მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > არქიმანდრიტ კრონიდეს ნაამბობი იმ ბრძოლის შესახებ, რომელიც ულმობელი აზრების წინააღმდეგ მოუხდა
არქიმანდრიტ კრონიდეს ნაამბობი იმ ბრძოლის შესახებ, რომელიც ულმობელი აზრების წინააღმდეგ მოუხდა19-08-2020, 23:10 |
„ერთხელ, როდესაც ღამისთევის ლოცვაზე ვიდექი, - გვიამბობდა არქიმანდრიტი კრონიდე, - უეცრად თავში ელვასავით გამიარა ურწმუნოების, ეჭვისა და უფლის მგმობელმა საშინელმა აზრებმა. ეს ისე სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, რომ მართლაც ელვასავით მეყსეულად მომედო ჯოჯოხეთის ცეცხლი. ამის შემდეგ კი უწმინდური გულისთქმანი მდინარესავით ჩაიღვარა მთელს ჩემს ცნობიერებაში. მე შიშისაგან დავდუმდი. ჩემს სულში იმ წუთებში რაღაც ენით აღუწერელი და საშინელი რამ ხდებოდა. ამ საზარელმა გულისთქმებმა არც მაშინ დამტოვეს, როდესაც ტაძრიდან ჩემს სენაკში დავბრუნდი. ეს ტანჯვა ჭეშმარიტად არამიწიერი და ჯოჯოხეთური იყო. ჭამისა და ძილის უნარი წამერთვა. განვლო დღეებმა, კვირებმა, თვეებმა, გაიარა ერთმა, ორმა, სამმა, ოთხმა წელმა, ულმობელი და უწმინდური ფიქრები კი კვლავ შეუჩერებლად მოედინებოდა და წამითაც არ მტოვებდა. დარდისა და მწუხარებისაგან სიმშვიდეს ვეღარსად ვპოულობდი და სასოწარკვეთილი და ცოდვილი უფალს სიკვდილს ვევედრებოდი. ამ უწმინდურ აზრებთან ბრძოლა ჩემთვის საშინელ ტვირთად იქცა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელშიც ორი სამყაროა, ერთი - ნათელი, რწმენის, ღვთის სასოებისა და გადარჩენის მგზნებარე სურვილისა, მეორე კი - ბნელი, ურწმუნოების მომცველი, დამღუპველი და ღვთისმგმობელი აზრების ჩამნერგავი. ეს აუტანელი ბრძოლები განსაკუთრებით საღვთო ლიტურგიის დროს მაძლიერებდა. როდესაც უფლის წმინდათაწმინდა ტრაპეზის წინ ვიდექი და სულიწმიდის გარდამოსვლის ლოცვას ვკითხულობდი, მაშინაც კი კვლავ და კვლავ მეძალებოდა ეჭვებისა და ურწმუნოების ბილწი გულისთქმები. ამის გამო ჩემს სინანულს, ცრემლებსა და მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. როდესაც იეროდიაკონი იონათანი, ჩემი თანამსახური, ასე მწარედ ატირებულს მხედავდა, ფიქრობდა, რომ საღ გონებაზე არ ვიყავი, რადგან არ იცოდა რა ხდებოდა ჩემი სულის სიღრმეში. ჩემს ერთადერთ ნუგეშსა და სიხარულს ისღა წარმოადგენდა, რომ თავისუფალ დროს „წმინდანთა ცხოვრებაში" კვიპროსელი საკვირველმოქმედ ნიფონტის შესახებ ვკითხულობდი, რომელიც ჩემი მსგავსი ფიქრებითა და გულისთქმებით ოთხი წლის განმავლობაში იტანჯებოდა. დამღუპველი აზრები თორმეტ საუფლო და ბრწყინვალე დღესასწაულებზე თავს ახალი ძალით მესხმოდნენ. ამის გამო მუდამ აფორიაქებული ვიყავი და ყოველთვის თან მსდევდა უძლურებისა და სასოწარკვეთილების განცდა. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და დანების, ჩანგლებისა და იმგვარი ნივთების დამალვა დავიწყე, რომლებიც თავის მოკვლაში გამომადგებოდნენ. არ მყოფნის სიტყვები იმ ტანჯვის გადმოსაცემად და ცრემლები იმ საშინელი მწუხარების გამოსაგლოვად, რომელიც გადავიტანე. ხშირად, ღამით, როდესაც ძალაგამოცლილი თავს ვეღარ ვიმორჩილებდი, სენაკიდან გავრბოდი, ტაძართან მივდიოდი, დავბორიალობდი მის გარშემო, მოთქმით ვტიროდი და მოუთმენლად ველოდი როდის გაიღებოდა ტაძრის კარი და როდის შევძლებდი ჩემი გაუსაძლისი მწუხარებისა და მდგომარეობის წმინდა სერგის ლუსკუმასთან გამოტირებას. ახლა ვიხსენებ მოღვაწე მამების რჩევებს: „ეძებე შენთვის ბერი, მასწავლებელი და მოძღვარი, არა იმდენად წმინდანი, რამდენადაც გამოცდილი სულიერი ცხოვრებაში". მე ამ სიტყვების საკუთარ თავზე გამოცდა მომიხდა, - უსაზღვრო ტანჯვას ვეღარ გავუძელი და სულიერებაში მეტად განსწავლულ ერთ პირს მივმართე. მან მითხრა: „რას ამბობ, უფალი მუდამ შენთანაა და განა შეიძლება, რომ ასეთი ფიქრები დაუშვა?" მივხვდი, რომ ვერ გამიგო და მისგან ცოცხალ-მკვდარი წამოვედი. ის ღამე თეთრად გავათენე. დილით კი, მიუხედავად იმისა, რომ ფეხებს ძლივს მივათრევდი, მოვალეობის გამო, სამხატვრო კლასისაკენ გავემართე, გზად სამხატვრო სახელოსნოს ხელმძღვანელთან, მღვდელ-მონაზონ მიქეასთან, შევიარე. მან უგუნებობა შემამჩნია და მკითხა: „მამა კრონიდე, რა დაგემართა? შენი ცნობა შეუძლებელია! სახეზე ისეთი მწუხარება და დარდი გაწერია, რომ შენდაუნებურად ამხელს შენს სულიერ ტანჯვას. მითხარი რა შეგემთხვა?" მაშინ მე მას ჩემი სულიერი ტკივილებისა და მტანჯველი გულისთქმების შესახებ გავუმხილე. თვალზე ცრემლმორეულმა მამა მიქეამ განსაკუთრებული თანაგრძნობითა და ქრისტიანული სიყვარულით მომისმინა, თითქოსდა თავად განიცდიდა ჩემს ტკივილებს და შემდეგ მითხრა: „დამშვიდდი, მამაო, მტრისაგან მიყენებული ეგ საშინელი ბრძოლები ბევრ ადამიანს გადაუტანია და არც მე და შენ ვართ პირველები. თავად მე შვიდი წელი ვებრძოდი მსგავს გულისთქმათა შემოტევებს და იმ მდგომარეობამდე მივედი, რომ ერთხელ უსპენსკის ტაძარში საღამოს ლოცვაზე მისულმა ურწმუნოებისა და ღვთისმგმობელი აზრების გამო იქ დარჩენაც კი ვერ შევძელი, ეკლესიიდან გამოვიქეცი და ჩემი მოძღვრის, მღვდელ-მონაზონ აბრაამის სენაკში მივირბინე, თუმცაღა შიშისაგან აცახცახებულმა სიტყვის წარმოთქმაც კი ვერ შევძელი. ბერმა რამდენჯერმე მკითხა: „რა დაგემართა? რა დაგემართა... მითხარი!" ცრემლები წამსკდა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოვილუღლუღე: „მამაო, ვიღუპები!" მაშინ მან დამამშვიდა: „შენ ხომ არ ეთანხმები მაგ ფიქრებს და მათით ტკბობას ხომ არ განიცდი?! მაშ, რატომ მწუხარებ ასე... დამშვიდდი! უფალი ხედავს შენს სულიერ ტანჯვას და ის ყველაფერში დაგეხმარება". შემდეგ შენდობის ლოცვა წამიკითხა, დამლოცა და მშვიდობით გამომისტუმრა. იმ დღიდან, უფლის შეწევნით, უწმინდური აზრები სრულიად განმეშორნენ. მართალია, ზოგჯერ თავს კვლავ მახსენებენ, მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევ, ამის გამო მალევე ქრებიან და მეც ვმშვიდდები". მამა მიქეას სიტყვები უძვირფასეს მალამოსავით მოეცხო ჩემს სულს და იმ დღიდან საგრძნობლად შესუსტდა ჩემში ბილწი აზრების შემოტევები."
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |