მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > პატიოსნება
პატიოსნება23-07-2019, 20:32 |
ვისაც პატიოსნება არა აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზე დამოკიდებული. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვინმესთან არ იყოს შეკრული რომელიმე პირობით, ჩვენი მოვალეობა კი სხვა არა არის რა, თუ არა ამ პირობის ასრულება - მამაშვილობა, ძმობა, მოყვრობა, მეგობრობა, უფროს-უმცროსობა, მოძღვრობა, ვაჭრობა - ეს ყოველივე პირობის მიცემასა და აღთქმის აღსრულებაზეა დაფუძნებული. საზოგადოებაში, სადაც პატიოსნება სუფევს, ყოველი საქმე წარმატებულია, ხოლო სადაც იგი არ არის, იქ ადამიანის ცხოვრება გატანჯულია.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
თუ შენი პატივისცემა გაქვს და გსურს პატივი სხვებმაც გცენ, პატიოსნება უნდა დაიცვა და განიმტკიცო. ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი განძი პატივია, მის მოკლებას სიკვდილი უნდა ერჩივნოს. ამიტომ, თუ ადამიანობა გსურს, შენი პატივი შენი პატიოსნებით დაიცავი.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
პატიოსნება სამკაულია სამღვდელო პირისა. ჩვეულებრივ მას ასე უწოდებენ და სწერენ: პატიოსანო მამაო, და ეს იმიტომ, რომ მისი უპირველესი თვისება პატიოსნება უნდა იყოს. თუ მოძღვარი პატიოსნებას მოკლებულია, ეს სამწყსოსათვის გამოუთქმელი უბედურებაა. მისი სიმრუდე და სიცრუე მრევლში საწამლავივით იმოქმედებს. პატიოსნება სჭირდება ყოველი პროფესიის ადამიანს, სახელმწიფო მოხელე იქნება იგი, შინამოსამსახურე თუ ვაჭარი. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ფიქრობს, რომ პატიოსნებით ვერაფერს მოიგებს და რომ ადამიანს პატიოსნება მრავალ ჭირსა და მწუხარებას შეამთხვევს. ასეთი შეხედულება მხოლოდ იქ სუფევს, სადაც უმეცრება და უზნეობაა.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
რა არის პატიოსნება? პატიოსნება ისაა, როცა კაცი ყოველთვის სიმართლით და გულწრფელად ლაპარაკობს. ყოველ აღთქმასა და პირობას აუცილებლად ასრულებს, ეშინია და რცხვენია სიცრუის თქმისა, მრუდედ და მზაკვრულად მოქცევისა, რაც მტკიცედ არ იცის, იმაში ვინმეს დარწმუნებას არ შეეცდება და რისი აღსრულებაც არ შეუძლია, იმის პირობას არ მოგცემს. მოკლედ, პატიოსნება ისაა, როცა კაცის სიტყვა და საქმე ერთია.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
რა უნდა განაღვიძოს და განამტკიცოს ადამიანის გულში პატიოსნება? იმის შეგნებამ, რომ მას აქვს პატივი მინიჭებული ღმრთისაგან, უნდა ახსოვდეს საკუთარი ღირსება, თავისი ბუნების სიმაღლე და დიდება. კაცის ბუნებას შეუფასებელი ღირსება აქვს, რადგან თვით შემოქმედმა ღმერთმა მისი ცხონებისა და განათებისათვის თვით საკუთარი ძე არ დაზოგა და რადგან უფალმა იგი თავის ღმრთეებრივ ბუნებასთან შეაერთა. კაცობრივი ბუნების ასეთ სიმაღლეს კი ისე არაფერი ამდაბლებს, როგორც სიცრუე და მზაკვრობა. მეორე, რაც ჩვენში პატიოსნებას განამტკიცებს, ის აზრია, რომ პატიოსნების გარეშე კაცი არც კარგი ქრისტიანი იქნება და არც კარგი მოქალაქე, ანუ საზოგადოების წევრი. ქრისტიანობა აღსრულებაა იმ პირობისა, რომელიც ჩვენ ნათლისღების დროს ღმერთს მივეცით, სახელდობრ, რომ წმინდა, მართალი და ღმრთისა და მოყვასის მოყვარული ვიქნებოდით.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |