მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კოვიდიზმამდე და მის შემდეგ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

კოვიდიზმამდე და მის შემდეგ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


24-12-2021, 07:51

კოვიდიზმამდე და მის შემდეგ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ყველა ეპოქალური მოვლენა სათანადო შეფასებას საჭიროებს. Covid 19-ის გამოჩენის შემდეგ ცხადი გახდა, რომ დასრულდა ძველი ხანა (მითი ადამიანის უფლებების შესახებ) და დაიწყო ახალი - ერთიანი მსოფლიო წესრიგის უხილავი მმართელობის „ხილული" (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) მორჩილება - თაყვანისცემა.

   დღემდე არსებული ყველა მსოფლმხედველობა და იდეოლოგია მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების მეოხებით ეპოქების კვალდაკვალ აყალიბებდა მასების ცნობიერებას.

   მსოფლმხედველობათა ჩამოყალიბების პროცესი ფართომასშტაბიანია, გეგმაზომიერი და მრავალწახნაგოვანი ელემენტებისაგან შედგება. ის მოიცავს ადამიანის ცხოვრების, არსებობის ყველა სფეროს (რელიგია, პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციუმი, ფსიქოლოგია, განათლება და ა.შ.). შედეგად, ადამიანთა (დიდი ნაწილის) მსოფლმხედველობა იმგვარად ყალიბდება, როგორც ამას იდეოლოგიის მმართველები წარმართავენ.

   დაკვირვება ცხადყოფს, რომ ახალი ეპოქაც აღნიშნული მახასიათებლებით ყალიბდება. იდეოლოგი - „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია", იდეოლოგიის მოქმედების სფერო - მსოფლიო პოლიტიკა, მსოფლიო რელიგიები, მსოფლიო ეკონომიკა... შედეგად კი უნდა მივიღოთ ახლებურად მოაზროვნე (შიშზე აგებული) მსოფლიო საზოგადოება.

   ასე რომ, ახალი ეპოქის იედოლოგიისთვის (მსოფლმხედველობისთვის) დამახასიათებელი ყველა პარამეტრი იკვეთება. როგორც იდეოლოგიურ-ტექნოლოგიურ ინსტრუმენტს გააჩნია თავისი გეგმა და მიზანი, ჩვენი ეპოქაც „იზმების" ტერმინოლოგიური არსენალის ნაწილად გვევლინება და მას მართებულია „კოვიდიზმი" ვუწოდოთ.

   „კოვიდიზმის" განხილვამდე უთუოდ უნდა ვისაუბროთ იმ მსოფლმხედველობებზე, რომლებიც წინ უძღოდა ადამიანის ასეთი ტიპაჟით ჩამოყალიბებას. ეს მეტად ხანგრძლივი და რთული ელემენტებით დახუნძლული პროცესია, რომლის მთავარი მიზანია: ადამიანი განაშოროს ღმერთს და ამის შემდეგ თავად დაიკავოს მისი (ღმერთის) ადგილი.

   მანამდე კი უთუოდ უნდა ითქვას სამყაროში ღვთის წესრიგის არსებობასა და მნიშვნელობაზე, რომელიც ასე ძლიერ ეზიზღება „ეშმაკის წესრიგს", რომელსაც ის კონკრეტული მსოფლმხედველობებისა და რელიგიების მეშვეობით აყალიბებს.

   ამ პროცესმა ადამიანის არსებობის ყველა სფეროში შეაღწია. ამდენად, თუ გვსურს პრობლემის ძირეული აღქმა, საკითხი იდეოლოგიური, პოლიტიკური და რელიგიური კუთხით უნდა განვიხილოთ. საამისოდ მინიმუმ მოკლე ისტორიული ექსკურსია საჭირო, რათა დავინახოთ ჩვენი ეპოქის („კოვიდიზმის") როლიც გრძელვადიან გეგმაში, ასევე სამომავლო კონტურები, წინ რომ ელის კაცობრიობას.

   საქმე ისაა, რომ მტრის (ეშმაკის) ტაქტიკა ქრისტეს ღვთაებრივი წესრიგის წინააღმდეგ მდგომარეობს შემდეგში: ადამიანის არჩევანი შეზღუდოს და მოაქციოს ორ ურთიერთსაპირისპირო და მიუღებელ ვარიანტებს შორის, ამასთან, უგულებელყოს მართებული, სამეუფო გზა, ვით არაპრაქტიკული და შეუმდგარი.

   მაგალითად, ადამიანი ან მთლიანად რაციონალური უნდა იყოს ან ირაციონალური - საშუალო (რწმენაზე აგებული ლოგიკა). ანუ უკიდურესობათა შორის არჩევანი არ არის შემოთავაზებული. ან ბრმა მორჩილება, ან მთლიანად ურჩობა - ჭეშმარიტი მორჩილება მიუღებელია. ვინც დაზიანდა პაპიზმის ავტორიტარიზმით, მისთვის შემოთავაზებულია პროტესტანტული ინდივიდუალიზმი. კოვიდიზმის შემთხვევაში ასეა: ან მოკვდები ვირუსით, ან გაიკეთე ექსპერიმენტული პრეპარატები, ხოლო სხვა, ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები (თუნდაც პროფესიონალების მიერ შემოთავაზებული) უგულებელყოფილია.

   ამგვარ მანიპულირებაში ამყოფებს ბოროტი ადამიანებს საუკუნეთა მანძილზე.

   ყოველგვარი გაწონასწორებული, ღვთაებრივი წესრიგი, სულების გარჩევის უნარი, მამებისეული სამეუფო გზა, დავიწყებული და დაკარგულია.

   ამ ვითარებაში ჩვენ თავად გამოგვაქვს განაჩენი ჩვენი მომავალი ხვედრისთვის.

   ვიცით, რომ

   1) თანამედროვე სამყაროში წესრიგი შეიცვალა,

   2) მაგრამ ღვთაებრივი წესრიგი უცვლელია.

   ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, არ და ვერ ვიარსებებთ ჭეშმარიტებისაგან გამიჯნულად (განყენებულად). ამიტომ, ჩვენ არ ვქმნით იდეოლოგიებსა და მსოფლმხედველობებს, არ ვხდებით მარქსის, ნიცშეს, ლენინის თუ ჰიტლერის მსგავსი ინტელექტუალები. ეს „ახალი ადამიანი" (ეშმაკის შთაგონებით) ქმნის უწესრიგობას სამყაროში.

   ღმერთმა ყოველივე სიბრძნით ჰყო. ყველა ქმნილებას სათანადო ადგილი მიუჩინა. ამავე დროს იცავს თითოეულს, რათა ცალკეულმა არსებამ შეინარჩუნოს თავისი სახეობა სამყაროში, არ აძლევს ღმერთი ყველაფრის, ყოველივეს ურთიერთგადახლართვის უფლებას.

   მაგრამ, აი, სამყაროში შემოიჭრა „ეშმაკის წესრიგი", რომელიც ადამიანის ამპარტავნებამ, „ღმერთად ყოფნის" სურვილმა გააღვივა. და მიუხედავად ამისა, მაინც სიმართლე - სიმართლედ, სიცრუე - სიცრუედ, სიკეთე - სიკეთედ, ხოლო ბოროტება - ბოროტებად რჩება.

   ღვთაებრივი წესრიგი უცვლელი რჩება. ორთავე „წესრიგს" შესაბამისი დასასრული აქვს:

   ღვთაებრივს - მარადიული ნეტარება,

   ეშმაკისეულს - მარადიული სასჯელი.

   მართალია, ამ „ახალ სამყაროში" მართლმადიდებელი ქრისტიანი ვერ აღადგენს წესრიგს (ასეა დაშვებული ღვთისაგან), ის მხოლოდ აფიქსირებს იმ უდავო ჭეშმარიტებას, რომ ღვთაებრივი წესრიგი მუდამ უცვლელია მიუხედავად მისი შეცვლის სურვილისა. გაგრძელება იქნება...

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება