მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ეკუმენიზმის საფუძვლები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ეკუმენიზმის საფუძვლები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


1-11-2022, 00:00

 

   მოდერნისტულ მიმართულებათა განხილვისას მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მათი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე, რასაც ეკუმენიზმი ეწოდება. თითოეულ მოდერნისტულ მიმართულებას რომ გარკვეული სპეციალიზება ახასიათებს და დოგმატურ-ორთოდოქსული საფუძვლების რაღაც ნაწილის მოშლა გამოარჩევს, ამით, შეიძლება ითქვას, ისინი გარკვეულწილად ნიადაგს უმზადებენ ეკუმენისტურ მოძრაობას.

   ეკუმენიზმი უნივერსალური რელიგიის შექმნის პრეტენზიით შეპყრობილი შეხედულებაა. ესაა მისი „მიმზიდველობა". სწორედ ეკუმენიზმია პროტესტანტული, ლათინური და „მართლმადიდებლური" მოდერნიზმის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება. ცხადია, მართლმადიდებლების მხრივ ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოების ღალატი ამქვეყნიური ცხოვრების კეთილმოწყობისა და პრაქტიკული სარგებლის მიზნით.

   ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავდაპირველად გავიაზროთ ეკუმენიზმის არსი, მეთოდები და მოცანები, რათა გასაგები გავხადოთ მისი დამანგრეველი ზემოქმედება თანამედროვე ღვთისმეტყველებასა და სულიერ ცხოვრებაზე.

   ეკუმენიზმი (ბერძ. „ეკუმენე" - მსოფლიო), „ეკუმენეს", როგორც ეკლესიათა შერიგების ფენომენის განმარტება, პროტესტანტულ სამყაროში შვედი „ეპისკოპოსის" ნატანა სედერბლომის (1866-1930) სახელთანაა დაკავშირებული. არსებითი სახელი „ეკუმენიზმი" პირველად 1937 წ. კათოლიკმა მოდერნისტმა ივა კონგარსმა (1904-1995) გამოიყენა. ოფიციალური აღიარება ამ ტერმინმა ვატიკანის II კრებაზე (1964) Unitatis retintegrition დეკრეტით მიიღო.

   ეკუმენიზმი ორი ფორმით ვლინდება:

   1) მოძრაობა ქრისტიანული კონფესიების ერთიან ეკლესიაში გასაერთიანებლად დოგმატური განსხვავებების შენარჩუნებით.

   2) თეორიული რწმენა იმისა, რომ სარწმუნოებრივ საკითხებში განსხვავების მიუხედავად, უკვე არსებობს ქრისტიანთა ერთობა ყველა რელიგიის წარმომადგენელსა და საერთოდ ყველა ადამიანს შორის.

   პირველი ფორმა ეკუმენიზმისა გამოხატულია კონფესიათაშორის და რელიგიათაშორის დიალოგში, ვით პრაქტიკულ საქმიანობაში, სადაც ადამიანური ძალისხმევით ცდილობენ კონფესიებს შორის ერთობის, მშვიდობის მიღწევას.

   მეორე ფორმა „სულიერ" და თეორიულ ეკუმენიზმში ვლინდება, რაც სარწმუნოებრივი საფუძვლების ნგრევასა და მისი რელიგიური ინდიფერენტიზმით ჩანაცვლებას გულისხმობს.

   ეკუმენიზმის შიგნით ეკლესიათა გაერთიანების მრავალი პროექტი არსებობს. ორგანიზაციის სახით კი ის „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" (ე.მ.ს.) სახელწოდებით გვევლინება.

   რაკიღა ადოგმატური გამოვლინებაა, ეკუმენიზმი პრაქტიკულად გაურბის თავისი სწავლების ზუსტ განსაზღვრებას. მისთვის უპირატესი მნიშვნელობა არა დოგმატურ სწავლებას (ეკლესიის საზღვრებს), არამედ სწავლების „ქარიზმატულობას" ენიჭება. ამ გზით მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება „პირადი შემოქმედების", „კერძო აზრის" დონემდე დაიყვანება.

   ეკუმენიზმში კონფესიათაშორისი „ერთობა" ერთდროულად ფაქტიც არის და მისაღწევი მიზანიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იდეა ყალბია - ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს მიღწეულიც და მისაღწევიც.

   ეკუმენიზმი ადოგმატური ხასიათის მოჩვენებითი ერთიანობაა. სინამდვილეში ერთიანობის განხორციელების შეუძლებლობის ფონზე, მიმდევრები იაზრებენ ამას და ამიტომ განუსაზღვრელი ერთობის შესახებ საუბრობენ. კერძოდ: ყველა კონფესიის მოდერნისტი უარს ამბობს ერთმანეთთან კონკურენციაზე. აქედან მომდინარეობს ყველა ეკუმენისტური დიალოგის საფუძვლიანი მოთხოვნა: შეწყდეს პროზელიტიზმი. გაერთიანება დოგმატური მინიმალიზმის პრინციპზე უნდა განხორციელდეს. (გაგრძელება...)



დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება