მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ევოლუციონიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ა. კურაევის ევოლუციონიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ა. კურაევის ევოლუციონიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე12-11-2022, 20:16 |
„ქრისტიანული ევოლუციონიზმის" ერთ-ერთ გამოჩენილ იდეოლოგად ყოფილი დიაკონი ანდრეი კურაევი უნდა მივიჩნიოთ. მან დაწერა ნაშრომი „მართლმადიდებლობა და ევოლუცია" (Првославие и Эволюция), სადაც ირწმუნება, რომ სამყაროს შექმნა და ევოლუცია განუყრელი ცნებებია. მისი სწავლება მთლიანად დაფუძნებულია ისეთი მოდერნისტების შეხედულებებზე, როგორებიც არიან ვ. სოლოვიოვი, ნ. ილინი, ვ. ზენკოვსკი, დ. სტანილოუ და „პარიზის სკოლის" სხვა წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ის კრიტიკულად ეკიდება მღვდელმონაზონ სერაფიმეს (როუზი) საფუძვლიან ნაშრომს „წიგნი შესაქმისა. სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები". „ანტიევოუციონისტების" საპირისპიროდ ა. კურაევი ცდილობს ევოლუციური თეორიის კვალდაკვალ გადააფასოს შესაქმის წიგნი. მისი აზრით, მართალია, არსებობდა ედემის ბაღი, მაგრამ ის იყო შემოღობილი და დაცული ადგილი. პირველ ადამიანს ღმერთმა მისცა კანონად დაეცვა სამოთხის ბაღი, ხოლო მის მიღმა მოქმედებდა ჯუნგლების კანონი, ე.ი. ედემის ზღურბლს მიღმა არსებობდა და მოქმედებდა დარვინისეული თეზა - არსებობისთვის ბრძოლა.1 ეს ვერსია ა. კურაევს საიმისოდ სჭირდება, რომ განავითაროს ევოლუციური თეორია, რომ ედემის მიღმა, ადამიანის გაჩენამდე ცხოველთა სამყაროში უკვე არსებობდა სიკვდილი ანუ ადამის შექმნის დროისთვის სამყაროში უკვე არსებობდნენ ცხოველები, რომლებიც არსებობისთვის ბრძოლაში კლავდნენ ერთმანეთს და ადამისთვის ეს ცნობილი იყო.2 მაგრამ აქ მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს ვაწყდებით. თუკი ადამს ედემის ბაღი უნდა დაეცვა, როგორღა შეიტყო ცხოველების სიკვდილი ადამმა? თუკი „ბრძოლა არსებობისათვის" ედემს მიღმა არსებობდა, როდის (და როგორ) გადმოხტა სიკვდილი ზღუდეზე და აღმოჩნდა ედემში? როდის გახდა ის (სიკვდილი) ცნობილი ადამიანისთვის? ან როდის გადახტნენ პირველი ადამიანები „ღობეზე" სიკვდილის „გაცნობის" მიზნით? ა. კურაევი შესაქმის წიგნის მუხლს „და მოიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი, რომელი შექმნა და დაადგინა იგი სამოთხესა შინა საშუებლისასა საქმედ მისა დაცვად" (შესაქმ. 2. 3) თავისებურად განმარტავს. წმ. მამები კი სულ სხვაგვარად განმარტავენ ეპიზოდს, თუ როგორი იყო ადამის სულიერი მოღვაწეობა და სულიერი მდგომარეობა ცოდვით დაცემამდე. სამოთხის ფიზიკური დამუშავება და გაშენება არ ყოფილა საჭირო. ასკეტი მამები „კეთებასა" და „დაცვას" ლოცვის სულიერ შრომას მიაკუთვნებდნენ. წმ. იოანე ოქროპირის სიტყვას მოვუსმინოთ, რომელიც ზუსტად ემთხვევა ღირსი ეფრემ ასურის სწავლებას: „საქმედ მისა, რა აკლდა სამოთხეს? თუ საქმე მაინც იყოს, საიდან გაჩნდა გუთანი ან მიწათმოქმედების სხვა იარაღები? საღვთო საქმე ის იყო, რომ მას ემოქმედა მცნებების მიხედვით და დაეცვა ისინი, შეენარჩუნებინა მათდამი ერთგულება: რაითა გრწმენეს ქრისტესი ესე არს საქმე ღმრთისაი" (იონ. 6. 29); ასევე საქმე გახლდათ რწმენა მცნებისადმი, ანუ - იმ შემთხვევაში, თუ იგი აკრძალულ ხილს შეეხებოდა, მოკვდებოდა, თუ არა - მაშინ იცოცხლებდა; ადამის საქმე გახლდათ, აგრეთვე, სულიერ სიტყვათა დაცვა... ნათქვამია: „საქმედ მისა დაცვად" - ვისგან დასაცავად? მაშინ არც ყაჩაღი იყო, არც ვინმე გამვლელი ან ბოროტგანმზრახველი. - მაშ ვისგან დავიცვათ? დავიცვათ საკუთარი თავისთვის; არ დავკარგოთ იგი მცნების დარღვევით; დავიმარხოთ სამოთხე ჩვენთვის - მცნებათა დაცვით".3 მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, სიკვდილი სამყაროში ადამიანია და ცხოველთა შორის ადამის ცოდვის დაცემის შემდეგ შემოვიდა. ა. კურაევი კი მიიჩნევს, რომ ღმერთმა ადამის შექმნამდე, ედემის ბაღს მიღმა უკვე შექმნა სიკვდილი. ე.ი. ა. კურაევის აზრით, ღმერთი სასტიკად ექცევა ედემს მიღმა არსებულ სამყაროს, რაც მკრეხელობად უნდა მივიჩნიოთ. ა. კურაევი (სხვა ევოლუციონისტების მსგავსად) ცდილობს ყოველივე დროის ცნებას დაუკავშიროს, თითქოს ყველაფერი ეტაპობრივად, დროში იქმნებოდა და ევოლუციონირებდა. სინამდვილეში, წმ. მამათა სწავლების თანახმად, ღმერთმა ყოველივე მყისიერად შექმნა: „ქმნა ღმერთმა ცაი და ქუეყანა..." (შესაქმ. 1-20). ღირსი ეფრემ ასური წერს, რომ ღმერთის შემოქმედებითი აქტები ამ დღეებში საჭიროებდა არა 24 საათს, არამედ მხოლოდ თვალის ერთ დახამხამებას: „თუმცა ნათელიც და ღრუბლებიც შექმნილია თვალის ერთ დახამხამებაში; მაინც როგორც დღე, ისე ღამე პირველი დღისა გრძელდებოდა 12-12 საათი".4 წმ. ამბროსი მედიოლანელი წერს: „მოსემ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაამატა - ქმნა ღმერთმა... რათა არ ეფიქრათ, რომ შექმნა დაყოვნდა. უფრო მეტიც, რათა ადამიანებს ეხილათ, აგრეთვე, თუ რაოდენ შეუდარებელია შემოქმედი, რომელმაც შეასრულა ასეთი დიადი საქმე თავისი შემოქმედებითი აქტის უმოკლეს დროში იმდენად სწრაფად, რომ მისი ნების მოქმედება დროსაც უსწრებდა".5 ა. კურაევის ევოლუციონიზმი დუალიზმს განსაკუთრებულ სახეობად უნდა მივიჩნიოთ; თან აღიარებს ღვთის შემოქმედებითობას, თან სამყაროს განვითარებას „არსებობისათვის ბრძოლაში" ხედავს.
1 А. Кураев. Православие и Эволуция. 2 იქვე. კურაევთან. 3 И. Злотоуст. О творении мира. V. 5. გვ. 791. 4 წმ. ეფრემ ასური. შესაქმის წიგნის განმარტება. ნაწ. 6. გვ. 214. 5 ს. როუზი. წიგნი შესაქმისა. (ციტ. Hexameron. 1, 5. გვ. 8). გვ. 41.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |