მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ლიტურგიკული განმაახლებლობის“ კონცეფცია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ლიტურგიკული განმაახლებლობის“ კონცეფცია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


3-10-2022, 10:22

 

   „ლიტურგიკული განმაახლებლობის" კონცეფცია სეკულარულ იარაღად იქცა ყველა ქრისტიანული დენომინაციისთვის. ის წმინდა იდეოლოგიურ მიმდინარეობად მოგვევლინა.

   საღვთისმსახურო რეფორმა ორი მიმართულებით განვითარდა:

   1) გარეგნული: წეს-განგების ცვლილება.

   2) შინაგანი: დოგმატების გადაფასება-გადააზრება.

   ამჯერად შინაგანზე გავამახვილოთ ყურადღება.

   საღვთისმსახურო რეფორმა ერთმნიშვნელოვნად განვითარდა, ვით ფსევდომისტიკური მოძრაობა. არსებითად, საუბარია წარმართობის, გნოსტიკური ხედვების აღორძინებაზე, რაც მორწმუნეთა „ახალ მასობრივ ადამიანად" ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.

   ა. შმემანის საღვთისმსახურო რეფორმა მიზნად ისახავს ერთი მხრივ, სარწმუნოების გაამსოფლიურობას, მეორე მხრივ, ფსევდომისტიკური სულისკვეთების ჩამოსაყალიბებლად ოცსაუკუნოვანი ტრადიციული ღვთისმახურების, როგორც თავად ამბობს, „მისტიფიცირების" შეცვას. ე.ი. ოცსაუკუნოვანი მისტიკური სულისკვეთება, ტრადიცია, ასკეტური გააზრება ლიტურგიკისა მისეული „გაუმჯობესებული" ფორმით უნდა შეიცვალოს.

   აშკარაა სარწმუნოების გაამსოფლიურობის მცდელობა, როდესაც მოდერნისტებს, განურჩევლად კონფესიისა, სურთ ახალი მასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბება. სინამდვილეში, ეს მართლმადიდებლური საიდუმლოების უარყოფაა. ა. შმემანის ლოზუნგია: „მთელი მსოფლიო ევქარისტიულ საიდუმლოში", რაც ქრისტიანულ საიდუმლოებათა გაქარწყლებას და წარმართული მისტიციზმის აღორძინებას მოასწავებს.

   „განმაახლებლური ლიტურგიკის" კონცეფციის ფარგლებში უნდა ჩამოყალიბდეს ახალი ხედვა ღმერთსა და ადამიანს, სამყაროს შორის, მოხდეს მათი გნოსტიკური შერწყმა ერთისა და მეორესი. ამ დროს მართლმადიდებლური ევქარისტია კარგავს თავის სულიერ მნიშვნელობას და ა. შმემანის მსგავსი მოდერნისტები მზად არიან ახლებური, „გადამრჩენელი" კონცეფცია შესთავაზონ საზოგადოებას.

   „ლიტურგიკული განმაახლებლობის" ერთ-ერთი ლიდერი გერვგენი წერდა: „ლიტურგიკული მოძრაობა რელიგიურ სფეროში იგივეა, რაც ფაშიზმი პოლიტიკაში".1

   „ლიტურგიკულ განმაახლებელთა" ამგვარმა სიახლოვემ ნაციონალ-სოციალისტებთან არ დააბრკოლა „მართლმადიდებელი" მოდერნისტები (კერნი, აფანასიევი, ა. შმემანი და სხვა) დამოწაფებოდნენ მათ. არსებითად, მიმდინარეობს თავისუფალი „შეჯვარება" სხვადასხვა ქრისტიანული თუ წარმართული იდეოლოგიებისა ერთ „უნივერსალურ ღვთისმსახურებაში". მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კარგად უწყის, რა იგულისხმება ამაში.

   ა. შმემანისთვის, მისაღები აღმოჩნდა კათოლიკური (გერმანული ხედვებით გაჯერებული) რეფორმა. მისთვის ლიტურგია - „კოლექტიური მოძრაობაა, მასების მარშია ზეციური სასუფეველისაკენ".2

   ამიტომ ა. შმემანისთვის მართლმადიდებლური ღვთისმსახურება, ევქარისტია „ზედმეტად ინდივიდუალურია, არამასობრივია".

   მასობრივ იდეოლოგიაში, რომლის ერთგული მიმდევარია ა. შმემანი, ღვთის წინაშე სულიერი, ასკეტური დგომა კარგავს თავის მნიშვნელობას. მათთვის საიდუმლოებები (ეკლესიის) მხოლოდ საშუალებაა საიმისოდ, რომ ადამიანები შეკრას კოლექტივში.

   ამრიგად, მიზანი და ამოცანა „ლიტურგიკული განმაახლებლობლობისა" არა ევქარისტიის შინაგანი, სულიერი გააზრება, მადლის მოხვეჭა, არამედ იდეოლოგიური მასების შექმნაა - ევქარისტიული „აღორძინების" იდეით შენიღბულმა სწავლებამ ეკუმენისტური, „ერთობლივი ღვთისმსახურება" უნდა დაამკვიდროს. ერთი სიტყვით: მიზანი საშუალება ხდება, ხოლო საშუალება - მიზანი. ამ ნიშნით კი მართლმადიდებელი ეკლესიის ევქარისტია არაპროგრესული და „არასრულყოფილიცაა". აქ (მართლმადიდებლობაში) „არაფერი იცვლება" - აღმოაჩენს შმემანი, ამიტომ „ლიტურგიკული აღორძინების" გეგმა სინამდვილეში საფუძვლიანად ამახინჯებს ღვთისმსახურების ტრადიციას.

   თუკი მართლმადიდებელი ქრისტიანის ამოცანაა ღვთის წინაშე ლოცვით საკუთარი თავის გამოსწორება, მათთვის თავად ევქარისტიის ცვლილებაა მნიშვნელოვანი, რათა ის მთლიანად ამსოფლიურ ინსტრუმენტად გადააქციონ. ა. შმემანისთვისაც ევქარისტია „არა თვითმიზანი" (ე.ი. ღმერთთან ურთიერთობის საშუალება), არამედ მორწმუნე მასების, სოლიდარული შეკრების საშუალებაა.

   ქრისტიანული ევქარისტიის არსის ამგვარი ამაზრზენი ცვლილება ა. შმემანის მოდერნისტული ხედვების, კერძოდ, ქრისტიანობის გამოსყიდვის დოგმატის უარყოფის შედეგია - მისთვის არსის გამოცლა მართლმადიდებლურ ლიტურგიკას შინაარსს უკარგავს.

   მოდერნისტ-განმაახლებლებისთვის მართლმადიდებლური, კათოლიკური თუ პროტესტანტული ღვთისმსახურება აღარ ასოცირდება გამომსყიდველ მსხვერპლთან, არამედ, ის, პირველყოვლისა, ქმედითი მონაწილეობაა საერთო ტრაპეზში. არსებითად, ეს ინტერკომუნიონია, ეკუმენისტური ლოცვის პრაქტიკაა, რომელიც უარყოფილი და ანათემირებულია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

   ამიტომ ა. შმემანისთვის არაა საკმარისი გარეგნული ცვლილება წეს-განგებისა, არამედ მისი ამოცანაა შინაგანი გადაფასება, გადაგვარება ლიტურგიისა.

   ამ თვალსაზრისით გერმანელი იდეოლოგი კაზელი არ დარჩა მარტო. მას სერიოზული მოკავშირე გამოუჩნდა ა. შმემანის, ი. ზიზიულასის, კ. კერნის, პ. ფლორენსკის და სხვა „მართლმადიდებელი" მოდერნისტების სახით. მათ „ლიტურგიკულ" ცნობიერებაში კოლექტიური „ქრისტე" კვლავ აგრძელებს სამყაროს გადარჩენას. მაგალითად, პ. ფლორენსკი (პარიზის სკოლა) მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებებს გერმეტიზმთან აიგივებს: „რასაც თეთრი მაგია ჰქვია, მთლიანად შეესაბამება ქრისტიანულ საიდუმლოებებს".3

   პ. ფლორენსკი ჩვენთვის იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას თეურგიის (ე.ი. რიტუალური მაგიის) რანგში განიხილავს. ა. შმემანისთვისაც „მთელი სამყაროს" ლიტურგიაში გაერთიანებული, კოლექტიური „საერთო საქმით" (შმემანის ტერმინებია) შეკრული ადამიანები ბევრი არაფრით განსხვავდებიან თეურგიული მაგიური შეკრების მონაწილეთაგან.

   ამრიგად, ადამიანის ამქვეყნიური „მოღვაწეობა" (განურჩევლად კონფესიისა) ლიტურგიის თანაბარია, სადაც „მთელი" სამყარო ერთმანეთთან ერთიანდება. (გაგრძელება...)





1 ციტ. Р. Вершило. Концепция "литургического обновления”. Антимодернизм.ру.

2 იქვე. Концепция "литургического обновления”.

3 Лосев. А. Феодоров. Термин "Магия” в понимании. П. Флоренского.



დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება