მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > „ერთიანი ეკლესიის იმიტაცია“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ერთიანი ეკლესიის იმიტაცია“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


8-11-2023, 22:41

 

   სიტყვა ეკუმენიზმი წარმოიშვა ბერძნული სიტყვისაგან „ეკუმენე". ამ სიტყვით აღინიშნება მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა მთელი ქრისტიანული სამყაროს (მართლმადიდებლების, პაპისტების, პროტესტანტების) და სხვადასხვა აღმსარებლობათა გაერთიანებას. ეკუმენიზმის მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ ამ გზით აღსრულდებოდა ქრისტეს მცნება: „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი. რაჲცა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყვნენ" (იონ. 17.21).

   ცხადია, ქრისტიანების გაერთიანების იდეა, თუ ის ქრისტეში ჭეშმარიტ ერთობას გულისხმობს, თავისთავად დადებითი მოვლენა გახლავთ.  უფრო   მეტიც:  ქრისტეში  ერთობისათვის  ყოველგვარი გაყოფისა და განხეთქილების წინააღმდეგ მრავალმა წმიდა მამამ და აღმსარებელმა აღიმაღლა ხმა.

   ეკუმენიზმის კრიტიკა იწყება მაშინ, როცა ამ მსოფლხედვის მომხრენი უგულებელყოფენ ქრისტიანულ კონფესიებს შორის არსებულ დოგმატურ განსხვავებებს და ე.წ. „ერთობის" პრაქტიკულ განხორციელებას ლამობენ.

   საკითხავია: აქვს კი ამ გაერთიანებას ჭეშმარიტად ეკლესიური საფუძვლები? ეჭვი უმალვე ჩნდება როგორც კი ვგებულობთ, რომ ეს მოძრაობა პროტესტანტულ სივრცეში ე.ი. ჭეშმარიტი ეკლესიის მიღმა დაიბადა. ეს ფაქტი არ იქნებოდა ხელისშემშლელი, პროტესტანტები დედაეკლესიაში დაბრუნებას რომ ისახავდნენ მიზნად. მაგრამ ასეთი მიზანი მათ არ გააჩნიათ. სამაგიეროდ პროტესტანტი ღვთისმეტყველები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ყველა ქრისტიანულ კონფესიაში ჭეშმარიტების მარცვალი იპოვონ. ანუ: მათი აზრით, ყველა ქრისტიანული კონფესია ფლობს ჭეშმარიტების ნაწილს, გაერთიანებით კი ჭეშმარიტება მთელი სისავსით წარმოჩნდება.

   ათეული წლებია ეკუმენისტური შეხვედრები და დიალოგები იმ პათოსით წარიმართება, თითქოს დედამიწაზე ჭეშმარიტი ქრისტიანული ეკლესია საერთოდ არ არსებობდეს. მათი აზრით, სხვადასხვა კონფესიებიდან ამოკრეფილი აზრების შეკრება-შეჯამებით, ნაწილ-ნაწილ უნდა შეიკრას, გამთლიანდეს სრული ჭეშმარიტება.

   ამაში მჟღავნდება პროტესტანტი ეკუმენისტების ურწმუნოება ეკლესიისადმი, შესაბამისად, თავად ქრისტესადმი, რომელმაც ბრძანა: „... ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ. 16.18).

   დეკლარირებულად ეკუმენიზმი აცხადებს, რომ უნდა დავბრუნდეთ ძველ, განუყოფელ ეკლესიაში, მაგრამ სინამდვილეში საპირისპირო ხდება: ღვთისმეტყველებასა და ღვთისმსახურებაში არნახული სისწრაფით მიმდინარეობს მოდერნიზაცია და ლიბერალიზაცია. ამ ვითარებში ძნელი გასარკვევია, ღვთისმსახურება აღესრულება თუ კონცერტია როკ-მუსიკის.

   მთელ რიგ სხვა საკითხებშიც არ არსეობობს ერთობა ეკუმენისტურ მოძრაობაში...  მთავარ თეზისად ეკლესიის ერთიანობას მიიჩნევენ, მაგრამ ამ სიტყვას მცდარად, დამახინჯებულად იაზრებენ. ერთიან ეკლესიაში ისინი არა მარტო მართლმადიდებლებს, არამედ ყველა ქრისტიანულ კონფესიას ანუ ერეტიკოსებსაც გულისხმობენ.

   ეს ეკუმენისტური მსოფლხედვა რადიკალურად განსხვავდება მართლმადიდებლურისაგან, რომელიც ერთიან ეკლესიაში ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტ მართლმორწმუნე ადამიანებს მოიაზრებს. მართლმორწმუნე ეკლესიისთვის ერეტიკოსები არასოდეს ყოფილან  თვით ქრისტეს სხეულის შემადგენლობაში. ანდა, განა შესაძლებელია ეს მოსაზრება ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ, როცა მსოფლიო კრებები ერეტიკოსებს ეკლესიიდან განაყენებდნენ, ანათემას გადასცემდნენ? როგორც ჩანს, ეკუმენისტები ეკლესიის შესახებ სწავლებაში მსოფლიო კრებების ავტოროტეტს არ აღიარებენ, მაგრამ ეს ხომ მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის უგულებელყოფას ნიშნავს?!

   ცხადია, ერეტიკოსები ჭეშმარიტების ერთადერთ კრიტერიუმად მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას, საკუთარ გონებას მიიჩნევენ.

   მსგავს რაციონალიზმსა და ჭეშმარიტი ეკლესიისადმი მსგავს ურწმუნოებას ეკუმენისტები თითქოს ეკლესიის საყოველთაოობით (კათოლიკე) ამართლებენ. ჩვენ წმიდა მამების სიტყვისამებრ ვუწოდებთ ეკლესიას კათოლიკეს ანუ საყოველთაოს ან მსოფლიოს იმიტომ, რომ „ის არ შეიზღუდება არც ადგილმდებარეობით, არც დროით, არც ეროვნებით, არამედ საკუთარ თავში მოიცავს ყველა ტერიტორიას, დროსა და ერს" (მიტროპოლიტ ფილარეტის კატეხიზმო). მაგრამ ეკუმენისტები ეკლესიის ამ განსაზღვრებაში გულისხმობენ არა მარტო ჭეშმარიტ, მართლმორწმუნე ქრისტიანებს, არამედ  ერეტიკოსებსაც.

   მსგავსადვე ცდებიან ეკუმენისტები სიტყვათაწყობა - მოციქულებრივი ეკლესიის გააზრებისას რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეკუმენისტები მოციქულებრივი ეკლესიის წევრად მიიჩნევენ ე.წ. „ქრისტიანულ ეკლესიებს", რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ მოციქულებრივი წარმომავლობა. ასეთი „ეკლესიის" წარმომადგენლებს პავლე მოციქული განაყენებდა მართლმადიდებელი ეკლესიისგან და ანათემას გადასცემდა: „... დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალ. 1.8).

   მაგრამ ყველაზე მეტად მართლმადიდებელი ეკუმენისტები ბღალავენ მრწამსის მეცხრე მუხლს „წმიდა ეკლესია" ისინი წმიდა ეკლესიის წევრად მიიჩნევენ ერეტიკოსებს.

   ეკლესია იწოდება წმიდად იმიტომ, რომ ის ფლობს მადლს სულიწმიდისა, რომელსაც მორწმუნე იღებს მირონცხების საიდუმლოთი ნათლისღების დროს.  ეს მაცხონებელი მადლი არის ყველაზე ძვირფასი და უმაღლესი წყალობა, ვინაიდან სწორედ ამისთვის მოვიდა ქრისტე ამქვეყნად, ევნო, ჯვარცმითა და სიკვდილით გამოისყიდა კაცობრიობა. მაგრამ ეს უძვირფასესი ნიჭი სულიწმიდისა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს პროტესტანტებში, ვინაიდან მათ არა აქვთ მირონცხების საიდუმლო.

   ნათლისღებით ჩვენ მხოლოდ განვიწმინდებით ცოდვებისაგან, ვკვდებით ძველი ცხოვრებისათვის და ავღორძინდებით ახალი,  წმიდა ცხოვრებისათვის. მაგრამ ყოველივე ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ მადლმოსილების შედეგად, რომელსაც ვღებულობთ მირონცხების საიდუმლოთი. ამ საიდუმლოთი გვეძლევა სულიწმიდა თავისი ნიჭებით, რაც გვაძლიერებს სულიერ ცხოვრებაში.

   მადლმოსილი წმიდა ცხოვრება არ შეიძლება ჰქონდეთ იმ ქრისტიანულ კონფესიებს, რომლებსაც, მართალია, აქვთ მირონცხების საიდუმლო, აღდგეს ერესში ჩავარდნენ, ამიტომ მათი საიდუმლო არ არის ჭეშმარიტი და მაცხონებელი.

   ასე რომ, ცდებიან ეკუმენისტები, როცა წმიდა ეკლესიის წევრად მიიჩნევენ ერეტიკოსებს. ძალიან მყიფეა მათი არგუმენტი: გაერთიანების იდეოლოგია ეფუძნება იმ შეხედულებას, რომ ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები, ვით ცოდვილი, უძლური ადამიანები, მართლმადიდებლების მსგავსად განიწმინდებიან ღვთის მადლითა და ურთიერთსიყვარულით.

   არადა მართლმადიდებლებსა და სხვებს შორის უზარმაზარი განსხვავებაა. მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს, თუნდაც დიდად ცოდვილებს, ყოველთვის ძალუძთ სინანულის საიდუმლოს მეშვეობით წმინდანნი გახდნენ. ერეტიკოსისა თუ ერეტიკოსთა ჯგუფისათვის ეს სიწმინდე მიუღწეველია, ვინაიდან მათთან არ მოქმედებს მირონცხებისა და სინანულის საიდუმლოებების მადლი. ერეტიკოსი მხოლოდ თავისი ერეტიკული შეხედულებების შენანებისა და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების შემდგომ შეიძლება გახდეს ქრისტეს წმიდა ეკლესიის წევრი.1

   ჩვენი აზრით, ისინი, ვინც ზემოხსენებულ გაერთიანებაზე საუბრობენ, ვერ გარკვეულან ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის მისიაში. მათი აზრით, ქრისტემ ერთგვარი ეთიკური მოძღვრება იქადაგა და იმისთვის მოვიდა, რომ კაცთათვის ამა სოფლის სანიმუშო მოქალაქეობა ესწავლებინა. ადამიანებს სურთ ქრისტე, რომელიც საუბრობს მხოლოდ ამ ცხოვრებაზე და არა მარადიულობაზე.

   სწორედ ამიტომაა ეკუმენისტებისთვის სულერთი, რა ელის ჭეშმარიტებას იმ ათასობით კომპრომისული დიალოგებისა და შეხვედრების გამოისობით, რის შედეგადაც ე.წ. ქრისტიანული ეკლესიები უნდა გაერთიანდნენ.

   ეკლესია არ ცნობს გაერთიანებას - იგი არასოდეს გაყოფილა! (გაგრძელება...)




1გამოყენებულია არქიეპისკოპოს სერაფიმეს (სობოლევი) წიგნი „Надо ли Русской Православной церкви участвовать экуменическом движении".




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება