მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დემოკრატიიდან - დიქტატურამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
დემოკრატიიდან - დიქტატურამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე5-06-2024, 15:49 |
ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, დემოკრატია ნიშნავს „ხალხის ნებას". „ხალხის ნების" წინაშე ქედმოხრა, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიის კულტს, ადამიანის გაღმერთების შედეგად გაჩნდა. ამ პოლიტიკური თეოლოგიის ქადაგება უძველესი დროიდან - ელინურ და რომაულ სამყაროში დაიწყო. იმხანად საფუძველჩაყრილი იდეების „ღირსეული" გამგრძელებლები XVIII საუკუნის ჰუმანისტები ჰეგელი, ჰობსი, რუსო და სხვები აღმოჩნდნენ. ჩვენი ყურადღება ჟან-ჟაკ რუსოს შეხედულებებმა მიიპყრო, ვინაიდან საოცარი პარალელები შეინიშნება მის დემოკრატიულ და თანამედროვე ხედვებს შორის. უფრო მეტიც: გვრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ჟ. რუსოს დაწერილი ინსტრუქტაჟით ხელმძღვანელობენ. მისი სწავლების თანახმად, არსებობს „საერთო ნება", რომელიც მუდმივია, რომელიც მხოლოდ უნდა წარმოაჩინო და აღმოაჩინო საერთო არჩევნებით. თავის ნაშრომში „საზოგადოებრივი შეთანხმება" („Общественный договор"), რომელიც რევოლუციურ სახელმძღვანელოდაა აღიარებული. ჟ. რუსო წერს, რომ მოქალაქეები ვალდებულნი არიან დათმონ პიროვნული თავისუფლება და გადასცენ ის სახელმწიფოს, რითაც გახდებიან საერთო ნებისა და მთლიანობის წევრები. ფაქტობრივად, მოქალაქე თანხმდება დათმოს ყველაფერი, რაც მას, როგორც პიროვნებას სხვებისაგან განასხვავებს და გახდეს კოსმოპოლიტიკური პიროვნება, ზოგადი სახელმწიფო პრინციპების მატარებელი, რომელსაც სინამდვილეში არა ხალხის დემოკრატია, არამედ ფეოდალი უდგას სათავეში და რომელიც რეალურად იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს. რუსო ირწმუნებოდა, რომ პოლიტიკური მმართველობის საუკეთესო გამოსავალია. მოქალაქემ უარი თქვას საკუთარ თავისუფლებაზე და აითქვიფოს „ხალხის ზოგადი ნების" აღსრულებაში, რაც არსებითად ფეოდალის ან ჰეგემონის ნების აღსრულებას ნიშნავს.1 თუკი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს, საოცარ პარალელებს აღმოვაჩენთ ჩვენს დროსთან. დღესაც გლობალისტ-მონდიალისტების (თანამედროვე ჰეგემონებისა და ფეოდალების) მხრიდან იგივე მოთხოვნები გვესმის. პრაქტიკულად მმართველობის დემოკრატიული და პროგრესული პრინციპები ჩვენ თვალწინ ეტაპობრივად მოგვევლინა დიქტატორულ პოლიტიკურ ჰეგემონიად. ჟ. რუსოსა თუ „აღორძინების" ეპოქის სხვა იდეოლოგების ფილოსოფიაში დომინირებდა მითი, რომ ის (ადამიანი) სიხარულით ამბობს უარს პირად თავისუფლებაზე და ემორჩილება „საყოველთაო თავისუფლებას", როგორც „კეთილდღეობის" ერთადერთ ალტერნატივას. ასევეა დღესაც. სულ უფრო ძლიერი ტონით გვიკიჟინებენ: „საერთო კეთილდღეობისათვის", „საყოველთაო ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის" და ა.შ. რაციონალიზმის გრიფით კითხვის ქვეშ დგება მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები, საერთოდ სხვაგვარად ფიქრის ნება. „ჯანმო" მსოფლიო მმართველობის როლს ირგებს და ა.შ. ჟ. რუსო „საერთო კეთილდღეობის" ლოგიკაზე დაყრდნობით წერდა: „ვინც უარს ამბობს „საერთო ნებას" დაემორჩილოს, უარს მას აიძულებს მთელი სხეული, რაც იმას ნიშნავს, რომ იძულებული იქნება იყოს თავისუფალი".2 როგოც ვხედავთ, ფართოდ გაპიარებული ჟ. რუსოსეული დემოკრატიული „ხალხის ნება" რეალურად ნიშნავს ჰეგემონის ნებას, ჩვენს შემთხვევაში კი ე.წ. მსოფლიო ელიტის ნებას. კიდევ ერთი ყურადსაღები ფრაზა: „ყველა სახის სერვისი, რაც კი მოქალაქეს შეუძლია შესთავაზოს სახელმწიფოს, ის (მოქალაქე) ვალდებულია მიაწოდოს მას ისე, როგორც ამას ხელისუფალი მოითხოვს".3 ყველაფერი, რაც „საზოგადოებრივ შეთანხმებაში" წერია, მიზნად ისახავს იძულებას, ავტორიტატული პრინციპების გატარებას, უსიტყვო მორჩილებას და ურჩობის შემთხვევაში ცხადია, საპასუხო და სამაგალითო დასჯას. რეალურად ვგრძნობთ და უკვე პირდაპირ თვალებში ვუყურებთ „ურჩი" მოქალაქეების მარგინალიზაციის გეგმას, რომელსაც ყველა დროის ფარისევლები იყენებდნენ პროგრესიზმის კიჟინით: „ბრბო ბრმაა და ხშირად არ იცის, რა სურს, რადგან იშვიათად იცის, რა არის მისთვის კარგი". ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ დღემდე, ხელმძღვანელობენ დღესაც, ჩქარობენ მოირგონ მხსნელის როლი, რომელიც მოდის მათ გადასარჩენად, ვისაც არ სურს, არ იცის საკუთარი თავის გადარჩენა. საბოლოოდ, ცდილობენ სავალდებულოდ დააწესონ თავიანთი ნებისმიერი გადაწყვეტილება, „საერთო ნებისა" და „კოლექტიური ლოგიკის" სახელით. როგორც ჩანს, ძირითადი მიზანია ძლიერის (ბატონის) სუსტზე (მონაზე) გაბატონების ლეგალიზება, ცხადია, „კოლექტიური კეთილდღეობისთვის", აბა როგორ სხვაგვარად?! დემოკრატიული და ჰუმანისტური ეთოსის მქონე თავისუფალი ადამიანების მითი ისტორიას ბარდება! ერებს ეძლევათ მითითებები რაღაც „ახალი", „სავალდებულო" პოლიტიკის წარმოების შესახებ. ისინი „მორჩილად" ექვემდებარებიან მათ ნაცვლად მიღებულ მზა გადაწყვეტილებებს. შედეგად სახელმწიფოებს თანდათან ამწყვდევენ ტოტალურ ზესახელმწიფოში. პიროვნების მნიშვნელობა ნიველირდება. ნაცვლად ამისა, ყალიბდება ჯოგის კანონზე ორიენტირებულ ეგოცენტრულ ადამიანთა მასა. 1 Ж. Руссо. Общественный договор. Филосовский трактат. 2 Ж. Руссо. Общественный договор. Филосовский трактат. Стр. 61. 3 იქვე. გვ. 71. დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |