მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, ვერცხლისმოყვარეობა, მთავარი გვედის ფოტო > თუ როგორ მოიყვანა გონს წმინდა ანდრიამ ვერცხლისმოყვარე ბერი
თუ როგორ მოიყვანა გონს წმინდა ანდრიამ ვერცხლისმოყვარე ბერი1-11-2020, 17:46 |
ერთხელ ქრისტესთვის სალოსი წმინდა ანდრია კონსტანტინოპოლი ბაზარში ერთ ბერს შეხვდა და იხილა, რომ მას კისერზე საშინელი გველი შემოხვეოდა. ეს მოღვაწე მრავალი სათნოებით იყო შემკული, მაგრამ, საუბედუროდ, სიხარბითა და ვერცხლისმოყვარეობითაც იყო შეპყრობილი. მრავალი ადამიანი მას „წმინდანად მიიჩნევდა და ფიქრობდნენ, რომ გლახაკთათვის გასაცემად ოქროს სწირავდა, თუმცა ის, ნაცვლად ამისა, ოქროს თავის საგანძურში ინახავდა. როდესაც წმინდა ანდრიამ ბერი სატანის ძალაუფლების ქვეშ იხილა, სიბრალულით შეპყრობილი მიუახლოვდა მას. ბერმა იფიქრა, რომ ის ერთ-ერთი გლახაკთაგანი იყო და ამგვარად მიმართა: „ძმაო, დაე, უფალმა შეგიწყალოს, მე შენთვის მოსაცემი არაფერი მაქვს". წმინდა ანდრია მას რამდენიმე ნაბიჯით განეშორა და ძლიერ გაოცდა, როცა ბერი თავზე ჰაერში გაჩენილი წარწერა შენიშნა: „გველები ვერცხლისმოყვარეობისა არიან საფუძველნი ყოველგვარი ურჯულოებისა", მაგრამ კიდევ უფრო მეტად გაოცდა, როდესაც უკან მიიხედა და ამ მოღვაწის სულის გამო ანგელოზისა და დემონის დავა იხილა. დემონი ამბობდა, რომ ეს ძმა, როგორც ვერცხლისმოყვარე, კერპთაყვანისმცემელი იყო და ამიტომაც მისი სული მას ეკუთვნოდა; ანგელოზი კი ბოროტს მონაზვნის უამრავ სათნოებაზე მიუთითებდა და უმტკიცებდა, რომ მათ გამო ის ღვთის წყალობას იმსახურებდა. მათი დავა მანამდე გაგრძელდა, ვიდრე ზეციდან ხმა არ გაისმა, რომელმაც ანგელოზს განუცხადა: „ჩემგან მხოლოდ მოწყალენი მიიღებენ შენდობას და დაიმკვიდრებენ ზეციურ სასუფეველს". ამ სიტყვების შემდეგ ანგელოზი მონაზონს მყისვე განეშორა. შემწყნარებელმა და გულისხმიერმა ანდრიამ გადაწყვიტა, რომ, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ბერი ეშმაკის ხახიდან გამოეხსნა. ამისათვის ის მონაზონს მყუდრო ადგილას ჩაუსაფრდა, ხელი მარჯვენა ხელში ჩაავლო და უთხრა: „ღვთის მონავ, გევედრები, მრისხანების გარეშე დაუგდე ყური შენს მსახურს. მითხარი, უწინ უფლის მეგობარი, რატომ შეიქენი თანამზრახველი სატანისა? ამიხსენი, შენ, რომელსაც სერაფიმის ფრთები და ელვასავით ნათელი მზერა გაგაჩნდა, სახით ბნელი რატომ გახდი? გამიმხილე, როგორ მიიყვანე თავი ამგვარ დაღუპვამდე? იმით ხომ არა, რომ ვერცხლისმოყვარეობის დემონს დაემონე?" და ამ სიტყვებით მან ბერს ბოროტ სულზე მიუთითა, რომელიც მისგან მოშორებით იდგა და მრისხანებით უმზერდა, თუმცა წმინდა ანდრიას გამო მასთან მიახლოებას ვერ ბედავდა. სალოსის სიტყვებმა და დემონის ხილვამ ბერი გონს მოიყვანა, მაშინვე გულწრფელად შეინანა თავისი საქციელი და მთელი გულით დაჰპირდა ანდრიას, რომ ვერცხლისმოყვარეობას განეშორებოდა და მოწყალე გახდებოდა. წრფელი სინანულის შემდეგ გველი ბერის კისრიდან გაუჩინარდა, მის შორიახლოს მდგომი დემონიც განეშორა იქაურობას და მონანულის გვერდით კვლავ გაჩნდა მფარველი ანგელოზი. ამ დღიდან ბერი ნამდვილად გამოსწორდა, სიხარბე და სიძუნწე მასში გულუხვობამ შეცვალა, ის მიღებულ ოქროს მთლიანად უპოვართათვის გასცემდა და გამუდმებით ადიდებდა უფალსა და მის სათნომყოფელ წმინდა ანდრიას, რომელმაც ის ცოდვიდან სათნოებისაკენ მოაქცია.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |