მთავარი > პაპიზმი, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა მამები „აღმოსავლური პაპიზმი“-ს შესახებ

წმინდა მამები „აღმოსავლური პაპიზმი“-ს შესახებ


24-01-2019, 22:37

წმინდა მამები „აღმოსავლური პაპიზმი“-ს შესახებ

 

   ეგრეთ წმოდებული „აღმოსავლური პაპიზმი" ცრუსწავლებაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა და იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ გაემართლებინა და დაესაბუთებინა კონსტანტინოპოლის პატრიარქების მისწრაფება ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის თავისი ძალაუფლების ქვეშ მოქცევისკენ. ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რას ამბობს ტრადიციული საეკლესიო სწავლება ამ საკითხზე. ქვემოთ მოვიყვანთ წმინდა მამათა მთელ რიგ გამონათქვამებს, რომლებიც ამხილებენ, თუ რაოდენ უსამართლოა კონსტანტინოპოლის პირველმღვდელმთავართა პრეტენზიები ძალაუფლების პირველობაზე.

   „აღმოსავლური პაპიზმი"-ს მწვალებლობის ღვთივგანბრძნობილი მოწინააღმდეგე იყო ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი და მისი სიტყვა განსაკუთრებით ფასეულია, ვინაიდან თვითონ იგი კონსტანტინოპოლის ადგილობრივი ეკლესიის ერთგული და ღირსეული წევრი იყო. ამ წმინდანს უმაღლესი საერო განათლება ჰქონდა, რამდენიმე უცხო ენას ფლობდა, მაგრამ ამასთან მკაცრი ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა, რომელშიც სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. თუ რა მაღალი ხარისხის იყო მისი წმინდა მამებისეული ღვთისმეტყველება, ერთი ფაქტიც მეტყველებს: მღვდელმონაზონ აღაპისთან თანაავტორობით შედგენილი წიგნი „პიდალიონი", ანუ ბერძული „მესაჭე", 1800 წლიდან მოყოლებული დღემდე კონსტანტინოპოლის და სხვა ბერძნული ეკლესიების ოფიციალურ კოდექსად რჩება.

   ამ ნაშრომში IV მსოფლიო კრების მე-9 კანონის განმარტებისას, რომელსაც „აღმოსავლური პაპიზმი"-ს ახლადმოვლენილი თეორიის მომხრეები იმოწმებენ, წმინდა მამა წერს: „ახლა, როდესაც აღარც კრება არსებობს, აღარც ოლქის ეგზარქოსი, კონსტანინოპოლის პატრიარქი ერთადერთი, პირველი და უკანასკნელი მსაჯულია მისდამი მორჩილებაში მყოფი მიტროპოლიტებისთვის, მაგრამ არა სხვა პატრიარქების მორჩილებაში მყოფთათვის, რადგან მხოლოდ მსოფლიო კრებაა უკანასკნელი და საერთო მსაჯული ყველა პატრიარქისა და სხვა არავინ, როგორც უწინაც ვთქვით".

   იმავე მსოფლიო კრების 28-ე კანონის განმარტებაში (კონსტანტინოპოლის პაპისტური პრეტენზიების მომხრეები ამ კანონსაც იმოწმებენ) ღირსი ნიკოდიმოსი ამბობს: „ვინაიდან რომი დედაქალაქი იყო, მის ეპისკოპოსს პირველობა ეკუთვნოდა და უკვე მას შემდეგ, რაც კანონებმა მას უბოძეს ეს პრივილეგია, ასეთივე პრივილეგია მიენიჭა კონსტანტინოპოლის პატრიარქსაც, რადგანაც კონსტანტინოპოლი - ახალი რომი - სამეფო ქალაქი გახდა, ჩამოყალიბდა ჩვეულება, რომ იგი (პატრიარქი) აზიაში, პონტოსა და თრაკიაში ხელს ასხამდეს ეპისკოპოსებს და ამ ჩვეულების ძალით იყოს შედგენილი კანონები და დამტკიცდეს ძველი ჩვეულება".

   სხვა წმინდა მამა, რომელიც „აღმოსავლურ პაპიზმს" უარყოფდა, იყო მღვდელმთავარი ნიკოდიმოსი (მილაში), დალმატიელ-ისტრიელი ეპისკოპოსი, ცნობილი სერბი კანონისტი, ავტორი წიგნისა „წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებებით", 2012 წელს იგი წმინდანად შერაცხეს.

   III მსოფლიო კრების მე-8 კანონის განმარტებაში მღვდელმთავარი ნიკოდიმოსი ამბობს: „წმინდა წერილის სწორედ ეს სწავლება (საეკლესიო ხელისუფლების ხასიათის შესახებ) ჰქონდათ მხედველობაში ეფესოს კრების მამებს, როცა თავიანთ განწესებაში შეგვახსენებენ, რომ მღვდელმსახურების სახით საერო ხელისუფლების ამპარტავნება არ უნდა შეგვეპაროს. თავის განაჩენში იმ ეპისკოპოსების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ გარკვეული უპირატესობა მოეპოვებინათ სხვების წინააღმდეგ, მამებმა კვლავ გვიჩვენეს, რომ ისინი გულისხმობდნენ მაცხოვრის სიტყვებს, მოწაფეებს რომ უთხრა მთავრობის შესახებ: „ხოლო თქუენ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ. და მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი ქრისტე. ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ. ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავის თვისი, დამდაბლდეს. და რომელმან დაიმდაბლოს თავის თვისი, იგი ამაღლდეს" (მათე, 23, 8-12). ეფესელ მამებს ღვთაებრივი მოძღვრის სხვა სიტყვებიც ჰქონდათ თვალწინ, რომლებითაც მან თავის მოწაფეთა თანასწორობა გვიჩვენა: „ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის, არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფა თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა" (მარკ. 10, 43-44).

   „აღმოსავლური პაპიზმი"-ს მწვალებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებითი წვლილი შეიტანა მღვდელმთავარ-აღმსარებელმა ტიხონმა, მოსკოვის პატრიარქმა. მაგრამ თუ წინა ორ მამას ამ ცრუმოძღვრების წინააღმდეგობის საქმეში თეორეტიკოსები შეიძლება ვუწოდოთ, მღვდელმთავარი ტიხონი, რომელიც პირისპირ შეხვდა ამ მწვალებლობის მიმდევრებს, პრაქტიკულად ამხილებდა მათ. ასე მაგალითად, 1924 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გრიგოლ VII-მ მოსკოვში თავისი წარმომადგენლის საშუალებით ტიხონს ეპისტოლე გაუგზავნა, რომელშიც არწმუნებდა, დაეტოვებინა პატრიარქის საყდარი და დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ რუსეთის ეკლესიას უარი ეთქვა საპატრიარქოს სტატუსზე.

   საპასუხო ეპისტოლეში მღვდელმთავარმა ტიხონმა კორექტულად, მაგრამ ავტორიტეტულად განაცხადა: „ჩვენ საკმაოდ შეცბუნებულნი და გაკვირვებულნი დავრჩით, რომ <...> ის კონსტანტინოპოლის ეკლესიის წინამძღვარი ისე, რომ არავითარი წინასწარი გასაუბრება არ ჰქონია ჩვენთან, როგორც მთელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთან და წინამძღვართან, ერევა რუსეთის ავტოკეფალური ეკლესიის შიდა ცხოვრებასა და საქმეებში. წმინდა კრებები (იხ. II მსოფლიო კრების მე-2 და მე-3 კანონები და სხვ.) კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსთან მიმართებაში მხოლოდ პატივის პირველობას აღიარებდნენ, მაგრამ არ აღიარებდნენ და არცა ამჟამად აღიარებენ ძალაუფლების პირველობას".

   მღვდელმთავარ-აღმსარებელი ტიხონი 1925 წელს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების საკვირველ დღესასწაულზე აღესრულა. ოპტინელი ბერი ბარსანაბოსი წერდა: „ის ადამიანები, რომლებიც მაღალი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ, ჩვეულებრივ, არა სოფელს ისეთი წმინდანების ხსენების დღეს ტოვებენ, რომელიც თავის დროზე მის მსგავს მოღვაწეობას ეწეოდა". საინტერესოა, რომ ბერის ეს სიტყვები სერბ წმინდანთან - იუსტინე პოპოვიჩთან დაკავშირებითაც ასრულდა, რომელიც ასევე ხარებას მიიცვალა უფლისა მიმართ, ოღონდ ნახევარი საუკუნით გვიან, 1979 წელს. ის მართლაც მსგავს მოღვაწეობას ეწეოდა - მართლმადიდებლობას იცავდა და იბრძოდა მისთვის ანტიეკლესიური „აღმოსავლური პაპიზმი"-ს წინააღმდეგ.

   კერძოდ, ღირსი იუსტინე წერდა: „არ მტოვებს აზრი და შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გარკვეული წევრების ფარულ სურვილზე მიუთითებს: მართლმადიდებლობაში პატივით პირველ საპატრიარქოს უნდა შეეძლოს თავისი კონცეფციები და ქცევა თავს მოახვიოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს, საერთოდ, მართლმადიდებლურ სამყაროსა და მართლმადიდებელ დიასპორას, და ასეთი „ნეოპაპისტური" განზრახვის სანქცირება ერთიანი „მსოფლიო კრებით" მოახდინოს. ამიტომ კრებისათვის შერჩეული ათი თემიდან პირველი ოთხი ამჟღავნებს სწორედ კონსტანტინოპოლის მისწრაფებას, დაიმორჩილოს მთელი მართლმადიდებელი დიასპორა - და ესე იგი, მთელი მსოფლიოც! - და დაიტოვოს განსაკუთრებული უფლება მიანიჭოს ავტოკეფალია და ავტონომია მსოფლიოს ყველა ეკლესიას, როგორც ახლანდელს, ისე მომავალს, და ამავე დროს, რიგი და რანგიც საკუთარი შეხედულებისამებრ მიანიჭოს (ამაში მდგომარეობს სწორედ დიპტიქების საკითხი, რაც მხოლოდ „ლიტურგიაზე მოხსენიების რიგს" კი არ ნიშნავს, არამედ ეკლესიების თანმიმდევრობასაც კრებებზე და სხვ.). მე ქედს ვიხრი ამ საპატრიარქოს, ესე იგი, ქრისტეს უდიდესი კონსტანტინოპოლის ეკლესიის დამსახურებების წინაშე, მაგრამ არ იქნებოდა სახარებასთან თანხმობაში, თუ ნებას მივცემდით კონსტანტინოპოლს, რომ იმ სიძნელეების გამო, რომლებშიც იგი დღეს იმყოფება, მართლმადიდებლობა უფსკრულის პირამდე მიიყვანოს, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა ფერარო-ფლორენციის კრებაზე, ანდა რომ მან კანონიკურად და დოგმატურად დააკანონოს გარკვეული ისტორიული ფორმები, რომლებიც რაღაც მომენტში, იმის მაგივრად, რომ ეკლესიის ფრთები იყვნენ, შეიძლება ბორკილებად ექცნენ მას".

   ჩვენი სტატიის ბოლოს დროული იქნებოდა მოსკოვის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის პროფესორის ს.ვ. ტროიცკის სიტყვების მოყვანა, რომელიც თავის შრომებში ხშირად ამხილებდა კონსტანტინოპოლის პირველმღვდელმთავართა მწვალებლურ პრეტენზიებს ძალაუფლების პირველობაზე: „ამგვარად, მსოფლიო კრებათა კანონები (II, 2; III, 8; IV, 28, 17), რომლებსაც ის ადამიანები ეყრდნობიან, ვინც მთელ მართლმადიდებელ დიასპორაზე კონსტანტინოპოლის ეკლესიის იურისდიქციის ახლადმოვლენილ თეორიას ემხრობა, სინამდვილეში ამის არავითარ მტკიცებულებას არ შეიცავენ; ამ თეორიის ფესვები კანონების მიერ აკრძალულ „ამა სოფლის ძალაუფლების ამპარტავნებაში" უნდა ვეძებოთ, რომელიც ასე ადვილად აღწევს ეკლესიის მმართველ წრეებში, ასეთ ზიანს აყენებს საეკლესიო სიმართლის, სიყვარულისა და მშვიდობის საქმეს და ასე უშლის ხელს მართლმადიდებლობის წარმატებას მისგან განდგომილი ქრისტიანული სამყაროს წინაშე. და რაც უფრო ადრე დაგმობს ამ პაპისტურ და ანტიკანონიკურ მწვალებლობას მსოფლიო ეკლესიის სულიწმიდით განათლებული ცნობიერება, მით უკეთესი".


Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება