მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, პროტესტანტიზმი, მთავარი გვედის ფოტო > პროტესტანტული კრიტიციზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
პროტესტანტული კრიტიციზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე19-10-2022, 00:00 |
პროტესტანტული შეხედულება წმ. წერილსა და წმ. გარდამოცემაზე მართლმადიდებლურისაგან რადიკალურად განსხვავებულია. პროტესტანტ-რეფორმატორები მიიჩნევენ, რომ არა მხოლოდ წმ. გარდამოცემა (წმ. დოგმატები, კანონიკური სამართალი, წმ. მამათა სწავლებანი), არამედ წმ. წერილის (ბიბლია) მრავალი სწავლება, სასწაულები, განსაკუთრებით ძველი აღთქმის წიგნები, არ ექვემდებარება ლოგიკურ განსჯას, ამდენად ის მითოლოგიური სფეროა. რწმენის საკითხებისადმი მარტოოდენ რაციონალისტური მიდგომის გამო ყალბი თავისუფლების სურვილით შეპყრობილი პროტესტანტი თეოლოგები თავდაპირველად წმინდა გარდამოცემის, ვით ეკლესიაში ფორმალური ხასიათის დანამატის, კრიტიკას შეუდგნენ. ეს კი, ადრე თუ გვიან, ბიბლიის კრიტიკაში უნდა გადაზრდილიყო. მართლაც, მალე დაიწყო მძლავრი ანტიბიბლიური მოძრაობა, გაჩნდა ე.წ. შედარებითი ისტორიული სკოლა, სადაც თითქოსდა უახლეს მეცნიერულ აღმოჩენებზე დაყრდნობით კადნიერად შეუდგნენ ბიბლიის ტექსტების „მეცნიერულ ანალიზს", ე.ი. „ბიბლიის კრიტიკას". პროტესტანტი პასტორი ლუკა ვისჩერი ამ მოვლენის გამო წერდა: „პროტესტანტები იმდენად ცალმხრივად განიხილავენ სახარებას, რომ ეკლესიური წეს-განგება მთლიანად უგულებელყოფილია. ის აზრი, რომ კანონიკურ სამართალს არ უნდა მიენიჭოს არანაირი ყურადღება, მათთვის ცხოვრების პრინციპად იქცა. დოგმატური და კანონიკური სწავლების იგნორირებით ფართო გასაქანი ეძლევა ადმინისტრაციულ და ბიუროკრატიულ აპარატს".1 მოჩვენებითმა ქარიზმატულობამ, სინამდვილეში ღვთაებრივ კანონებზე უფრო მეტად ადამიანური ფაქტორების სიჭარბემ, პროტესტანტიზმი სახარებისეული სწავლების ურწმუნოებამდე მიიყვანა. სხვა პროტესტანტი თეოლოგი შლეირმახერი ამბობს: „ქვეყანა, რომელიც რეფორმაციის სულისჩამდგმელად იყო მიჩნეული, დღეს რეფორმატორული სარწმუნოების სამარე ხდება. პროტესტანტული სარწმუნოება სიკვდილის პირასაა. ყოველი ახალი ნაშრომი, ასევე ყოველი პირადი დაკვირვება, ცხადყოფს ამას... პროტესტანტიზმის მაცოცხლებელი ძალა დოგმატური სკოლების, საღვთისმეტყველო უთანხმოებების, საეკლესიო კამათების უდაბნოში იშრიტება; რისთვისაც თავს სწირავდნენ მამები, ეჭვის საგანი ხდება, პროტესტანტიზმი, გახლეჩილი, სუსტი, უძლურია".2 პროტესტანტები ეტაპობრივად რელიგიის სოციალური პროდუქტის რანგში განხილვას შეუდგნენ. ფაქტობრივად ღმერთი ადამიანით ჩაანაცვლეს. ვხედავთ, რომ რეფორმატორულ წიაღში რელიგია, ღვთის რწმენა აღარ არის მსჯელობის საგანი. XIX საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნე რენე გენონი ამბობს: „პროტესტანტიზმი თავშივე ალოგიკურია: ის მიილტვის რელიგიის „გაადამიანურებისაკენ", ამავე დროს (მართალია მხოლოდ თეორიულად), უშვებს რაღაც „ზეადამიანურსაც". ღვთაებრივი გამოცხადების ადამიანურ განმარტებას რომ შეუდგა, პროტესტანტიზმმა უარყო იგი. შემდეგ, ყველაფრისადმი უარყოფის სულით გამსჭვალულმა, შვა დამღუპველი კრიტიკანობა, რომელიც ე.წ. რელიგიის ისტორიკოსების ხელში მძლავრი საშუალება გახდა საერთოდ რელიგიის წინააღმდეგ. ისინი მხოლოდ სიტყვიერად ანიჭებენ წმინდა წერილს მთავარ როლს და არ აღიარებენ არანაირ სხვა ავტორიტეტს; სინამდვილეში რელიგიის მკვლევარები უარყოფენ თვით წმინდა წერილს და იმ სწავლებას, რომლის მიმდევრადაც წარმოაჩენენ საკუთარ თავს".3 პროტესტანტები ეძებენ არგუმენტირებულ მტკიცებულებას და არა რწმენას, რომელიც მეცნიერებასთან კავშირში ესახებათ. ბიბლიის კრიტიკის ამგვარი მიმართულების გამო თავად პროტესტანტი თეოლოგები ძლიერმა პანიკამ მოიცვა. პასტორი ი. შლეირმახერი თავის მოწაფეს ლიუკეს წერდა: „თუ დავაკვირდებით თანამედროვე ბუნებათმცოდნეობის განვითარებას, რამდენად მოიცვა მან თავისი „მეცნიერული" მიდგომით ჩვენი სარწმუნოება, საშიში წინათგრძნობა მეუფლება ქრისტიანობის ხვედრის შესახებ, ვფიქრობ მრავალ შეხედულებაზე, რომელსაც ქრისტიანობის განუყოფელ ნაწილად მივიჩნევდით, უარის თქმა მოგვიწევს... ჩვენი სახარებისეული სასწაულები, არაფერს ვამბობ ძველი აღთქმის სასწაულებზე, ადრე თუ გვიან დაეცემა „მეცნიერული გამონათქვამებით". რა მოხდება მაშინ?"4 ამრიგად, პროტესტანტიზმი ადამიანის გონებრივი ინტელექტის გაღმერთებით, რელიგიის გამეცნიერებით, წმინდა წერილის გარდამოცემისა და ეკლესიის არსის, ღვთაებრივი იერარქიის უგულებელყოფით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ქრისტეში მხოლოდ ქმნილ ბუნებას აღიარებს. მართლაც: თუ ეკლესიის წყობას ღვთაებრივი იერარქია არ გააჩნია, თავად ქრისტე პირველქმნილი ცოდვის მატარებელია (ა. მენი, ა. ოსიპოვი), ბუნებრივად ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების დაკნინება ხდება, ვინაიდან უბრალო ადამიანს არ შეუძლია ღვთაებრივის შექმნა, არ შეუძლია ადამიანის გამოსყიდვა. ის (ქრისტე) ჩვენნაირია, უძლურია, თავად საჭიროებს დახმარებას და ა.შ. აი, სადამდე მიდის „ბიბლიის კრიტიკის" მოდერნისტული მიმართულება. (გაგრძელება...)
1 წიგნ. Без церкви нет спасения. И. Троицкий. С. 131. 2 იქვე. И. Троицкий. 3 С. Роуз. Не от мира сего. С. 64. 4 წიგნ. ციტ. Плоды экуменического древа. Т 32. С. 67.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |