მთავარი > საცდურები, ამპარტავნება, მთავარი გვედის ფოტო > ძმა, რომელიც უამრავი სათნოებით იყო შემკული, განდიდებამ შეიპყრო და დემონმა ის ქალის სახით აცდუნა; ამის შემდეგ მან უდაბნო დატოვა, ერში დაბრუნდა და ცოდვებს მიეცა

ძმა, რომელიც უამრავი სათნოებით იყო შემკული, განდიდებამ შეიპყრო და დემონმა ის ქალის სახით აცდუნა; ამის შემდეგ მან უდაბნო დატოვა, ერში დაბრუნდა და ცოდვებს მიეცა


21-12-2019, 00:02

 

   აბბა იოანემ გვიამბო: „ჩვენს მეზობელ უდაბნოში ცხოვრობდა ერთი ძმა. მის თავშესაფარს გამოქვაბული წარმოადგენდა. ის დიდი თავშეკავების მქონე ადამიანი იყო, რომელიც დღიურ ლუკმას თავისი შრომით მოიპოვებდა, დღეებსა და ღამეებს ლოცვაში ატარებდა, ერთი სიტყვით, მას ყველა სულიერი სათნოება ამკობდა. მაგრამ მონაზონი თავისი წარმატებების გამო განდიდებამ შეიპყრო, ის ღმერთს კი აღარ იყო მინდობილი, არამედ თავის მოჩვენებით სრულყოფილებას და მიიჩნევდა, რომ მისი სათნოებები მისსავე დამსახურებას წარმოადგენდა. მაცდურმა დემონმა შეამჩნია თუ არა მისი სულიერი განდიდება, არ დააყოვნა და მისთვის მახის დაგებას შეუდგა. ერთ საღამოს ის ძმას თითქოსდა უდაბნოში გზააბნეული ულამაზესი ქალის სახით გამოეცხადა, მიადგა მისი გამოქვაბულის შესასვლელს, განდეგილს ფეხებში ჩაუვარდა და შესაბრალისად შეევედრა: „აქამდე უდაბნოს ვაფარებდი თავს, მაგრამ უბედურს ღამემ მომისწრო და გემუდარები, ნება მომეცი, რომ შენი გამოქვაბულის რომელიმე კუნჭულში გავათიო, რათა მხეცების ლუკმად არ ვიქცე". მონაზონმა გულში მის მიმართ თანაგრძნობა მოიმიზეზა და დედაკაცი გამოქვაბულის სიღრმეში შეიყვანა. „რატომ დაეხეტებოდი უდაბნოში?" - ჰკითხა მან სტუმარს. ქალმა მყისიერად და მოხერხებულად მოიგონა მიზეზი და თხრობისას თავის საუბარს ნელ-ნელა ქალური მაცდურობა, სითბო და ალერსი შეურია. მან მსხვერპლად თავის წარმოჩენით, რომელიც მფარველობას საჭიროებდა და თავისი მშვენიერი და დახვეწილი საუბრით განდეგილი საბოლოოდ მოხიბლა. დედაკაცმა საუბარში თანდათანობით ხუმრობა და კისკისი შეურია, ერთგვარი ცელქობით ხელებით რამდენჯერმე შეეხო მონაზვნის წვერს და ნიკაპს, ბოლოს კი ურცხვად და ნაზად დაუწყო ალერსი კეფასა და ყელზე. შედეგად, ბოროტის მცდელობით, ქრისტეს მეომარი ტყვეობაში აღმოჩნდა. მის გულში ვნებამ იწყო დუღილი და ხორციელი ჟინი აბობოქრდა. განდეგილმა ყოველივე დაივიწყა, თავისი ღვაწლიც, თავისი აღთქმებიც და თავისი დანიშნულებაც. აი, გულში ის უკვე გადაეშვა ავხორცულ ვნებებში, თავის გულისთქმათა სამალავში უკვე დაამყარა დანაშაულებრივი კავშირი უწმინდურ ვნებებთან. უგუნურმა ქედი მოიხარა და გახდა „ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა" (ფს. 31, 9). სწორედ მაშინ, როდესაც უკვე მზად იყო სამარცხვინოდ ჩაჰკროდა სტუმარს, დედაკაცი მსუბუქი ჩრდილის მსგავსად საზარელი ღრიალით გაუჩინარდა. მაშინ მონაზონს უამრავი ავი სული დაესხა თავს ბოროტი ხარხარით: „შენ, ცამდის ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაეცი! ახლა ხომ კარგად გესმის სიტყვების მნიშვნელობა: „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს" (ლუკ. 14, 11). განდეგილი, დაცემით შერცხვენილი, რომელმაც ეს ვერ აიტანა, თითქოს ჭკუიდან შეიშალა და ამგვარად უფრო მეტად მოიტყუა საკუთარი თავი, ვიდრე დემონებისგან იქნა მოტყუებული: ნაცვლად იმისა, რომ დაცემული სულის წამოყენებასა და ბრძოლის განახლებაზე ეფიქრა, ნაცვლად იმისა, რომ ცოდვის გამოსასყიდად ეღვაწა და ცრემლითა და გულის შემუსვრილებით მოენანიებინა დანაშაული უწინდელი განდიდებისა, მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, სასოწარკვეთილებას მიეცა, „რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არა-წმინდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა" (ეფ. 4, 19). მწუხარებისგან გონებადაბინდული ძმა ერში დაბრუნდა და ეშმაკის კერძი გახდა: მას შემდეგ ის წმინდანებთან შეხვედრასაც კი გაურბოდა, რათა რომელიმეს საცხონებელი საუბრებით დაღუპვისაგან არ ეხსნა. რაღა თქმა უნდა, მას რომ მოენანიებინა და უწინდელივით თავშეკავებულად ეცხოვრა, უეჭველად შეძლებდა უწინდელი ღირსებისა და მადლის დაბრუნებას".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება