მთავარი > თანამედროვე მამები, საცდურები, სიძვა, მთავარი გვედის ფოტო > ბაბილონის სახმილში (ნაწილი 1)
ბაბილონის სახმილში (ნაწილი 1)18-09-2018, 00:02 |
არქიმანდრიტმა ლაზარემ (აბაშიძე) მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი მწერლობითი შემოქმედებისა თანამედროვე „კულტურასა" და მისგან გამოწვეულ სავალალო შედეგებთან ბრძოლას მიუძღვნა. განსაკუთრებული ადგილი სიძვის ვნების რაობის განმარტებას დაუთმო. ამ კუთხით ყურადსაღებია მამა ლაზარეს ბროშურა „ბაბილონის სახმილში", რომელშიც სიძვის ვნებას სულის მოძრაობათა და გულისთქმათა შორის ყველაზე ძლიერსა და დამატყვევებელს უწოდებს: „ვინ არის კაცთაგან ამ ყოვლისდამწველი ცეცხლისაგან თავისუფალი? ვისი გული არ არის ხორციელი სილამაზით აღძრული ჟინისაკენ მიდრეკილი, მისი დამყოლი? სხვა რომელი ვნება გვიზიდავს ასე ძლიერად, გვათრობს, ჭკუიდან გვშლის, გვართმევს ნებისყოფას და სიმამაცეს, თუ არა ეს?" - გვეკითხება მოძღვარი. „სიძვის სენი ისე შეისისხლხორცა ადამიანმა, ისე შეეზარდა მის გულს, რომ დამღუპველი უფსკრულისაკენ მიმავალ პირდაპირ და ფართო გზად იქცა, ხოლო ავხორცული სიამტკბილობით მტრის მახეში ადვილად შეტყუებული ურიცხვი მსხვერპლი გეენის მკვიდრი გახდა. სულ უფრო და უფრო ცოტანი დარჩნენ, ვინც სიძვის ჯადოქრის მორჩილება არ მოისურვეს, იშვიათად შეგვხვდება დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე ცხოვრების გემი. და რომელი მენიჩბე გადაურჩება ყოვლისწამლეკავი, აზვირთებული ვნების აქოჩრილ ტალღას". ჩვენი დროება ამ ვნებას „თანამედროვე კულტურის" ერთ-ერთ გამოვლინებად მოიაზრებს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან გაისმის მოწოდებები ამგვარი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ, ვით მისაღების და სასურველის. განსხვავებულ შეფასებას ვპოულობთ არქიმანდრიტის თხზულებაში. „რა შეიძლება ითქვას „თანამედროვე კულტურაზე", ასე რომ გაბატონდა მთელ ქვეყანაზე? ზოგიერთი თანამედროვე მამა მას პირდაპირ „ანტიკულტურას", „რღვევის კულტურას", „თვითგანადგურებას" უწოდებს... უკვე ყველაზე „ცივილიზებული" და „კულტურული" ერებიც კი დარწმუნებულნი არიან, რომ, როგორც იქნა, გადააგდეს შუა საუკუნეების შავბნელი ველურობის უღელი და ურთიერთობის ახალი, უმაღლესი კულტურისაკენ გადადგეს ნაბიჯი. განსაცვიფრებელი აღმოჩენა გაკეთდა: თურმე მონოგამიური (ქალისა და კაცის) ქორწინება „ძველი გადმონაშთია", ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება და ოჯახური მოვალეობანი „ცრურწმენაა", ხორციელ გულისთქმათა მოთოკვა და ავხორცი სურვილების ალაგმვა „ფსიქიკის დამაზიანებელი უნარის მქონე სახიფათო ვარჯიშია", მორიდებულობას და კდემამოსილებას ახლა „არასრულყოფილების კომპლექსს" არქმევენ, რომელსაც გულმოდგინედ უნდა ვებრძოლოთ და, თუ საჭიროა, ექიმ-ფსიქიატრსაც მივმართოთ". წესიერების ჩარჩოში დარჩენას „შებოჭილობას" და „არაკომუნიკალურობას" უწოდებენ. მოყვასისადმი ბილწ გულისთქმათა ჩახშობა, მოურიდებელი, სახიფათო, ახლო ურთიერთობისაგან თავშეკავება - „ცხოვრებისაგან ჩამორჩენა", „არაბუნებრიობა", „ველურობა" და ლამის „შიზოფრენიაც" კი ყოფილა... იოანე კიბისაღმწერელი წერდა: - განაგრძობს მამა ლაზარე, - „ესეცა უწყოდეთ საყვარელნო, ვითარმედ ესეცა მრავლითა ზრუნვითა და წყალობითა ჩვენითა განაგო ღმერთმან, რომელ დასდვა დედათა ზედა ზარი და სირცხვილი და მიფარვა, და ვითარცა აღვირითა აღვირახსნა მათ ამით, რამეთუ უკეთუმცა აქვნდა მათ კადნიერება მძლავრებით მისვლად მამათა მიმართ, არამცა განერა მათ ყოველი ხორციელი" (ე.ი. ქალს რომ სირცხვილის განცდა არ ჰქონდეს ღვთისაგან მომადლებული და თვითონ მირბოდეს კაცთან, ხორციელი ვერავინ გადარჩებოდა). ო, წმიდაო იოანე! ჩვენ უბედურნი უკვე მოვესწარით ამ ავბედით დღეებს, როცა მრავალი ქალი გაცოფებული ცხენივით იგლეჯს სირცხვილის აღვირს და სიძვის ეშმაკით შეპყრობილი პატიოსან ზნეობას თელავს. ისინი თითქმის შიშვლები დაშლიგინობენ ხალხმრავალ ქუჩებში, სოფლების მტვრიან შარაგზებზე და ურცხვად იწვევენ დუჟმორეული კაცებისა და ცოდვის ჟინით შეპყრობილი მოზარდების ვნებიან მზერას. ყმაწვილი ქალები და უკვე ხანდაზმული ქალბატონებიც კი საკმაოდ გამომწვევად ჩაცმულები, არათუ წითლდებიან, ხალხის კადნიერი მზერის გამო, არამედ ყველანაირად ცდილობენ უფრო მეტი ყურადღებას დაიმსახურონ და უფრო ხშირად მაშინ წითლდებიან, როცა ამას ვერ ახერხებენ... (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |