მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სასწაული

სასწაული


3-06-2019, 23:22

 

   ადამიანი ბრმაა და ვერ ხედავს, რა ხდება საღვთო ლიტურგიის დროს. ერთხელ ლიტურგიას ვასრულებდი და ვერ შევასრულე დიდი შესავალი იმის გამო, რაც მოხდა. უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და წმინდა სამსხვერპლოსკენ წამიყვანა. ვიფიქრე, მედავითნეა-მეთქი. მივბრუნდი და დავინახე უზარმაზარი ფრთა, რომელიც მთავარანგელოზს ჩემს მხარზე ედო და დიდი შესავლისკენ მივყავდი. რა არ ხდება საღვთო ლიტურგიის დროს! ხშირად ვერ ვუძლებ ამას და ჩამოვჯდები ხოლმე; ამ დროს, თანამსახურთ ჰგონიათ, რომ ცუდად ვარ, წარმოდგენა არა აქვთ, რას ვხედავ და რას ვისმენ.

 

ბერი იაკობი

 

 

   თუკი ადამიანი ცხოვრების გზაზე რწმენით მიდის, დაუეჭვებლად ითხოვს ღვთისაგან შემწეობას, მასში ნელ-ნელა აღესრულება სასწაულებრივი მოვლენები: თავიდან მცირე, შემდეგ უფრო დიდი, და იგი უფრო მორწმუნე ხდება. როდესაც საკუთარ თავზე განიცდის საღვთო საიდუმლოებებს, ადამიანი ღვთისმეტყველი ხდება, ვინაიდან იგი გონებით კი არ ეხება, არამედ - სინამდვილეში განიცდის ყოველივეს. მისი რწმენა განუწყვეტლივ მრავლდება, რამდენადაც მოძრაობს სხვა სივრცეში - საღვთო მოვლენების სფეროში. თუმცაღა იმისათვის, რომ გამოცდილებით განვიცადოთ ღვთის საიდუმლოებები, საჭიროა, განვიძარცვოთ ძველი კაცი და გარკვეულად დავუბრუნდეთ ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობას. უნდა გვქონდეს უბოროტობა და უბრალოება - იმისათვის, რომ შენი რწმენა იყოს ურყევი. უსიტყვოდ უნდა გწამდეს, რომ ისეთი არაფერია, რის გაკეთებაც უფალს არ ძალუძს.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

   მათ შესახებ, ვისაც აეჭვებდა უფლის სასწაულები, ბერი ამბობდა: „როდესაც ადამიანი ირწმუნება ქრისტეს აღდგომას და სიტყვით დაადასტურებს, რომ ქრისტე არის ღმერთი, მაშინ ის იოლად შეძლებს ყველა სასწაულის ახსნას".

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

   როცა მღვდელს ნაწილები მოაქვს და წმინდა სამსხვერპლოსთან ერთგულთა სახელებს ახსენებს, მაშინ ცხადდება უფლის ანგელოზი, აიღებს ამ სახელებს და ქრისტეს ტახტთან მიიტანს, როგორც ლოცვას იმათ მიმართ, ვინც ახსენეს.

 

ბერი იაკობი

 

 

   სასწაულთა მოვლენებით უფალი კი არ ადასტურებს, რომ ესა თუ ის მორწმუნე სწორად ცხოვრობს, არამედ ღმერთი სასწაულებს ახდენს თავისი ქმნილებისადმი სიყვარულის გამო.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება