მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, ვერცხლისმოყვარეობა, მთავარი გვედის ფოტო > პრესვიტერმა მაკარიმ ვერცხლისმოყვარე ქალწული გონს მოიყვანა

პრესვიტერმა მაკარიმ ვერცხლისმოყვარე ქალწული გონს მოიყვანა


16-07-2020, 18:38

 

 

   ქალაქ ალექსანდრიაში ერთი ქალწული ცხოვრობდა, მაგრამ მას ქალწული მხოლოდ სახელად ერქვა, რადგან, მიუხედავად მშვიდი და თვინიერი გარეგნობისა, შინაგანად ძუნწი, ანჩხლი და უკიდურესად ვერცხლისმოყვარე იყო. მას მაცხოვარზე მეტად ფული უყვარდა და მოწყალებად არც მწირთა და ბერებისთვის, არც უქონელთა და არც ეკლესია-მონასტრებისთვის ერთი ობოლიც (წვრილი სპილენძის ფული) არასდროს გაუცია. მიუხედავად წმინდა მამათაგან არაერთგზის მხილებისა, იგი სიხარბის დატევებას არ აპირებდა. ქალწულს აღსაზრდელად ჰყავდა აყვანილი თავისი დისშვილი და ზეციური სიყვარულის დამტევებელს, ის გოგონა ყველაზე მეტად უყვარდა. დღე და ღამ მისი კეთილდღეობისათვის ზრუნავდა და მთელ თავის სიმდიდრესა და ქონებას მას ჰპირდებოდა. ეშმაკის ერთ-ერთი ცდუნებაც სწორედ ეს არის - ის ადამიანის გულში ნათესაური სიყვარულის საფარველქვეშ ანგარების სენს ბადებს. სახელად ქალწულის, თუმცა მოსაგრეთათვის მიუღებელი ზნეობის დედაკაცის სიხარბისაგან განკურნება წმინდა მაკარიმ, დავრდომილთა თავშესაფრის პრესვიტერმა და ზედამხედველმა განიზრახა (უნდა აღინიშნოს, რომ ის ახალგაზრდობაში ძვირფას ქვათა დამმუშავებელი გახლდათ). წმინდა მამამ ამისათვის მეტად უცნაური ხერხი მოიფიქრა. იგი ქალწულთან მივიდა და უთხრა: „ერთმა ვაჭარმა მეტად იშვიათი ქვები - იაგუნდი და ზურმუხტი შემომთავაზა, არ ვიცი, ქვები ნაყიდია თუ მოპარული, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ისინი ფასდაუდებელია. ვაჭარი მათში ხუთას ოქროს ითხოვს, თუკი მათ შესყიდვას მოისურვებ, მომეცი ფული და გარწმუნებ, რომ ისინი საუცხოო სამკაულები იქნებიან შენი დისწულისთვის". დისშვილზე გადაგებული ქალწული აღფრთოვანდა, წმინდა მაკარის ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: „გთხოვ, მამაო, როგორც გსურს ისე შეისყიდე ეგ ძვირფასი განძი, აი ოქრო, მე არ მწადია ვიხილო ის ვაჭარი, რომელიც ქვებს ყიდის". და ამ სიტყვებით მან ბერს ხუთასი ოქრო გადასცა. წმინდა მაკარიმ ფული წაიღო და მთლიანად უპოვართა და დავრდომილთა თავშესაფრის საჭიროებისთვის დახარჯა. გავიდა ხანი. ქალწულს ერთი სული ჰქონდა, თუ როდის მიიღებდა დაპირებულ ძვირფასეულობას, მაგრამ წმინდა მამას მათ შესახებ შეხსენებას ვერ უბედავდა, რამეთუ მას, როგორც ღვთისმოსავსა და უმწიკვლო ბერს, მთელი ალექსანდრია ეთაყვანებოდა. ბოლოს ქალი ბერს ტაძარში შეხვდა და ჰკითხა: „მამაო, რას მეტყვით იმ ძვირფასეულობაზე, რომელთათვისაც ხუთასი ოქრო გიბოძეთ?" „როგორც კი ფული მომეცი, ძვირფასი ქვები მაშინვე ვიყიდე, - მიუგო ბერმა, - თუ მათი ნახვა გსურს, წამოდი ჩემს თავშესაფარში და იხილე. თუ მოგეწონება, დაიტოვე, თუ არადა, ოქროს უკან დაგიბრუნებ". გახარებული ქალწული საჩქაროდ გაჰყვა ბერს თავშესაფარში. შენობა ორსართულიანი იყო. ზედა სართულზე დედაკაცები იმყოფებოდნენ, ქვედა კი მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი. როდესაც წმინდა მამა და ქალწული კარიბჭეში შევიდნენ, ბერი შეეკითხა: „პირველად რომელი ქვების ხილვა გსურს, იაგუნდებისა თუ ზურმუხტებისა?" „რომელსაც თქვენ ინებებთ", - იყო პასუხი. მაშინ ბერმა ქალწული მეორე სართულზე აიყვანა, ხეიბარი და სნეული დედაკაცები აჩვენა და განუცხადა: „აი, იაგუნდები!" შემდგომ ამისა, ქალი ქვედა სართულზე ჩაიყვანა, ის სახიჩარი, უსინათლო და დავრდომილი მამაკაცები აჩვენა და უთხრა: „აი, ზურმუხტები! მე ვფიქირობ, რომ მათზე ძვირფას ქვებს ვერსად შეხვდები და უკეთუ ისინი არ მოგწონს, შეგიძლია შენი ფული უკანვე წაიღო". შერცხვენილი და აღელვებული ქალწული სასწრაფოდ შინ დაბრუნდა და მწუხარებამ ხელი ისე დარია, რომ ლოგინად ჩავარდა, ეს იმად, რომ მან კეთილი საქმე უფლის სიყვარულის გამო კი არა, არამედ საკუთარი ნების წინააღმდეგ ჩაიდინა. შემდგომში ქალწული ამისათვის მთელი ცხოვრება მადლობას სწირავდა ბერს.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება