მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მე ვარ უფალი ღმერთი შენი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

მე ვარ უფალი ღმერთი შენი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)


20-07-2018, 00:02

მე ვარ უფალი ღმერთი შენი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

 

 

   ძველი და ახალი აღთქმის მცნებები ადამიანის ღმერთთან კავშირის საუკუნო, უცვლელი პირობებია.

   იოანე ოქროპირის სიტყვით, მცნებები ერთი მთლიანი ოქროს ჯაჭვია. ამ ჯაჭვის ერთი რგოლიც რომ გამოვარდეს ან გაწყდეს, ღმერთთან ერთობა ამქვეყნად და საუკუნო ცხოვრების დამკვიდრება შეუძლებელი ხდება.

   ძველი აღთქმის დროს იყო ასეთი ჩვეულება: მცნებებს ქარგავდნენ თავსაფარზე; მას თავზე იხვევდნენ ნიშნად იმისა, რომ ისინი ადამიანის მეხსიერებაში უნდა იყვნენ დამარხულნი მუდამ და ზეციური ნათლის სხივებივით განანათლებდნენ მის გონებას; ან მცნებებს წერდნენ ზედა ტანსაცმლის განიერ სახელოებზე, როგორც პერგამენტზე, რათა მუდამ თვალწინ ჰქონოდათ ისინი. სწორედ ამით ამოწმებდნენ იუდეველები, რომ ადამიანის ყველა საქმე და საქციელი მათი აღსრულებისკენ უნდა იყოს მიმართული, რათა მისი ცხოვრება ღვთის ნების აღსრულებად იქცეს. ამგვარად, ადამიანის ცხოვრებაში მცნებები იყო მთავარი ორიენტირი, საფუძველი ყველა გადაწყვეტილებისა და საქციელისა.

   ახალი აღთქმის დროს კი ქრისტიანებმა მცნებები ტანსაცმელზე ან ქაღალდზე კი არ უნდა გამოიწერონ, არამედ - გულის მეხსიერებაში. აუცილებელია ზეპირად ცოდნა მცნებებისა, ისევე როგორც იესოს ლოცვისა და „მამაო ჩვენოსი". წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მცნებების აღსრულების გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია. მცნებები საუკუნო ცხოვრების წყაროა. მაგრამ ჩვენ გვსურს ყურადღება მივაპყროთ აქ ერთ საიდუმლოს: მცნების უმაღლესი სულიერი სიბრტყე ერთია. მათი მწვერვალები ქრისტიანულ ასკეზაში შეეყრებიან ერთიმეორეს, როგორც რადიუსები - ერთ ცენტრში.

 

* * *

    მაშ ასე, მივმართოთ პირველ მცნებას, მიცემულს მოსესთვის სინას მთაზე: „ისმინენ ისრაელ, მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე შენ ქვეყანით ეგვიპტით. არა იყუნენ შენდა ღმერთნი სხუანი თვინიერ ჩემსა" (იხ. მეორისა სჯ. 6. 4). ამ მცნებას, ისევე როგორც სხვებს, სამი სიბრტყე, სამი ასპექტი აქვს. სიტყვა „ისმინე" პირდაპირი გაგებით, სიტყვასიტყვით ნიშნავს: „შეისწავლე, წაიკითხე, გაიმეორე, მეხსიერებაში დაიმარხე ჩემი ბრძანებები". ეს პირველი, გარეგანი მხარეა. მეორე, მშვინვიერ ასპექტში „ისმინენ" ნიშნავს: „შენ სინდისს უსმინე, ეს მცნებები შენი ცხოვრების ძირითად ღერძად აქციე, ღერძად, რომელზეც აისხმება ადამიანის საქმე (მოქმედება), სიტყვა და ზრახვა. მცნებები აქციე დაზგად, რომელზეც ადამიანის ცხოვრების სახე იქსოვება".

   მცნებები ერთგვარი სასინჯი ქვაა, რომლითაც ადამიანს შეუძლია განსაზღვროს, ვინ შთააგონებს მას ამა თუ იმ აზრს: საღმრთო მადლი, საკუთარი ვნებები თუ დემონი. მცნებები ფილტრია, რომლითაც განიწმინდება ჩვენი გულისსიტყვების უწყვეტი ნაკადი; ბრძმედია, რომლის ალშიც იწრთობა ლითონი და შლაკს - ვნებათა მწვირეს გამოეყოფა.

   მცნებები ის სარკმლებია, რომლებიდანაც უნდა უმზერდეს ადამიანის სული სამყაროს. სხვა სიტყვებით, მშვინვიერი აზრით, ადამიანის ყურადღება მცნებათა მიმართ ნიშნავს მის მიერ მთელი თავისი სულიერი ცხოვრების დამყარებას მცნებების საფუძველზე.

   ამ სოფელზე სრული უარის თქმა ეს ჯერ არ არის, არამედ - სწრაფვა, რომ ამ სამყაროს მეშვეობით, რომელშიც იმყოფება ადამიანი და რომელიც მშვინვიერად განიცდება მის მიერ, ემსახუროს ღმერთს. ეს არის არა უარყოფა, არამედ გაკეთილშობილება საკუთარი სამშვინველის ინტელექტუალურ - ემოციური სფეროსი, უფრო ზუსტად, შინაარსისა, რომელსაც ის იღებს გრძნობების მეშვეობით.

   მესამე სულიერი სიბრტყეა სიტყვა „ისმინე", ანუ „ყურად იღე", რომელიც უმთავრესისკენ უნდა იყოს მიმართული, იმისკენ, რაც სივრცის, ნივთიერებისა და დროის საზღვრებს მიღმა მყოფობს.

   ადამიანის ჭეშმარიტი ცხოვრება მის წინაშე გადაშლილი მარადისობის ჰორიზონტებია, სულის ღმერთთან შერთვაა, რომლის პროცესშიც სული არა მარტო ებრძვის ვნებებსა და ცოდვით შებილწულ გრძნობებს, როგორც მტრებს, არამედ სურს დაივიწყოს ყოველივე წარმავალი და განხრწნადი, ის, რაზეც სიკვდილი ხელმწიფობს, და მისი სიცოცხლე და სუნთქვა იყოს მხოლოდ ის, ვინც ამ სოფელზე და ყოველივეზე მაღლაა. ყურადღება აქ ნიშნავს გონების მყოფობას ღმერთთან ღვთის სახელის მოხმობით, რომელშიც, როგორც სიმბოლოში, სიმბოლიზებული ხდება.

   უფლის სახელი არის შინაგანი გზა მიზნისკენ, რომელსაც არა აქვს არც საზღვარი, არც დასრულება. ამიტომ „ისმინენ ისრაელ" ნიშნავს: „უარყავი ის, რაც შენსა და ღმერთს შორის აღმართულა (თვითონ სიტყვა „ისრაელი" ნიშნავს „ღმერთის მხილველს"); აქ, დედამიწაზე იცხოვრე წარუვალით, მოიძულე ის, რაც ღმერთს განგაშორებს, დაძლიე გატაცება ამ სოფლით, რომელიც სულს იზიდავს მსგავსად იმისა, როგორც დედამიწა იზიდავს სხეულს." სხვა სიტყვებით, სულიერი აზრით, ბრძანება „ისმინე", ანუ „ყურად იღე" ნიშნავს გონების შემოკრებას უფლის სახელში, როგორც კოსმიური მყოფობის მბრუნავი ბორბლის უძრავ ცენტრში - ამ ერთადერთ მტკიცე შინაგან ბურჯში. თუმცაღა დავძენთ, რომ აქ ვგულისხმობთ არა რაღაც უკიდურესს და ამიტომ ცალმხრივ სპირიტუალიზმს, არამედ კონცენტრაციას ყველაზე მთავარზე. თუკი ჩვენ ერთ წერტილს მივაპყრობთ მზერას, სხვა დანარჩენი მქრალად მოჩანს და თითქოს ქრება ჩვენი მხედველობის არიდან: ჩვენ ვხედავთ და თითქოს ვერ ვხედავთ ვერაფერს გარდა იმისა, რისკენაც დაჟინებით მიპყრობილია ჩვენი მზერა. ღირსი ანტონი დიდი ამბობს, რომ მას თავი წარმოუდგენია მოძრავ ქანდაკებად, რომელსაც გვერდიდან უყურებს, მაგრამ თვითონ არ ერთვის მას. საღმრთო მყოფობის რეალობა მისთვის უფრო ღრმა იყო, ვიდრე რეალობა მისი საკუთარი არსებობისა ამ წარმავალ წუთისოფელში. ამიტომ სიტყვა „ისმინე" სულიერი აზრით ნიშნავს სიკვდილს ამ სოფლისთვის და აღდგომას ღმერთისთვის, თავის უარყოფას და თავის ხელახლა პოვნას.

   „მე ვარ უფალი ღმერთი შენი; არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თვინიერ ჩემსა".

   სიტყვასიტყვით, პირდაპირი აზრით, რომელიც ფუნდამენტია შემდგომი აზრთწყობისა, ეს არის მცნება ერთი ღმერთისა და მისი განცხადების ჭეშმარიტი რწმენის შესახებ; ეს ნიშნავს განკუთვნებას ეკლესიისადმი, - იმ სულიერი მეუფებისადმი, რომელშიც მადლი და საღმრთო ძალა მოქმედებენ. ქრისტეს შობამდე ეს იყო ძველი აღთქმის ეკლესია, ქრისტეს აქეთ კი - ახალი აღთქმის ეკლესია, რომელმაც დაიცვა, შეინახა თავი და აღმსარებლობის სიწმინდეშია დამარხული, როგორც მართლმადიდებელი ეკლესია. ღმერთი ცხადდება სარწმუნოების დოგმატების, ეკლესიის საიდუმლოთა და წესების მიერ, რომელთა მეშვეობითაც შეერთვება ადამიანის სულს. ეკლესია ღმერთისკენ სავალი ერთადერთი გზაა. ამიტომ, მის გარეშე ერთი ღმერთის რწმენა „ერთი განუსაზღვრელობის" რწმენაა.

   „არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თვინიერ ჩემსა" არის აკრძალვა ჭეშმარიტების ძიებისა ეკლესიის გარეთ. ერეტიკოსთა საკრებულოებში, მათ სწავლებებში, ღმრთეების ხატი დამახინჯებულად წარმოგვიდგება და ამიტომ ღმრთეების თვით წმინდა სახელებიც აღარ არიან სიმბოლოები, რომელთა მეშვეობით სული ღმერთს მიეახლება. ღვთის ნაყალბევი ხატი ცრუღმერთია, თუგინდ იეღოვას უწოდებდნენ მას და თუგინდ ქრისტეს. (გაგრძელება...)

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება