მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „მთელი კაცობრიობის მოდგმა ახალ ადამში“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„მთელი კაცობრიობის მოდგმა ახალ ადამში“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


13-09-2022, 00:00

„მთელი კაცობრიობის მოდგმა ახალ ადამში“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   კრეტის კრების (2016) განსაზღვრებათა დიდი ნაწილი ორაზროვნებითა და ბუნდოვანებით გამოირჩევა. ამის გამო ეკლესიის სისავსემ ვერ აღიარა ის ტრადიციულ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებად. ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ძლიერი კრიტიკის საგანი შეიქნა, იყო „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში". მასში ვკითხულობთ:

   „ადამიანური პიროვნების ღირსება, მისი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნიდან, ასევე ადამიანისა და სამყაროს შესახებ ღვთის განზრახვის აღსრულებაში მონაწილეობიდან გამომდინარე, იყო შთაგონების წყარო ეკლესიის მამებისათვის, რომლებიც უღრმავდებოდნენ საღმრთო განგებულების საიდუმლოს...

   ღვთის სიტყვის განკაცების მიზანია ადამიანის განღმრთობა. ქრისტემ, რომელმაც თავის თავში განაახლა ძველი ადამი (შდრ. ეფ. 2. 15), „განაღმრთო თავის თავში ადამიანი, წყარო ჩვენი სასოებისა" (ევსევი კესარიელი, მტკიცებულება სახარების სასარგებლოდ. 4. 14. PG 22. 289).

   როგორც ძველ ადამში იყო შეკრებილი მთელი კაცობრიობის მოდგმა, ასევე ახალ ადამში შეიკრიბება მთელი კაცობრიობა. „მხლოდშობილი გახდა ადამიანი, რათა ხელახლა ერთად შემოკრიბოს და პირველქმნილ მდგომარეობაში დააბრუნოს წარსაწყმედელად განწირული მოდგმა", ე.ი. კაცობრიობა (კირილე ალექსანდრიელი, იოანეს სახარების განმარტება, 9, PG 74. 273 D – 275 A).

   ეკლესიის ეს სწავლება არის უშრეტი წყარო ყოველგვარი ქრისტიანული მცდელობისა ადამიანის ღირსებისა და სიდიადის დასაცავად".1

   კრეტის კრების ეკლესიოლოგია და მისიოლოგია ეკლესიის ტრადიციულ წარმოდგენათა საზღვრების გაფართოებისკენაა მიმართული - ვგულისხმობთ ნაწილობრივი მადლის აღიარებას კანონიკურ საზღვრებს მიღმა. თუკი მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში - „ქრისტეს სხეულში" მხოლოდ ეკლესია მოიაზრება (1 კორ. 12. 12-31; ეფ. 1. 22-23), კრეტის ღვთისმეტყველებაში ეს ტერმინი მთელ კაცობრიობაზე განივრცო.

   წმ. იოანე ოქროპირი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს აღნიშნულ მონაკვეთს ასე განმარტავს:

   „ამიტომაც მოციქული ამბობს: „და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მისცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა" (ეფ. 1. 22). აი, როგორ აღამაღლა მან ეკლესია! თითქოს რაღაც მანქანებით აამაღლა ის, აიყვანა მაღალ სივრცეში და იქ დააბრძანა სავარძელში. იმიტომ რომ, სადაც თავია, იქაა სხეულიც, არ არსებობს წყვეტა თავსა და სხეულს შორის, ხოლო თუკი კავშირი მათ შორის შეწყდება, მაშინ არ იქნება არც თავი და არც სხეული".2

   „ღირსება", რის შესახებაც საუბრობენ კრეტის კრების ახალი თეოლოგები, სტიქიურად, ქარიზმატულადაა განვრცობილი მთელ კაცობრიობაზე. მათი კონცეფციის მიხედვით, ღვთის განკაცების შედეგად ადამიანის ბუნება ავტომატურად უმჯობესდება და „შემოიკრიბება პირველქმნილ მდგომარეობაში", რაც წმ. კირილე ალექსანდრიელის და მთლიანად მამებისეული სწავლების კონტექსტიდან ამოგლეჯის დემონსტრირებაა.

   ვიდრე წმ. კირილე ალექსანდრიელის ტექსტს დავუბრუნდებოდეთ, ღირსი იოანე დამასკელის სიტყვას მოვუსმინოთ: „მართებულია, რომ არა მხოლოდ ჩვენი ბუნების საწყისები იყოს უმჯობესის თანაზიარი, არამედ ყოველი მსურველი ადამიანი დაიბადოს მეორე შობით (ანუ ნათლისღებით - კ. ჯ.), არაბუნებრივითა და შობის შესატყვისით იკვებოს და ამგვარად მიაღწიოს სრულყოფილების საზომს".3

   თავად კრეტის დოკუმენტში მითითებული წმ. კირილე ალექსანდრიელის სიტყვაც საკუთრივ ეკლესიას ეხება და არა „მთელი კაცობრიობის მოდგმას", როგორც ეს კრეტის ფორმულირებაშია.

   წმ. კირილე ალექსანდრიელის სიტყვა სინამდვილეში სწორედ რომ კრეტის დოკუმენტის საპირისპირო სწავლებაა.4

   ცნობილია, რომ მოდერნისტების „ღვთისმეტყველებას" ახასიათებს კონტექსტიდან აზრის ამოგლეჯვა. არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. წმ. კირილე ალექსანდრიელის ამონარიდის სრული შინაარსი სულ სხვა სურათს იძლევა:

   „ქრისტეს აღდგომის საიდუმლოს შედეგი მთელ კაცობრიობაზე ვრცელდება... როგორც პირველქმნილ (ადამში) ჩვენ სიკვდილით დავეცით, მხოლოდშობილის განკაცებით, ჩვენთვის გახდა რა ადამიანი, ყველა გაცოცხლდება მკვდრეთით. მაგრამ კეთილისმყოფელნი, როგორც წერია - ცხოვრებასა საუკუნესა, ხოლო ბოროტნი - „აღდგომასა სასჯელისასა" (იონ. 5. 29).

   დიახ, აღდგომასა სასჯელისასა, ხოლო მარტოოდენ გამამტყუნებელი განაჩენის მოსმენისთვის გაცოცხლება სიკვდილზე უარესი მგონია. უნდა გავიაზროთ ჩვენი ცხოვრება ქრისტეში, სიწმინდეში, როგორც იოანე მოციქული ბრძანებს: „რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხოვრება საუკუნო, ხოლო რომელიც ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხოვრებაი, არამედ რისხვაი ღმრთისა დადგრომილ არს მის ზედა".5

   ადამიანის ცხონებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი კატეგორიები, როგორებიცაა პირადი რწმენა, ცხოვრება ქრისტეში და მისთანები, კრეტის „ორგანულ" ფორმულირებაში უგულებელყოფილია, უფრო მეტიც: კაცობრიობის მოდგმა ძველ და ახალ ადამში გაერთიანებულია ვით ორივესთვის ბუნებრივი მდგომარეობა, ე.ი. ტოლობის ნიშანია დასმული ძველ ადამში შეკრებილ კაცობრიობასა და ახალ ადამში (ანუ უფალ იესო ქრისტეში) შეკრებილთა შორის. გაუგებარია, რანაირადაა შეკრებილი, გაერთიანებული „ახალ ადამში მთელი კაცობრიობა".

   დროებით გვერდზე გადავდოთ ნახევარარიოზელი ერეტიკოსის ევსევი კესარიელის ციტირება, ვით მართლმადიდებლური სწავლებისა და შევაჩეროთ ყურადღება მთავარზე: „ძველ ადამში შეკრებილი მთელი კაცობრიობა" და „ახალ ადამში შეკრებილი მთელი კაცობრიობა" - როგორ შეიძლება გავაიგივოთ ერთმანეთთან?

   ეკლესიური სწავლებით ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მსგავსებაზე და არა გაიგივებაზე ამ ცნებებისა. გავარჩიოთ ეს საკითხი: „ძველ ადამში" კაცობრიობა ბუნებრივად შეიკრიბა და ეს არ იყო დამოკიდებული ადამიანის თავისუფალ ნებაზე, ხოლო „ახალ ადამში შეკრებას" სულიერი დატვირთვა გააჩნია და მისი განხორციელება პირდაპირ დამოკიდებულია ცალკეული ადამიანის თავისუფალ ნებაზე. ის ფაქტი, რომ სიტყვა-ღმერთმა მიიღო ადამიანის ბუნება, სულაც არ ნიშნავს, რომ მარტოოდენ ამ ფაქტის გამო ყველა გაერთიანდა (შეიკრიბა) ქრისტეში. სწორედ ესაა მთავარი, რაც „ახალი ღვთისმეტყველების" სახით უნდა მიიღოს მართლმადიდებელმა ხალხმა. მივაქციოთ ყურადღება - სიტყვა „შეკრებილი", რაც დასრულებულ მოქმედებას, მოცემულობას ნიშნავს. მაგრამ ქრისტეში („ახალ ადამში") ადამიანების შეკრება სულაც არ გახლავთ აღსრულებული ფაქტი, ეს მიზანია ღვთისა, რომელიც ადამიანებმა თავისი ნებით უნდა აირჩიონ. სამყაროს დიდი ნაწილი კი, როგორც ვხედავთ, ეწინააღმდეგება, მეტიც - ემტერება ქრისტეს სწავლებას. ეკლესიის ეს მისია მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში შეიძლება განხორციელდეს ღვთის მადლითა და შემწეობით.

   ამრიგად, კრეტის ე.წ. „მსოფლიო კრების" თავი „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში" გაჯრებეულია არამართლმადიდებლური თეზებით. ეკლესიის მისიას მიაწერეს მისთვის არადამახასიათებელი ნიშან-თვისებები („მშვიდობა მსოფლიოსთვის", „სოციალური სამართლიანობა" და მისთ.), ხოლო ეკლესიასთან ურთიერთობის ნამდვილი არსი - მის საიდუმლოებებში თანამონაწილეობა იგნორირებულია, ვით დრომოჭმული სწავლება.

   ერთადერთი, რაც გვიშლის ხელს ვუწოდოთ ამ სწავლებას ერესი, ისაა, რომ მას უბრალოდ არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან.

   დიახ, ქრისტემ თავისი ჯვარცმითა და აღდგომით გამოიხსნა მთელი კაცობრიობის მოდგმა, მაგრამ თავად ადამიანი ამქვეყნიური ცხოვრების დროს წყვეტს, სურს მას ქრისტეს წიაღში, მის ეკლესიაში ყოფნა თუ არა. აქ ადამიანის თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული მისი მომავალი ხვედრი. ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ კაცობრიობის უმრავლესობამ უარყო ქრისტე. აქედან გამომდინარე, ავტომატურად „ქრისტესთან ორგანული ერთობა" არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას. ეს ქრისტიანული ტერმინებით შეფუთულ ნეოგნოსტიკურ სწავლებას წააგავს. 






1 კრეტის კრების დოკუმენტი: მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში.

2 Свт. Иоанн Злотоуст. Толкования посланий к Ефесянам. Беседа 3. СПБ. Т 11. Кн. 1. С. 26.

3 Преп. И. Дамаскин. Точное изложение православной веры XIII (86). Творения. Источник знания. 2002. С. 243

4 Свт. Кирил Александрийский. Кн. 4. Гл. 2. Толкование Евангелие от Иоанна.

5 იქვე, Свт. Кирил Александрийский.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება