლმორწმუნეთ უკუნისამდე, მაგრამ ხშირად ის შეუსმენელი რჩება, ვერ პოულობს მსმენელს იმიტომ, რომ ვინც უნდა ისმენდეს, მას განმაახლებლებმა გემოვნება შეუცვალეს.

   ჩვენ გამადიდებელი შუშით სულაც არ ვეძებთ ამა თუ იმ ავტორში ნაკლოვანებებს. პირიქით, მათი ნაშრომების კითხვა სულიერი სარგებელის მიღების იმედითა და განწყობით დავიწყეთ. მაგრამ როცა ამჩნევ მათ შემოქმედებაში ცრუსწავლებას, უბრალოდ ვერ ტოვებ სათანადო რეაგირების გარეშე, ვერ იქნები ჩუმად. ასე თუ არ მოვიქცევით, განმაახლებლური შეხედულებები გამოიწვევს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომართლმადიდებლურით, წმინდა მამების - „ახალი მამებით", ხოლო ჭეშმარიტი ღვთისმეტყველების - ყალბით ჩანაცვლებას.

   ცხადია, ჩვენ ვერ გავექცევით განმაახლებლების მხრიდან ყვედრებას იმიტომ, რომ მოდერნიზმის კრიტიკული შეფასება პირად შეურაცხყოფად აღიქმება და ძლიერ აღიზიანებთ მათ. ამის მიზეზი არა ჩვენი კორექტული შეფასება, არამედ მათი მხრიდან ალტერნატიული, მართებული პოზიციის აუტანლობაა.

   ამიტომ ჩვენ არ შევდივართ მათთან დიალოგში, მით უფრო პოლემიკაში, არამედ ვსვამთ კითხვებს, ვადარებთ მათ სწავლებებს წმ. წერილისა და წმ. მამების სწავლებასთან და ამით ვამთავრებთ შეფასებას.

   უნდა ითქვას ისიც, რომ მოდერნისტულმა (ახლებურმა) აზროვნებამ მთლიანად მოიცვა როგორც ყოფითი, ისე სულიერი სამყარო. მისი კვალი ბოლო დროის ღვთისმეტყველებაზეც საკმაოდ ძლიერ გამოიკვეთა. ამ ნიშნით, „პარიზის სკოლამ" განსაკუთრებული როლი შეასრულა.

   მართლმადიდებლობისა და არამართლმადიდებლობის „სინთეზმა" უამრავი, განსხვავებული მიმართულების მოდერნისტული სკოლა, ხედვა, მოძრაობა ჩამოაყალიბა, მაგრამ ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებდა - ტრადიციული, დოგმატური, მამებისეული სწავლებისა და სულისკვეთების ახლებური ხედვებითა და შეხედულებებით ჩანაცვლება. უნდა ითქვას, რომ ეს გეგმა პრაქტიკულად განხორციელდა. მოხერხებული, გამოუცდელი ქრისტიანისთვის შეუმჩნეველი მეთოდებით მართლმადიდებლობის ახლებური სწავლება ჩამოაყალიბეს, რაც არსებითად არც არის მართლმადიდებლობა.

   ამ ვითარებაში მოდერნისტული ტენდენციების მხილება, მართლმადიდებლურ ჭრილში მისი კრიტიკული განხილვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. ცხადია, ეს არ მოსწონთ მოდერნისტებს, ამიტომ ყველა იდეოლოგიური მოწინააღმდეგე ზილოტად, მარგინალად, გაუნათლებელ არსებებად ცხადდება.

   მოდერნისტული მეთოდების შედეგად წმიდა მამათა მემკვიდრეობა ახლებური ინტერპრეტაციის საგანი შეიქნა. შმემანი, სუროჟელი, მეინდორფი, რომანიდისი და სხვა მრავალნი ტრადიციული მემკვიდრეობის კორექციას შეუდგნენ. ეს იმდენად „ოსტატურად" კეთდება, რომ კეთილსინდისიერი მართლმადიდებლისთვისაც კი (რომელსაც არა აქვს საშუალება სიღრმისეულად განიხილოს საკითხი) ძნელად შესამჩნევი ხდება. ამიტომაც მისი (მოდერნიზმის) წარმატებული წინ სვლა სულაც არაა გასაკვირი.

   მოდერნისტმა თეოლოგებმა, სასულიერო პირებმა იმდენად შეაყვარეს თავი მკითხველსა თუ მსმენელს, რომ ისინი კრიტიკას უკვე პირად შეურაცხყოფადაც კი აღიქვამენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განგაშის ზარის შემოკვრა აუცილებელია.

   მოდერნისტებთან საუბრისას გვაოცებს დისკურსისას ალოგიკური, ადოგმატური და აბსტრაქტული მიდგომა საკითხისადმი.

   შეგვიძლია მოვხაზოთ კონკრეტული დისკუსის სქემა რომელიმე მოდერნისტისა, მაგალითად, შმემანის ნაწერების საღვთისმეტყველო შეფასება.

   პირობითად შმემანის დამცველისა და მართლმადიდებლობის დამცველის დისკუსი განვიხილოთ (რაც უშუალოდ მოხდა).

   შმემანის დამცველი: ცილს რატომ სწამებ ამ პატივცემულ მოძღვარს?

   მართლმადიდებლობის დამცველი: ჩვენ ხომ ვერ მოვიგონებდით, ეს მის წიგნებში სწერია.

   შმემანის დამცველი: სად წაიკითხე, ჩვენ ვერაფერს ვპოულობთ ისეთს.

   მართლმადიდებლობის დამცველი: ამა და ამ წიგნში, ამ წერილში, ამ გვერდზე.

   შმემანის დამცველი: ეს არ იქნება სიმართლე.

   მართლმადიდებლობის დამცველი: სხვა წერილშიც იმავეს ამბობს.

   შმემანის დამცველი: თქვენ ალბათ სხვანაირად გაიგეთ ნათქვამი.

   მართლმადიდებელი: წმინდა მამებთან ამგვარი სწავლება არ გვხვდება.

   შმემანისტი: ეს ხომ უმნიშვნელო რამაა, წვრილმანებს რატომ ეკიდებით?

   მართლმადიდებელი: ეს დოგმატური სწავლებაა, როგორაა უმნიშვნელო.

   შმემანისტი: ეს სხვაგვარად, ახლებურად უნდა გაიაზროთ.

   მართლმადიდებელი: ჰოოო...

   ჩვენ არაერთი ნაშრომი მივუძღვენით მოდერნისტების მხილებას. მათი ნაშრომებიდან მკაფიოდ იკვეთება არამართლმადიდებლური შეხედულებები.

   სამწუხაროდ, მიტროპოლიტი იეროთეოსის (ვლახოსი) ნაშრომებსაც „პარიზული სკოლის" ძლიერი კვალი ეტყობა, რითაც მისდამი, როგორც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველისადმი კითხვის ნიშნები ჩნდება.

   XX საუკუნის მოდერნიზმმა მიზნად დაისახა მთლიანად შეეცვალა მართლმადიდებლური ცნობიერება. ამგვარად ყალიბდება „ახალი ადამიანის", „ახალი ქრისტიანის", „ახალი მართლმადიდებელის" ტიპი, რომლის შეხედულებებს ვეღარ გადაამოწმებ წმ. წერილსა და წმ. მამათა სწავლებაში, რატომ? იმიტომ რომ, „ახალმა მამებმა". მთელი საუკუნის მანძილზე თავდაუზოგავად იმუშავეს კერძო აზრების მართლმადიდებლობად წარმოჩენისათვის.

   მსოფლიო ომებით, რევოლუციებითა და რეპრესიებით დაუძლურებულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, (იმ დროს, როდესაც „პარიზის სკოლა" შემოქმედების მწვერვალზე იმყოფებოდა), ვერ შეძლო ადეკვატური პასუხის გაცემა. ეკლესიის კრებსითმა ცნობიერებამ დროულად ვერ გააწნა სილა ადოგმატიზმს, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც ღვთისმეტყველებაში, ისე ყველაფერში, გარდა პირადი აღმსარებლური ღვაწლისა.

   დღეს თანამედროვე ქრისტიანი კარგად არჩევს „დოლარს" „ევროსაგან", „პროდასავლურს" „პრორუსულისაგან" და ა.შ. მაგრამ ვერ არჩევს „კერძო აზრს" მართლმადიდებლური სწავლებისაგან, „ტრადაციას" „სიმულაციისაგან", „მართლმადიდებლობას ყალბი მართლმადიდებლობისაგან".

   სამწუხაროდ, ეს მტკივნეული რეალობაა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ცხადია, არ გვაქვს ილუზია, რომ პროცესები უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენი ნაშრომებით („პარიზის სკოლის კვალი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში", „დედა ეკლესიაში პირველობის შესახებ", „XX-XXI ს.ს. მოდერნისტების ღვთისმეტყველება") უბრალოდ ვცდილობთ მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ მოდერნიზმის ფენომენის მხილებაში, რომელმაც უამრავ ქრისტიანს დაუმახინჯა მსოფლმხედველობა. (გაგრძელება...)

 
 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება