მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 14 იანვარი (ახ. სტ.) - წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

14 იანვარი (ახ. სტ.) - წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი


13-01-2024, 13:29

 
   იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრება და მასთან დაკავშირებული მოვლენები - შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, იერუსალიმს დიდებით შესვლა და სხვანი - ქრისტიანობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ, გარდა ისტორიული თუ პოლიტიკური შინაარსისა, აქვს ღრმა მისტიკური მხარეც. ამ მოვალენათა გამოწვლილვით შესწავლა გვეხმარება, ჩვენც გავიაროთ ის გზა, ღვთის ძემ რომ განვლო, მივბაძოთ მას, ვიტვირთოთ საკუთარი ჯვარი, ვძლიოთ ჩვენს ცოდვებსა და ვნებებს და ქრისტეში გავიზარდოთ.
  შეიძლება ვინმემ იკითხოს: რა საჭირო იყო განკაცებულ უფალს გაევლო ჩვილობა, ყრმობა, სიჭაბუკე? ნუთუ გაუჭირდებდოა, პირდაპირ ზრდასრული კაცის სხეული შეემოსა და ასე გამოეხსნა კაცობრიობაო? რაღა თქმა უნდა, ღმერთს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმიდან სულ მალე გაჩნდა უამრავი სექტა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იესომ, ძე კაცისამ და ღვთის ძემ, მხოლოდ მოჩვენებითად შეიმოსა კაცობრივი სხეული და ასე აღასრულა თავისი ღვაწლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს გამოხსნაში ადამიანური ბუნება არ მონაწილეობდა. ეს კი დიდი შეცდომაა, ვინაიდან გამოხსნის აზრი სწორედ ეს გახლავთ: ადამიანმა შესცოდა და ადამიანსვე უნდა გამოესყიდა ეს შეცოდება. დღესაც მრავალი სექტა ავრცელებს ამ მცდარ სწავლებას. და ეს მაშინ, როცა ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანივით იშვა და გაიზარდა; რაღას იტყოდნენ, მაცხოვარს პირდაპირ მოწიფული მამაკაცის სხეული რომ შეემოსა?
   აი, რატომაა მნიშვნელოვანი წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იგი მიგვანიშნებს, რომ რვა დღის ბავშვი არა მოჩვენებითი, არამედ რეალური ხორცით წინადაიცვითა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის უფლის მიერ მიცემული აღთქმის მოსაგონებლად: „რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე" (დაბ. 17,12). მას შემდეგ ყველა ებრაელი მამაკაცი აღასრულებს ამ წესს. ის კი არა, აბრაამის პირველი შვილის, ისმაელის გამო, რომელიც მამამ ისააკთან ერთად 13 წლისა წინადაცვითა, მისი შთამომავალნიც - არაბები წინადაიცვითებიან, თუმცაღა, ებრაელთაგან განსხვავებით, 13 წლიდან.
  იუდეველები ამ წესს ისე მკაცრად იცავდნენ, რომ წინადაცვეთის გამო შაბათის უქმესაც კი არღვევდნენ. შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც - თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რათა ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. უფალმა წინადაიცვითა და ამით დაადასტურა, რომ ჭეშმარიტად შეისხა ხორცი. ამ წესის აღსრულებისას დაერქვა იესო - სახელი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს აუწყა მთავარანგელოზმა მის ჩასახვამდე („იესო" სწორედ „მაცხოვარს" ნიშნავს და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა): „როგორც კი რვა დღე შესრულდა მის წინადასაცვეთად, დაარქვეს მას სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე" (ლკ. 1,21). არც ერთ აპოკრიფულ სახარებაში წინადაცვეთაზე არაფერია ნათქვამი, არც ერთში, გარდა „არაბული სახარებისა" იესოს ბავშვობაზე, სადაც ამბავი შემაძრწუნებელი დეტალებით არის მოთხრობილი. ეს არ იყო ისეთი მოვლენა, ისინი რომ დაინტერესებულიყვნენ, ვისაც საღვთო ისტორიაში თავისი გამონაგონის ჩართვა სურდა, მაგრამ ქრისტიანთათვის უფლის წინადაცვეთას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა - ის ადასტურებდა, რომ ქრისტე მოვიდა არა ძველი რჯულის გასაუქმებლად, არამედ აღსასრულებლად: „რამეთუ ესრეთ შუენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე" (მათ. 3,15). უფალმა მიიღო წინადაცვეთა, როგორც მოსეს რჯულის პირველი დადგენილება. აი, რას წერს პავლე მოციქული: „და როცა მოვიდა სისავსე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა და დაემორჩილა იგი რჯულს რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო (ღმერთის) შვილობა" (გალ. 4,4). ამგვარად, მაცხოვარს წინადაცვეთა რომ არ მიეღო, მას არავინ აღიარებდა მესიად, აბრაამის შთამომავლად. იესო ქრისტემ სიყრმეშივე დაითმინა ტკივილები, რათა ჩვენთვის სულიერი წინადაცვეთა ესწავლებინა. მსგავსად აღმოსავლეთისა, მზის ჩასვლის დროს დასავლეთიდან რომ ირეკლავს სინათლეს, ბეთლემიც გოლგოთის მაუწყებელი იყო და ყრმის აკვანიც კი მაცხოვრის ჯვარზე ვნების ჩანასახს ატარებდა. ამასთან, წინადაცვეთა სახე იყო ნათლისღებისა, რადგან, ისევე როგორც წინადაცვეთა კვეთს სხეულისგან მის არათუ საჭირო რამ ნაწილს, არამედ უვარგის ზედმეტობას, ასევე წმინდა ნათლისღების გზითაც ცოდვა მოგვეკვეთება, ხოლო ეს ცოდვა, ცხადია, არის წადილის ზედმეტობა და არა საკუთრივ საჭირო წადილი (რადგან შეუძლებელია, რომ ვინმეს საერთოდ არაფერი სწადდეს ანდა საერთოდ არ ეგემოს სიამოვნება), რამეთუ ცოდვა იგივეა, რაც სიამოვნების უვარგისობა ანუ უვარგისი წადილი და სიამოვნება, რასაც გადაჰკვეთს, მოჰკვეთს, ე.ი. „წინადასცვეთს" წმინდა ნათლისღება, ნიშნად გვანიჭებს რა პატიოსან ჯვარს შუბლზე, თუმცა არა სხვა ხალხებისგან ჩვენს გამოსაყოფად (რადგან ყველა ხალხი მიახლებულია ნათლისღებას და აღბეჭდილია ჯვრის ნიშნით), არამედ - ყოველ ხალხში მორწმუნის გასამიჯნავად ურწმუნოსაგან.
   ამგვარად, როდესაც გაცხადდა ჭეშმარიტება, უსარგებლო გახდა სახე და აჩრდილი (ანუ წინადაცვეთა). ასე რომ, ამჟამად წინადაცვეთა ზედმეტიცაა და ეწინააღმდეგება კიდეც წმინდა ნათლისღებას, რადგან წინადაცვეთილი მოვალეა დაიცვას მოსეს რჯული, უფალმა კი წინადაიცვითა სწორედ იმიტომ, რომ დასრულებულიყო რჯული. მან დაიცვა აგრეთვე მთელი სჯული და შაბათი, რომ დაესრულებინა და გაეჩერებინა რჯული, მაგრამ როდესაც ნათელიღო და სულიწმინდა მტრედის სახით გამოუჩნდა ადამიანებს, ქვედაეშვა რა მასზე, ამის შემდეგ უკვე სულიერი მსახურება და მოღვაწეობა და ცათა სასუფეველი იქადაგა.
   ცნობები, აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესასწაულის კა-ნონი ღირსმა სტეფანე საბაიტელმა შექმნა.
 
 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება