მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ერისკაცთა მონაწილეობა სასულიერო პირთა დადგენის საქმეში

ერისკაცთა მონაწილეობა სასულიერო პირთა დადგენის საქმეში


6-04-2019, 00:02

ერისკაცთა მონაწილეობა სასულიერო პირთა დადგენის საქმეში

 

 

   მრევლის მხრიდან ასეთი ენერგიული მასწავლებლობისას, ეკლესიაში ადგილი აღარ რჩება არც კათოლიკური პაპიზმისთვის, არც პროტესტანტული საერთო სახალხო იერარქიისთვის. სამღვდელოება აქ უკვე აღარ ბატონობს საღმრთო ერზე, არამედ მის უფროს ძმას წარმოადგენს, მრჩეველს და არა თვითმპყრობელ მბრძანებელს.1 ეკლესიის მრევლს, როგორც ქრისტიანული აზროვნებისა და შეგნების მქონეს, არ შეუძლია ფართო მონაწილეობა არ მიიღოს სასულიერო პირების მიერ ეკლესიის მართვაში.როგორც მარადიული ხსნის უმნიშვნელოვანესი საქმეებით სერიოზულად დაკავებულს, მრევლს ცოცხალი ინტერესი უნდა ჰქონდეს სამღვდელოების უფლებამოსილების მიმართ, რომელმაც იგი კაცობრიობის ამ სანუკვარი მიზნისაკენ უნდა წაიყვანოს. აქედან ბუნებრივად გამომდინარეობს, რომ ერს არა აქვს არავითარი უფლება, გულგრილი დარჩეს როგორც საეკლესიო დასის წევრთა არჩევის პროცესების მიმართ, ისე მათ მიერ თავიანთი მაღალი მსახურების აღსრულების მიმართაც.

   წმინდა იოანე ოქროპირი, თუმც, არ ამართლებს უწესრიგობას, რასაც ეკლესიის მსახურთა საჯარო გამორჩევა იწვევს, მაგრამ აღიარებს იერარქიის არჩევით საწყისს, როგორც პრინციპს, აუცილებელს საეკლესიო მოწყობისათვის,3 მით უფრო, რომ ეკლესიაში სამღვდელოების საჯარო არჩევის რეალიზაციისათვის, წმინდა მღვდელმთავარი საფუძველს მოციქულთა ისტორიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის ტრადიციებში პოულობდა. ასე, მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირი წმინდა პეტრე მოციქულის განსაკუთღებულ დამსახურებად და წინდახედულებად თვლის იმას, რომ მან და დანარჩენმა მოციქულებმა არ აირჩიეს მოციქულად წმინდა მატათა თვითნებურად, არამედ, ხალხიც გახადეს ამ მნიშვნელოვანი აქტის თანაზიარი.4

   როდესაც შვიდი დიაკვნის არჩევაზე საუბრობს, წმინდა იოანე ოქროპირი მოციქულთა საქმეში მოთხრობილ ამ მოვლენაზე ასეთ კომენტარს აკეთებს: „შეხედე, ისინი საქმეს მათ სამსჯავროზე წარადგენენ, თავად კი მიუთითებენ, რომ ეს მამაკაცები უნდა იყვნენ ყველასთვის მისაღები და ყველას მიერ მოწონებული. როდესაც მატათას არჩევა გახდა საჭირო, მაშინ ამბობდნენ: „ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა..."  (საქ. მოც. 1, 21). მაგრამ შვიდი დიაკვნის არჩევისას ასე არ არის, იმიტომ, რომ საქმეც არ იყო ასეთი. ამიტომაც მათ მოციქულები არ ირჩევენ წილისყრით და არც თავად წყვეტენ არჩევანს, თუმცაღა, შეეძლოთ არჩევა, რაკი სულიწმიდით მოქმედებდნენ, მაგრამ უფრო იმას მოითხოვენ დაჟინებით, რაც ხალხის დამოწმებით აღმოჩნდება გაკეთებული. განესაზღვრათ რიცხოვნობა და ხელნი დაესხათ, როდესაც ამის საჭიროება წარმოჩინდებოდა - ეს მათი პრეროგატივა იყო, მაგრამ [ღირსეულ] მამაკაცთა არჩევის შესაძლებლობას ისინი ყველას აძლევენ, რათა ვინმე მიკერძოებაში არ დააეჭვონ".5

   წმინდა მღვდელმთავრის ამ მსჯელობიდან ჩანს, რომ სამღვდელოების როლი მწყემსების არჩევისას მდგომარეობს მრევლისთვის იმ თვისებების შეხსენებაში, რომლებითაც, ღვთაებრივი კანონების თანახმად, მღვდლობის კანდიდატები უნდა გამოირჩეოდნენ, - დანარჩენში საღმრთო ერი თავისუფალია ვინმეს ზეწოლისაგან.6 კონსტანტინოპოლის ეკლესიაში მრევლის მინაწილეობამ სამღვდელოების არჩევაში, წმინდა იოანე ოქროპირის ეპოქაში დიდი მასშტაბები მიიღო. მაგალითად, სოკრატეს მოწმობით, მსოფლიო მოძღვრის წინამორბედი - ნექტარიოსი, „აღტაცებული ხალხის მიერ" ეპისკოპოსად ირჩევა და დგინდება ასორმოცდაათი ეპისკოპოსის მიერ. თავად წმინდა ოიანე ოქროპირი კონსტანტინოპოლის კათედრაზე ავიდა არა სხვაგვარად, თუ არა „ყველას საერთო გადაწყვეტილებით, ანუ სამღვდელოთა და საერთოთა", რასაც სოზომენიც ამოწმებს. ერის მიერ სამღვდელოების გამორჩევა, მეტი თავისუფლებისა და მოხერხებულობისათვის, ხდებოდა არა ტაძარში, არამედ მის გვერდით, სადაც ჩვეულებრივი „სახალხო ზეიმები" ტარდებოდა.

   რა თქმა უნდა, აქ ძნელი იყო კეთილწესიერების საზღვრების დაცვა და მთელი ეს გამორჩევები* ზოგჯერ კარგავდა თავის მაღალდანიშნულების აზრს, რამეთუ ხალხთა პარტიების ბრძოლაში გადაიზრდებოდა ხოლმე, რომლებიც თავიანთი კანდიდატის გაყვანას ცდილობდნენ სასულიერო დასში.7

   დედაკაცები აქტიურად მონაწილეობდნენ სამღვდელოების არჩევაში. ამის შესახებ სრულიად გარკვევით საუბრის წმინდა იოანე ოქროპირი: „საღმრთო რჯულმა განაშორა დედაკაცები ამ მსახურებას, ისინი კი ცდილობენ მასში შეჭრას, მაგრამ რადგანადაც საკუთრივ არ გააჩნიათ ძალაუფლება, ამიტომ ყველაფერს სხვების მეშვეობით აკეთებენ და ისეთ ძალას ითვისებენ, რომ თავიანთი ნებისაებრ ირჩევენ და უარყოფენ მღვდლებს; ანდაზა: „ყველაფერი თავდაყირა დგას", აქ საქმით სრულდება".8

   როგორც ჩანს, წმინდა მღვდელმთავარი აქ არ უარყოფს არჩევნებში ქალთა მონაწილეობის უფლებას,9 მაგრამ გამოდის ამ უფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. იგი არანორმალურად მიიჩნევს იმას, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეში დედაკაცების ემოციურ აღტყინებას არ აწონასწორებს მამაკაცების კეთილგონიერება.

 

 

 

 

1 XVIII, 3 (2 კორ); I, 3 (ტიტ.); III, 6 (საქ. მოც.); XI, 5 (ეფეს.); XV, 5 (2 კორ.).

2 I, 4 (ტიტ.).

3 მღვდლობის შესახებ, III, 15.

4 III, 1 (საქ. მოც.).

5 XIV, 3 (საქ. მოც.).

6 XIV, 2 (საქ. მოც.).

* ერის მიერ ხდებოდა ორი ან სამი საეპისკოპოსო კანდიდატის გამორჩევა, ეპისკოპოსთა კრება კი წყვეტდა და ადგინებდა.

7 მღვდლობის შესახებ, III, 15.

8 მღვდლობის შესახებ, III, 9.

9ოლიმპიადას მიმართ, XIV, 5.

 

 

 

 

 

 

 

ბროშურიდან „მრევლის ქმედითი მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში" 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება