მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > განმართლება

განმართლება


5-07-2019, 00:02

განმართლება

 

  განმართლება იმას ნიშნავს, რომ კაცს თავისი ცოდვა, როგორც თანაშობილი ანუ მასზე ადამისგან გადმოსული, ისე საკუთრივ მის მიერ აღსრულებული, არ მიეთვალა, ანუ არ შეერაცხა; ე.ი. როცა იგი ღმრთის წინაშე უბრალო შეიქნა და არცერთ პასუხისმგებლობას არ დაექვემდებარა, ერთი სიტყვით, როდესაც სცხონდა.


წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი



   მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება.

   უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ.

   ჩვენგან წასვლა კი - განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ.

   თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე.

   მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა.

   ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა.

   გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები.

   განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი.

   უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.


სიბრძნე სოლომონისა, თ. 2-4



   მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ კაცის განმართლებისათვის საჭიროა როგორც სარწმუნოება იესო ქრისტესი, ისე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისაებრ; ამასთანავე განგვიმარტავს, რომ ყოველი საქმე კაცისა მაშინ იქნება ნამდვილად კეთილი და განმმართლებელი კაცისა, როდესაც იგი იესო ქრისტეს ცხოველი სარწმუნოებისგან, სასოებისა და სიყვარულისგან მომდინარეობს, როდესაც კაცის გულში თვით იესო ქრისტე ცხოვრობს და მოქმედებს.


წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი



   საგულისხმოა, რომ დიდი ცოდნისა და განათლების მიღება, არა მხოლოდ წიგნებითაა შესაძლებელი, არამედ უმეტესად სულიწმიდის მოპოვებისათვის გაწეული დიდი შრომითაა და ასკეტური ღვაწლით. წმინდანთა ცხოვრებაში ხშირია მაგალითები, როცა არა წიგნიერ ადამიანებს, დიდი ასკეტური ღვაწლის შემდეგ, სულიწმიდის მადლით აღვსილებს, სხვადასხვა ენებისა და ყოველი წიგნის მცნობელობასთან ერთად, იმ დაფარულ კანონზომიერებათა აღქმაც რომ მიმადლებიათ, რომელიც მიუწვდომელია ჩვეულებრივ წიგნიერ და სწავლულ მეცნიერთათვის.


მამა გაბრიელი



Xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება