მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა და მეცნიერება (ნაწილი I) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მართლმადიდებლობა და მეცნიერება (ნაწილი I) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე23-08-2021, 13:05 |
თანამედროვე ადამიანი კოვიდ - პანდემიის პირობებში მოიცვა მოსაზრებამ, რომ მისი სიცოცხლე არა ღვთის, არამედ მეცნიერების - ბიოქიმიკოსებისა თუ მედიკოსების ხელშია. „ხსნა" რომ მხოლოდ მათი მეშვეობით არის შესაძლებელი, აქტიური პროპაგანდის საგანი შეიქნა როგორც რიგით მოქალაქეებში, ისე სასულიერო პირებში. მეცნიერები (ბიოქიმიკოსები, ვირუსოლოგები და ა.შ.) ხომ ყველაზე უკეთ იცნობენ თავიანთ სფეროს? ისინი ხომ სხვაზე უკეთ ერკვევიან მის ნიუანსებსა თუ თავისებურებებში? თითქოს არაა საფუძველს მოკლებული საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა კითხვები. ყალიბდება აზრი, რომ ჩვენ მეცნიერების სახით გვყავს სიცოცხლის მცველი, ხოლო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხოლოდ ქედი უნდა მოიხაროს მის წინაშე და მოკრძალებით ევედროს, იქნებ რაიმე ინფორმაცია თქვენი ცოდნის შესახებ ჩვენც გვიწილადოთ?! მაგრამ მართლაცდა ასეა საქმე სინამდვილეში? ვინ მისცა ადამიანს ცოდნა, სიბრძნე, კურნების ნიჭი? ბრძენი ზირაქი ამბობს: „მანვე (ღმერთმა) მისცა ადამიანებს ცოდნა, რათა ედიდებინათ იგი მის საკვირველ საქმეთა გამო" (ზირაქი. 36.6). იქვე ამასაც ვკითხულობთ: „ბოროტის ცოდნა არ არის სიბრძნე და არც გონიერება იქ, სადაც ცოდვილნი ბჭობენ" (ზირაქი. 19.22). ხოლო იობი ასე გვმოძღვრავს: „აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისაგან განდგომაა შემეცნება" (იობ. 28.28). პლატონის აზრით, არცერთი მეცნიერება, სიმართლისა და სათნოებისაგან ცბიერებით გამიჯნული, არ გახლავთ სიბრძნე".1 სამწუხაროდ, ხშირად მართლმადიდებლებიც აყოლილნი ვართ არა ჭეშმარიტ ცოდნას, რომელიც ჭეშმარიტ მეცნიერებას გააჩნია, არამედ დაშინებასა და მუქარაზე აგებულ პროპაგანდას, ნაცვლად იმისა, რომ მოიძებნოს მანუგეშებელი სიტყვა და ყველა მოვლენას დაერქვას თავისი სახელი. მართლმადიდებელ ეკლესიას, ვით ღმერთკაცობრივ ორგანიზმს, აქვს პასუხი ყველა პრობლემაზე, რომელიც აწუხებს ადამიანს. ეკლესიას გააჩნია თანამედროვე სამყაროში დროდადრო წამოჭრილ მწვავე საკითხთა სათანადო საღვთისმეტყველო შეფასება ბიოეთიკური თვალსაზრისითაც. ღვთისმეტყველება ადამიანს განიხილავს, როგორც სრულყოფილებისა და განღმრთობისაკენ მიმავალ გონიერ ქმნილებას. ქრისტიანული ანთროპოსოფიის თვალსაზრისით ადამიანი სულიერ-სხეულებრივი არსებაა, რომელსაც გააჩნია თვითშეგნება და უნარი თავისი ყოფა ღვთის ხატებისა და მსგავსებისამებრ წარმართოს. მეცნიერების (ამ შემთხვევაში მედიცინის) თვალსაზრისით ადამიანი მხოლოდ ბიოლოგიური ორგანიზმია, ცოცხალი სხეული, რომელიც ფლობს გამორჩეულ თვისებებს (ნივთიერებათა ცვლა, გამრავლების უნარი, შთამომავლობითი გენეტიკა და ა.შ.), რითაც განსხვავდება ის უსულო მატერიისაგან. ცხადია, თანამედროვე მეცნიერებას აქვს უზარმაზარი მიღწევები ამა თუ იმ სფეროში, მაგრამ მისი მხრიდან მწირია, სუსტია გააზრება იმისა, თუ რას სჩადიან ეს მიღწევები ღვთის ქმნილებასთან დამოკიდებულებაში. ღმერთი განაგებს სამყაროს და არა ადამიანი. თანამედროვე მეცნიერ-მედიკოსთა დიდი ნაწილი კი გვთავაზობს ტექნიკური პროგრესის იმედზე აგებულ სამყაროს, სადაც ადგილი არა აქვს ღვთის რწმენასა და მორალს. თანამედროვე ბიოტექნიკური მეცნიერების განვითარების პროცესში აშკარად შეინიშნება სულიერ-ზნეობრივი რეგრესიის ნიშნები. მეცნიერებისა და მედიცინის სახელით მიმდინარეობს მორალურ-ეთიკური კანონებით მანიპულირება. სწორედ ის ვითარებაა, როდესაც ყოველ ახალ სამედიცინო „მიღწევას" ახალ-ახალი რეგრესული შედეგები რომ მოჰყვება თან. საუბარია ადამიანის გენომის სახეცვლილებაზე (გენური ინჟინერია), „სამედიცინო" კვლევის მიზნებისთვის ებრიონის გამოყენებაზე, აბორტებზე, ევთანაზიაზე, სქესის შეცვლაზე, კლონირებაზე, კრემაციაზე, ცოცხალი ორგანოების, უჯრედების გაყინვაზე და ა.შ. ამ მხრივ, მედიცინამ „დიდი" ნაბიჯები გადადგა წინ. მაგრამ შეიძლება მეცნიერება და მედიცინა ვუწოდოთ პროცესებს, სადაც ადამიანის სიცოცხლე ჩანასახშივე არაფრად მიიჩნევა და ფსევდომეცნიერთა „კვლევის" საგანი ხდება? იქნებ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ჩატარებული „კვლევები" მივიჩნიოთ მეცნიერულ მიღწევებად? ნაცისტური სამედიცინო „სულის" აღორძინება, ევგენიკური* პრინციპების გამოყენება ხომ არაა ჩვენი პერსპექტიული მომავალი? დღეს ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელიც კი ხმამაღლა გაიძახის: „ვაქცინა (მიუხედავად მისი ემბრიონული შემცველობისა) საჩუქარია ღვთისა". ნუთუ შეიძლება მოკვდინებული ემბრიონის გამოყენებით შექმნილ ვაქცინას ეწოდოს ღვთის საჩუქარი?! ასევე ამბობენ: ეს სამედიცინო საკითხებია და ჩვენ იქ ვერ ჩავერევით. მაგრამ სამედიცინო პროცედურა გახლავთ აბორტიც, სქესის შეცვლა, ევთანაზია და ა.შ. როგორ მოვიქცეთ? ვიძახოთ, რომ ეს ჩვენი პრეროგატივა არაა და დაე, აკეთონ, რაც სურთ? მეცნიერ-მედიკოსებს ეს საკითხები დიდად არ აწუხებთ. მათთვის ემბრიონი მხოლოდ მასალაა სამედიცინო კვლევებისთვის და მეტი არაფერი. თანამედროვე მედიცინა გვერდს უვლის ქრისტიანისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე, რა არის მისი ცხოვრების მიზანი და მისთ. ჩვენი მიზანი სულაც არაა ნებისმიერი (ცოდვისმიერი) გზით ჯანმრთელობის შენარჩუნება და კეთილდღეობა მოწოდებით: „მათი (ემბრიონის) სიკვდილი - ჩვენი სიცოცხლე", არამედ მიზანია, დავინახოთ ღვთის ნება და მივყვეთ მას. ამრიგად, თანამედროვე მეცნიერება (ბიოქიმია, ბიოტექნოლოგიები, გენური ინჟინერია და მისთ.) უნდა შეფასდეს ქრისტიანული ეთიკის თვალსაზრისით. ბიო-ეთიკური პრობლემების შეფასების კრიტერიუმი გახლავთ მართლმადიდებლური ანთროპოლოგია და არა გონიერებას მოკლებული კიჟინი, რომ ეს სამედიცინო საკითხია და ამიტომაც ხელები დამიბანია!
1Menexonos. 246 e 7 – 247 a 2. *ევგენიკა - ადამიანის ჯიშის გაუმჯობესება და „უჯიშოების" ბრაკირების მეცნიერება, აქტიურად გამოიყენებოდა ფაშისტური გერმანიის მიერ. მათი ლოზუნგია: „ევგენური სტერილიზაცია - საარსებო აუცილებლობა". ფაშიზმის კრახის შემდეგ ევგენიკაც მიიმალა. დღეს ის კვლავ გამოჩნდა ავანსცენაზე. მაგრამ არასასურველი ასოცირებისაგან თავის არიდების მიზნით მას გენური ინჟინერია უწოდეს.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
უკან დაბრუნება |