მთავარი > თანამედროვე მამები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის (ნაწილი 2)

აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის (ნაწილი 2)


26-09-2018, 00:02

 

   არქიმანდრიტი შეგვაგონებს: „ნუ იფიქრებთ, რომ ქრისტიანს შეუძლია ხანდახან მაინც მოისმინოს ამგვარი, თითქოს შედარებით „უწყინარი" სიმღერები. არა და არა! ეკალთაგან ყურძენს ვერავინ მოიწევს და ვერც ხენეში ხე გამოიღებს კეთილ ნაყოფს!... ასე რომ, მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ყველაზე „მსუბუქი" გატაცებაც კი როკ - მუსიკით არის საკუთარი სარწმუნოების ღალატი".

   როკ - მუსიკის მავნე მოქმედების ნაყოფებში მამა ლაზარე პირველ ყოვლისა ნარკომანიას მოიაზრებდა. ქვეთავში „ნარკომანია", მოძღვარი „მიღმიური სამყაროსადმი" უცნაური ინტერესის გაძლიერებაზე, არსებითად ბნელეთის სულებთან კავშირზე საუბრობს:

   „თავისთავად ადამიანის სურვილი - დალიოს (მოწიოს, შეიყნოსოს) რაღაც, რაც ძლიერ, უცნაურ, გამოუთქმელ მდგომარეობას განაცდევინებს და უცნობ, იდუმალ ქვეყანას დაანახვებს, არის დაცემულ სულთა გამოხმობა. კაცი მზად არის თავისი გრძნობები, მთლიანად სული მათ დაუმონოს, ოღონდ კი რაღაც „საინტერესო", უჩვეულო, სასიამოვნო გამოსცადოს..."

   მამა ლაზარე გვახსენებს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი „ეჭვით უყურებს ამ „ტკბილ", „საამო", „ნეტარ" მდგომარეობებს, შეუმოწმებლად არ ვღებულობთ არავითარ „გამოცხადებებს", „ხილვებს", „ჩვენებებს", „განათებებს" და სხვა უჩვეულო მოვლენებს... რაღა ითქმის მათზე, ვინც თვითონ ეძებს და ეძახის სწორედ ასეთ ძლიერ, მკვეთრ, საამო გრძნობებს, ახალ-ახალ, უჩვეულო განცდებს „ჩვენებებს"? ასეთი ადამიანი მალე ბოროტ სულთა სრულ მფლობელობაში გადადის და სულით ხორცამდე მათი მონა ხდება. ეშმაკი მას მანამ შეიქცევს, სანამ სრულიად არ ჩაეფლობა ნარკომანიის ჭაობში და დამოუკიდებელი პიროვნებიდან ნარკოტიკის დანამატად არ იქცევა. ამიერიდან მის ცხოვრებას ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე კვლავ აღმოჩნდეს იმ „სამეფოში", რომლის კარსაც ნარკოტიკი აღებს... მაგრამ საბრალოს დემონები მალე ამ ნუგეშსაც სტაცებენ - ნარკოტიკის მიღების სურვილი მატულობს, დოზები იზრდება, უიმისოდ არსებობა ძნელდება, საამო შეგრძნებები კი პირვანდელ ხიბლს კარგავენ, ქრებიან და ამ „ვარდისფერი ნისლის" მიღმა თანდათან ჩნდება ეშმაკის მახინჯი, საშინელი სახე".

   „მაინც საიდან იწყება ნარკომანია? - სვამს კითხვას მამა ლაზარე და თავადვე პასუხობს: „ახალგაზრდა, ბავშვობიდანვე ნაზიარები მძიმე ცოდვებს... უთუოდ უდგება მძიმე შინაგანი კრიზისი: სულს ლოდივით აწევს შეუნანიებელი ცოდვები, მაგრამ სარწმუნოება და რელიგიური ცოდნა არ ჰყოფნის იმისთვის, რომ ღმერთს სთხოვოს შველა, ლოცვასა და სინანულში ეძებოს განკურნება, გათავისუფლება. შინაგანი დისკომფორტის მუდმივი განცდა მას აიძულებს ეძებოს რაიმე მსუბუქი საშუალება ამ სიმძიმისაგან თავის დასახსნელად... იპოვოს რაღაც ილუზიური, ფანტასტიკური სამყარო, სადაც არც საზრუნავი არსებობს და არც საწუხარი".

   „რაც უფრო ადრე გამოერკვევა კაცი დაბანგული მდგომარეობიდან, რაც უფრო ადრე ჩამოიბერტყავს ჰიპნოზის ჯადოსნურ ხიბლს, მით უფრო ადრე შეძლებს ჭეშმარიტებისაკენ - უფლისკენ მოქცევას".

   განსაკუთრებულ საფრთხეს მამა ლაზარე სიძვა - მრუშობის ვნებაში ხედავს. აღნიშნულ წიგნში სიძვის ცოდვაზე რადენიმეჯერ არის ყურადღება გამახვილებული. არქიმანდრიტი მიიჩნევს, რომ „ჩვენი დრო ყველა სხვა დროს აღემატება გარყვნილების სიღრმით, ურცხვობითა და აღვირასხნილობით... დღეს პატარა ბავშვმაც კი იცის ის, რაც უწინ მხოლოდ ხელიდან წასულმა ნაძირალებმა იცოდნენ. ბავშვები, სოდომელ ყრმათა მსგავსად, თავგამოდებით ცდილობენ მიბაძონ უფროსებს, სასიკვდილო შხამი შესვან და დამღუპველი ნაყოფი იგემონ, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე მძიმე ნაიარევად გაჰყვებათ, რამეთუ არცერთი ცოდვა არ იდგამს ფესვებს სულში ისე ღრმად, როგორც სიძვა, მით უფრო ბავშვობაში შეცნობილი...

   დღეს, საზოგადოებაში, რომელიც თავის თავს ქრისტიანულს უწოდებს, სირცხვილად სიძვა და გარყვნილება კი არა, უბიწოება ითვლება".

   მრავალი მსგავსი შეგონება, ცოდვილი ცხოვრებიდან მოქცევისაკენ მოწოდება გვესმის ამ შესანიშნავ წიგნში. მამა ლაზარე არც მემთვრალეობის ცოდვას ტოვებს უყურადღებოდ. ის მემთვრალეობას სოდომ - გომორის ვენახის, ანუ ლოთობის ნაყოფის ათ ყველაზე მწარე მტევანს ადარებს, რომლებიც სულიერად ანადგურებენ ადამიანს.

   ბოლოს, გულის გამოსწორებისთვის თავმოყვარეობისაგან განთავისუფლებისაკენ მოგვიწოდებს.

   „ესაა ცოდვის ძირი! - ამბობს მამა ლაზარე, - ყოველგვარი ბოროტების სათავე! სადღაც ღრმად, გულშია ეს თესლი დამარხული, მაგრამ როდესაც აღმოცენდება და დღის სინათლისაკენ მიიწევს, უკვე სამი სახის ამონაყარი აქვს: თავის განდიდება, მომხვეჭელობა და განცხრომის სიყვარული. პირველი კაცს ათქმევინებს: „ვინ არის ჩემი ცოლი", მეორე - „ყველაფერი ჩემი უნდა იყოს", მესამე - „ჩემს ნებაზე მინდა ვიცხოვრო"...

   მამა ლაზარე ამ ვნებებთან ბრძოლაზე გვესაუბრება:

   „მოკლედ და ადვილად ითქმის ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში თავის გამოსწორების საქმე არც ისეთი მოკლეა და არც ისეთი ადვილი".

   სწორედ ამ „არც ისე ადვილ" საკითხს განგვიმარტავს არქიმანდრიტი თავის მომდევნო წიგნში „სულის ფარული სნეულებების შესახებ".

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება