მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა წერილი პირველობის სურვილის შესახებ

წმინდა წერილი პირველობის სურვილის შესახებ


17-12-2020, 15:28

წმინდა წერილი პირველობის სურვილის შესახებ

 

   ჩვენი წმიდა ეკლესია პირველი საუკუნიდანვე ხელმძღვანელობს მართვის კრებსითი ფორმით და კრებითობის გზით წყვეტს თავის დოგმატურ თუ ადმინისტრაციულ საკითხებს. „ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩუენცა" (საქმე 15. 28) - გვაუწყებს მოციქულთა კრება. ეს სიტყვები წითლად გამოხატავს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის პრინციპს.

   ბოლო დროს მოვლენები ისე განვითარდა, რომ მართლმადიდებელ სამყაროში რომის ეკლესიისთვის ასწლეულების განმავლობაში ჩვეული და დამახასიათებელი საკითხი წამოიჭრა: რა სახის უნდა იყოს ეკლესიის მართვა - მრავალპიროვნული, როგორც ამას ასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა წერილისა და წმ. მამათა გადაწყვეტილებების მიხედვით, თუ ერთპიროვნული, როგორც ირწმუნებიან ლათინები.

   წმინდა წერილი არაორაზროვნად გვმოძღვრავს, რომ უფლებამოსილებით, ხელისუფლებით პირველობა, შესაძლოა, არსებობდეს საზოგადოების სხვადასხვა ფორმის ურთიერთობასა თუ პირობებში, უარყო მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეთა და მოციქულთა საზოგადოებაში:

   „უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ხელმწიფობენ მათ ზედა? ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაი, იყავნ თქუენდა მსახურ, და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაი, იყოს იგი თქუენდა მონა. ვითარცა ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის" (მათ. 20. 25-28).

   მაცხოვარი მკაცრად ამხელს მოციქულთა ყოველგვარ ამპარტავნულ თუ დიდებისმოყვარულ მისწრაფებას, რომელიმე მათგანის უპირატესად სახელდების სურვილს: მაცხოვარი საყვედურობს თავის ორ მოციქულს, რომელთაგან „ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით" სხდომას ითხოვდა: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ" (მათ. 20. 22).

   განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ არავის ადგენენ „პირველად" მოციქულებს შორის. მაგალითად, მოციქულთა კრებას არა მოციქულთა თავი პეტრე, არამედ უფლის ხორციელი ძმა იაკობი ხელმძღვანელობდა. ხოლო კრებსითად გაიზიარეს არა პეტრეს, არამედ პავლე მოციქულის მოსაზრება (საქმე 15). ამით ავტორიტეტული ფორმით პირველად დადასტურდა აზრი, რომ ხელისუფლებით პირველობას არ გააჩნია კანონიკური საფუძვლები.

   იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ იუდას სანაცვლოდ მეთორმეტე მოციქულის არჩევისას ყველამ ერთად ჰყარა წილი (საქმ. 1, 23); შვიდი დიაკონის არჩევა და ხელდასხმაც ყველამ ერთად აღასრულა: „და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა..." (საქ. 6, 5-5). ბარნაბა მოციქული ანტიოქიაში წარგზავნილ იქნა ყველა მოციქულისა და იერუსალიმის მთელი ეკლესიის მიერ: „ესმა სიტყუა ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალიმს მათთვის, და მიავლინეს ბარნაბა, რაითა განვიდეს ვიდრე ანტიოქიამდე" (საქმე. 11, 22).

   ისმის სამართლიანი კითხვა: რატომ აკეთებდნენ ყოველივე ამას მოციქულები ერთად, თუკი ხელისუფლებით პირველობას გააჩნია დასაყრდენი წმინდა წერილში? პასუხი ცალსახაა: იმიტომ რომ, მოციქულები ყველანი ერთად იყვნენ კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლნი.

   წმინდა წერილი კვალად ბრძანებს: „ჰრქუა იესუ მოწაფეთა თვისთა: ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღვარი თქუენი - ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაი თქუენი, რომელი არს ცათა შინა. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღვარ, რამეთუ ერთი არს წინამძღვარი თქუენი - ქრისტე, ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავის თვისი, იგი ამაღლდეს" (მათ. 23. 8).

   სად ჩანს რომელიმე მოციქულის უპირატესობა, რა საშუალებას მისცემდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას წინამძღოლის უფლებამოსილებით წარმოეჩინა თავი, ვით უპირატესს სხვა ავტოკეფალური და ადგილობრივი ეკლესიების წინაშე?!

   „გრდემლის" ავტორი ბესარიონ კათალიკოსი (ბარათაშვილ-ორბელაშვილი) ასე განმარტავს წმინდა წერილის ზემოთ მოყვანილ მონაკვეთს: „ესე უწყოდა ვითარცა წინასწარ მცნობელმან ყოვლისამან უფალმან და ამისთვის შემოიღო სიტყვა ესე და წინასწარ განაკრძალებს მოწაფეთა თვისთა და ასწავებს, რათა არა განლაღნენ ერთი მეორესა ზედა; ვითარცა კუალადცა ეტყოდა მოწაფეთა: „ისწავეთ ჩემგან რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთა". ისწავეთ ჩემგან სიმდაბლე არა თუ სილაღე და ამპარტავნება".1

 

 

 

 

1 გრდემლი. ბესარიონ კათალიკოსი. თბ. 2013. გვ. 87

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება