მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მრევლის მონაწილეობა სასულიერო პირების გამორჩევაში

მრევლის მონაწილეობა სასულიერო პირების გამორჩევაში


26-03-2019, 23:20

მრევლის მონაწილეობა სასულიერო პირების გამორჩევაში

 

 

   სწავლებაში მრევლის ასეთი ენერგიული მონაწილეობისას არ არის არც „კათოლიკური პაპიზმი"69, არც პროტესტანტული საჯარო იერარქია. სასულიერო დასი აქ კი არ ბატონობს ღვთის ხალხზე,70 არამედ წარმოადგენს „უფრო ძმას",71 „მრჩეველს"72 და არა - თვითმპყრობელ მბრძანებელს.73 მრევლის წევრებს, როგორც შეგნებულ ეკლესიურ ადამიანებს, არ შეუძლიათ მონაწილეობა არ მიიღონ სამღვდელო დასის საეკლესიო მმართველობაში.74 მრევლი, სერიოზული საქმით - მარადიული ცხოვრებით დაკავებული, უნდა ინტერესდებოდეს სამღვდელო დასის უნარიანობით, რომელმაც ის უნდა ატაროს სანუკვარი მიზნისკენ. აქედან ბუნებრივად გამომდინარეობს, რომ მრევლს არა აქვს გულგრილობის უფლება როგორც სამღვდელო დასის არჩევნებისადმი, ასევე მათ მიერ აღსრულებული მსახურების მიმართ.

   წმ. ოქროპირი, მართალია, არ იწონებს სამღვდელო დასის სახალხო არჩევნების დროს უწესრიგობას, მაგრამ აღიარებს იერარქიის არჩევითობას, როგორც ეკლესიის კეთილმოწყობისათვის აუცილებელ პრინციპს,75 მით უმეტეს, რომ ეკლესიაში სამღვდელო დასის სახალხო არჩევნების საფუძველს მღვდელმთავარი მოციქულთა ისტორიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის ტრადიციებში ხედავდა. წმ. იოანე ოქროპირი აღნიშნავს წმ. პეტრე მოციქულის განსაკუთრებულ დამსახურებასა და წინდახედულობას, რომ „მან" და „დანარჩენმა" მოციქულებმა „თვითნებურად" არ აირჩიეს მოციქულად წმ. მატათა, არამედ ამ მნიშვნელოვან აქტში მონაწილეობა მიაღებინეს მრევლსაც.76

   მღვდელმთავარი საქმე მოციქულთაში აღწერილ შვიდი დიაკონის არჩევაზე ასეთ კომენტარს აკეთებს: „შეხედე, ისინი საქმეს მათ (მორწმუნეთა) სამსჯავროზე წარმოადგენენ, ხოლო თვითონ წინასწარ მიუთითებენ, რომ ისინი (დიაკვნები) უნდა იყვნენ ყველასთვის სათნო და ყველასგან მოწონებული. როცა მატათას არჩევა იყო საჭირო, მაშინ ამბობდნენ: „ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა" (საქმ. 1, 21); მაგრამ აქ ასე არ არის, რადგან საქმე სხვაგვარად იყო. ამიტომ ისინი არც წილს უყრიდნენ, და არც თვითონ ირჩევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სულიწმიდით მოქმედებდნენ და შეეძლოთ აერჩიათ, მაგრამ უფრო მეტად მოითხოვდნენ იმას, რასაც ხალხი დაამოწმებდა. ხოლო მათი საქმე იყო, განესაზღვრათ რაოდენობა და ხელი დაესხათ, როცა ამის აუცილებლობა დგებოდა. მაგრამ ღირსეულ კაცთა გამორჩევას ისინი ყველას მიანდობდნენ, რათა არ გამოეწვიათ მიკერძოების ეჭვი.77

   მღვდელმთავრის ამ მსჯელობიდან ჩანს, რომ სამღვდელო დასის როლი მწყემსების არჩევაში ის არის, რომ შეახსენოს მრევლს ის თვისებები, რომლითაც, ღვთის კანონების თანახმად, უნდა ირჩეოდნენ სამღვდელო კანდიდატები, - სხვა დანარჩენში მრევლი რაიმე ზეწოლისაგან თავისუფალია.78 წმ. ოქროპირის ეპოქაში კონსტანტინოპოლის ეკლესიაში სამღვდელო დასის არჩევნებში ხალხის მონაწილეობამ დიდი მასშტაბები მიიღო. სოკრატეს თანახმად, მსოფლიო მოძღვრის წინამორბედი ნექტარიოსი „აღტაცებული მრევლით" არჩეულ იქნა ეპისკოპოსად და ასორმოცდაათმა ეპისკოპოსმა დაასხა ხელი.79 თვითონ წმ. ოქროპირი კონსტანტინოპოლის კათედრაზე ავიდა ნამდვილად „ყველას საერთო გადაწყვეტილებით", ე.ი. სამღვდელო დასისა და მრევლის მონაწილეობით80, რასაც ამტკიცებს სოზომენიც.81 მრევლის მიერ სამღვდელოების არჩევა უფრო მეტი თავისუფლებისა და მოხერხებულობისათვის იმართებოდა არა ტაძარში, არამედ მის ახლოს, სადაც სრულდებოდა ჩვეულებრივი „სახალხო დღესასწაულები".82

   რა თქმა უნდა, აქ ძნელი იყო საზღვრების დაცვა და არჩევნები ზოგჯერ კარგავდა თავის ამაღლებულ ხასიათს, ემსგავსებოდა სახალხო პარტიათა ბრძოლას, რომლებიც თავიანთი სამღვდელო კანდიდატის გაყვანას ცდილობდნენ.83

   სამღვდელო დასის არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ ქალები, რის შესახებაც გარკვევით საუბრობს წმ. ოქროპირი: „ღვთაებრივმა კანონმა ქალები ამ მსახურებიდან განაყენა, ხოლო ისინი ცდილობენ შიგნით შეჭრას, მაგრამ რადგან მათ თავისთავად არ აქვთ უფლება, ყველაფერს სხვების საშუალებით აკეთებენ და ისაკუთრებენ ისეთ ძალაუფლებას, რომ მღვდელმთმსახურთ თვითნებობით კიდეც ირჩევენ და კიდეც უგულებელყოფენ".84

 

 

 

 

69 2 კორ. XVIII, 3. X, II

70 ტიტ. I, 3. XI, II

71 საქმ. მოციქ. III, 5. IX, I

72 ეფეს. XI, 5. XI, I

73 2 კორ. XV, 4. X, II

74 ტიტ. I, 4. XI, II

75 მღვდლობის შესახებ. წ. III, ნაწ. 16. I, II

76 საქმე მოციქ. III, 1. IX, I

77 საქმე მოციქ. XIV, 3. IX, I

78 საქმე მოციქ. XIV, 2. IX, I

79 Socrat. Lib. V, χεφ.η. VII, p. 265

80 Socrat. Lib. VI, II, p. 301

81 Sozomcn. Lib. VIII, II, p. 758

82 Stcphcns. Sait John Chrisostom, p. 182-183

83 მღვდლობის შესახებ. წ. III, ნაწ. 15. I, II

84 " – " წ. III, ნაწ. 9. I, II

 

 

 

 

 

 

წიგნიდან „მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით" 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება