მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, რევოლუციის სახეობები, მთავარი გვედის ფოტო > „რევოლუციური ქრისტიანობა“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„რევოლუციური ქრისტიანობა“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


15-11-2022, 00:01

„რევოლუციური ქრისტიანობა“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   სოციალური ქრისტიანობა სამი ძირითადი სახეობისაგან შედგება:

   1) „რევოლუციური ქრისტიანობა" (ღვთისმეტყველება);

   2) „ქრისტიანული სოციალიზმი" (სოციოლოგია);

   3) „მართლმადიდებლური სოციალიზმი" (სოციოლოგია).

   ნიშანდობლივია, რომ ყოველი მცდელობა რაიმე სახით გაამართლო „ქრისტიანული სოციალიზმი" (სოციალური ქრისტიანობა), მისი საწყისების განხილვის აუცილებლობამდე მიგვიყვანს. საკითხის ზედაპირული გაცნობაც კი ცხადყოფს, რომ მისი (სოციალური ქრისტიანობის) საფუძვლები რევოლუციურია.

   აქაც, როგორც სხვა მოდერნისტულ მიმართულებებში, ერთი და იგივე განვითარების პროცესს ვაწყდებით: ფილოსოფიური ნააზრევი (მაგ. გერმანელი იდეალიზმისა) იჭრება დასავლურ რელიგიურ (კათოლიკურ, პროტესტანტულ) ცნობიერებაში, ხოლო შემდეგ, ვით პროგრესული მოვლენა, მართლმადიდებლურ წიაღშიც ეძებს თავის ადგილს.

   XIX საუკუნეში იდეალისტი ფილოსოფოსების (ჟ. რუსო, გერდერი, ფეგელი და სხვა) ფანტაზიამ კაცობრიობისთვის ახალი „სახარება" შეთხზა. ისინი ერთხმად გაიძახოდნენ: „არ არსებობს სამყარო, კაცობრიობა რევოლუციის გარეშე".

   დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია! მან მიზნად დაისახა საზოგადოების განახლება, არადა ეს მხოლოდ ქრისტიანული საშუალებების გამოყენებით არის შესაძლებელი, მსგავსი ბერკეტები რევოლუციას არ გააჩნია. ნიშანდობლივი ამ ვითარებაში ის გახლდათ, რომ რევოლუციას არა მხოლოდ თეოკრატიის, არამედ ქრისტიანული აღმსარებლობების (განსაკუთრებით მართლმადიდებლობის) წინააღმდეგ უნდა გაელაშქრა. ამდენად, მან ომი არა იმდენად მონარქიას, არამედ ქრისტეს მეუფებას დედამიწაზე, ღვთის წესრიგს გამოუცხადა.

   1789 წლის რევოლუციური მოძრაობის შემდეგ საფრანგეთში შესამჩნევი გახდა მცდელობა, რევოლუციური მოძრაობა რამენაირად დაეკავშირებინათ სახარებასთან. ამ იდეას საფუძველი კათოლიკე მღვდელმა კლოდ ფოშემ ჩაუყარა.

   კ. ფოშე სახარებასა და რევოლუციას შორის შინაგან თანხვედრაზე საუბრობდა. თავის ნაშრომებში ის წერს:

   „ფრანგული რევოლუცია უახლესი ცივილიზაციის საბოლოო შედეგია, რომლის ერთადერთი საფუძველი წმ. წერილი (სახარება) გახლავთ. ეს არ დაექვემდებარება განხილვასა და წინააღმდეგობას, თუკი შევადარებთ რევოლუციურ პრინციპებს ქრისტიანულ სწავლებასთან. ამას ადასტურებს რევოლუციური ლოზუნგი: „თავისუფლება, ძმობა, ერთობა". ეს სიტყვები ეპიგრაფივით უძღვის ყველა რევოლუციურ აქტს, ამაზეა დაფუძნებული მისი თეზა".1

   სინამდვილეში, ეს სამი „სანუკვარი" სიტყვა: „თავისუფლება, ძმობა, ერთობა" გამოხატავს ამსოფლიურ სათნოებებს, რომლისკენაც ოპტიმიზმითა და ერთგულებით მიილტვიან ადამიანები. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ლოზუნგი ახალი რელიგიური კრედოს ხარისხში იქნა აყვანილი და საბედისწერო შეცდომებმაც არ დააყოვნა. საზოგადოება იმკის გარეგნული ფასადის დონეზე დაყვანილი კანონის („მშვიდობა, ძმობა, ერთობა") შედეგებს: ძალადობას, უთანხმოებას, ფანატიზმს... არადა გამოცხადებული ლოზუნგის მეშვეობით ბედნიერი და ნეტარი ახალი ეპოქა უნდა დაწყებულიყო. მასებს ხომ არ შეუძლიათ ფილოსოფოსობა და იმის გაგება, რაც ლოზუნგის მიღმა იმალება. მათ თავისუფლება, ძმობა, ერთობა და მისთანანი მართლაც თავიანთი უფლებები ჰგონიათ. მაგრამ საბოლოოდ გაწბილების მეტს ვერაფერს ხედავენ.

   ცნობილი მოაზროვნე ვ. როზანოვი ამბობდა: „რევოლუციას ორი საზომი გააჩნია - სიგრძე და სიგანე, მაგრამ არ აქვს მესამე - სიღრმე. აი, ამ ჭეშმარიტ თვისებას ისინი (რევოლუციის მომხრენი) ვერასოდეს დაეუფლებიან. რევოლუცია ყოველთვის ძალადობით, ძველის ნგრევით და ყოველთვის ხვალინდელი დღის მოლოდინით წარიმართება. ყოველი „ხვალე" კი მას გააწბილებს და „ზეგეში" გადაინაცვლებს. რევოლუციაში არ არსებობს ჭეშმარიტი სიხარული და არც არასდროს იარსებებს".2

   სხვა ცნობილი რევოლუციონერი სენ-სიმონი რევოლუციური პრინციპების დანერგვაზე შემდეგნაირად ფიქრობს:

   „იმისათვის რომ ადამიანები ძმებად ვაქციოთ, ახალმა ქრისტიანულმა ორგანიზაციებმა უნდა გამოიმუშაონ როგორც სასულიერო, ისე საერო დადგენილებები. ყველას მიზანი უნდა იყოს ღატაკი ფენის კეთილდღეობა. ამ გზით, ყველა საზოგადოებრივ ფენას, ყველა ნაციას მივიყვანთ ჭეშმარიტ გაბრწყინებამდე. ამ მიზნისთვის, რომელიც დამახასიათებელი იყო პირველი ქრისტიანებისთვის, აუცილებელია საზოგადოების „ფერისცვალება". ეს უნდა იყოს ყველა რელიგიური ნაშრომის მთავარი არსი. სწორედ რელიგიებმა უნდა წარმართონ საზოგადოება დიადი მიზნისაკენ".3

   კიდევ ერთი „რევოლუციონერი ქრისტიანი" ლამენე ღიად აღიარებდა რევოლუციურ სოციალიზმს. მას მიაჩნდა, რომ

   1) ადამიანი ბუნებრივად სრულყოფილია;

   2) ინდივიდს აქვს აბსოლუტური თანასწორობის უფლება;

   3) ფლობს პირად უცდომელობას, აქედან გამომდინარე, აქვს ჯანყის უფლება.

   ცხადია, ყველა ეს პრინციპი დიდი ცდომილებიდან იბადება: ადამიანის ცოდვით დაცემის უარყოფიდან.

   რევოლუციის გენიოსები (ვოლტერი, რუსო და სხვა) მიიჩნევდნენ, რომ რევოლუცია - ადამიანის სუვერენიტეტია, თავისუფლებაა, რომელმაც ღვთის სუვერენიტეტი (წესრიგი) უნდა ჩაანაცვლოს, ხოლო ეკლესიამ, ამ რევოლუციურ იდეებს მხარი უნდა დაუჭიროს.

   მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) შენიშნავს: „ეს ჯანყი, მისიონერული რევოლუციონერობა, არა მხოლოდ ძველი წესრიგის ფილოსოფიური საფუძვლების ნგრევას ისახავს მიზნად, ამ ამოცანას ნაკლებად მოშურნე რევოლუციონერებიც შეასრულებენ; რევოლუციის ძირითადი მიზანი სარწმუნოების განადგურებაშია. ქრისტიანული სარწმუნოების ძირეულ განადგურებამდე მიზანი მიუღწეველი რჩება".4

   ამიტომ, საბოლოო მიზნისთვის არა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკური, არამედ ე.წ. მეცნიერულ-ტექნიკური, რელიგიური და სექსუალური რევოლუციებიც მუშაობენ. ასე რომ, საქმე გვაქვს „პერმანენტულ რევოლუციებთან". და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ის საბოლოო მიზანს არ მიაღწევს. 

   „სიღრმისეული ანტიქრისტიანობა უდაოდ არის ის ფსევდოქრისტიანობა, რაც არის რევოლუციის მიზანი", - ასკვნის მამა სერაფიმე. (გაგრძელება...)






1 И. Восторгов. Христианский Социализм.

2 Православная Церковь о революции. С. 110.

3 И. Восторгов. Христианский Социализм.

4 Человек против Бога. С. Роуз. С. 67.


 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება