მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > საღმრთო ლიტურგიის საიდუმლო აზრისათვის - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

საღმრთო ლიტურგიის საიდუმლო აზრისათვის - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)


8-06-2018, 00:02

საღმრთო ლიტურგიის საიდუმლო აზრისათვის - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

 

   სახარება გვიამბობს, რომ უფალმა იესო ქრისტემ ხუთი პურით დიდძალი ხალხი - ხუთი ათასი კაცი დააპურა. ზოგიერთ ჩვენგანს იესო ქრისტესა და მის წმინდანთა საკვირველ სასწაულთა შესახებ რომ წაუკითხავს, გაცბუნებულა კიდეც. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი გრძნობები და აზრები მთლიანად მატერიალურს მოუცავს, იშვიათად ვეხებით სულიერ სამყაროს, ამიტომაც სულიერად გავველურდით. სულიერი მყოფობა, რომელიც ნივთიერ, მატერიალურთან შედარებით სხვაგვარია, სულ უფრო გვშორდება და უცხოვდება ჩვენთვის.

   მაგრამ თუკი გარესამყაროს გადავხედავთ, იხილავთ, რომ ჩვენს ირგვლივ ღვთის უამრავი სასწაული აღესრულება, რომლებსაც სწორედ რომ მივეჩვიეთ. ისინი მუდამდღე ხდება ჩვენს თვალწინ და მათ ამიტომაც აღარ აღვიქვამთ სასწაულებად.

   დავუშვათ, პირველად ხედავთ, როგორ აღმოცენდება მარცვლისაგან თავთავი და რამდენიმე ათეულ ასეთსავე მარცვალს იკეთებს, - განა ეს აუხსნელ, შეუძლებელ სასწაულად არ მოგეჩვენებათ? ანდა ვთქვათ, პირველად ხედავთ, შავ, უსიცოცხლო მიწაში ჩავარდნილი თესლისგან როგორ აღმოცენდება სხვადასხვა ფერისა და ფორმის თავისებური ჰარმონიით მართლაც გასაოცარი ყვავილები, განა არ იტყვით, რომ ეს სასწაულია? ან, ვთქვათ, პირველად ხედავთ, როგორ იხვევს პარკს სხეულის ირგვლივ გონჯი, ზიზღის მომგვრელი მატლი და ჭუპრდება; მერე პარკიდან პეპელა იბადება, რომლის ფრთები ყვავილის ფურცლებს მოგვაგონებს, მათი არშია კი იქნებ ყვავილზე უფრო მშვენიერია და საკვირველი. პეპელას გაჩენა პირველად რომ გენახათ, რას იტყოდით? განა არ იტყოდით, რომ ყოველივე ეს შეუძლებელი, აუხსნელი სასწაულია, ამგვარი სახილველის ცქერას ბავშვობიდანვე რომ არ მისჩვეოდით?! იქნებ ყოველივე ეს უფრო დაუჯერებლადაც მოგჩვენებოდათ, ვიდრე ხუთი ათასი პურით ხუთი ათასის დაპურება უდაბნოში.

   ზოგიერთები ამბობენ: დაუჯერებელია, უფალმა როგორ შეძლო პურის დანაწილება და გამრავლება?! - მაშ, როგორ შექმნა უფალმა სამყარო არარასგან? როგორ შექმნა ვარსკვლავებით, როგორც ძვირფასი ქვებით მოჭედილი ცა?

   სხვები ამბობენ: რატომ შექმნა ღმერთმა ჩვენთვის, ადამიანებისთვის, თითქმის უსასრულო სამყარო, რა მიზანს ისახავს ღვთის შემოქმედება? - უფლისთვის ხომ ისევე იოლია მთელი სამყაროს დაბადება, როგორც ქვიშის ნაწილაკების შექმნა.

   მან ამგვარი, ჩვენი მზერისთვის გარეშემოუწერელი სამყარო შექმნა იმისათვის, რათა ვჭვრეტდეთ მას - უფლის შესაქმის ნაყოფს, თავადვე რომ მეტყველებს თავისი შემქმნელის დიდებაზე, გონებით ავმაღლდეთ დაუსრულებელი შემოქმედის მიმართ და ჩვენი გულიც ესწრაფვოდეს საუკუნო ცხოვრებას, რომელიც ხილული სამყაროს საზღვრებს მიღმა სუფევს.

   წმინდა მამები განგვიმარტავენ, რომ პურის აღორძინების სასწაული წინასახეა ევქარისტიისა, წმინდა ზიარებისა, რომლითაც უფალი სულიერად კვებავს თავის ეკლესიას.

   უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად გავიდა ქალაქიდან. ის ქადაგებდა, კურნავდა ავადმყოფებს, ესაუბრებოდა ხალხს. ზიარებისთვის რომ ვემზადებით, ჩვენც ღვთის ტაძარში უნდა წავიდეთ. ტაძარი ღმრთეების მყოფობის ადგილია. ტაძარში ყოფნისას ჩვენ უფალთან ვართ, უფალს შევუდგებით და ვუსმენთ.

   ხალხი დაიღალა გზაში, მათ არ ჰქონდათ საჭმელი, საერთოდ დაავიწყდათ ჭამა და უდაბნოში შიმშილი და წყურვილი იგრძნეს. სულიერი აზრით, ყოველივე ეს მოასწავებს სინანულსა და მარხვას ზიარების წინ. უფალმა ადამიანები უდაბურ ადგილზე წაიყვანა.

   სინანულისთვის აუცილებელია მდუმარება, აუცილებელია განმარტოება. ჩვენ ცოტა ხნით მაინც მარტონი უნდა დავრჩეთ საკუთარ თავთან, დროებით გამოვიდეთ ამ სოფლიდან, გავთავისუფლდეთ ჩვენი ფიქრებისგან ამ სოფელზე.

   ერთმა ქრისტიანმა ბერს ჰკითხა: რისთვისაა საჭირო მდუმარება? თქვენ, მონაზვნები, რატომ გაურბიხართ ადამიანებს? ბერმა მიუგო: სინანულისთვის. საერო პირმა ჰკითხა: ნუთუ შესაძლებელია სინანული ამ სოფლად? ბერმა თქვა: აიღე ჭურჭელი და წყლით გაავსე. თავიდან წყალი მღვრიე იქნება, მაგრამ ცოტა ხანს თუ დადგამ, გამჭვირვალე გახდება და მასში ყოველი პაწაწინა კენჭი, ქვიშის ყოველი ნაწილაკი გამოჩნდება. ადამიანის სულიც ასევეა. შეუძლებელია ჩვენი სულის ჭრილობებისა და წყლულების დანახვა თვინიერ მდუმარებისა და განმარტოებისა, მხოლოდ მდუმარებისას იწყება ჭეშმარიტი სინანული.

   ბევრი ჩვენგანი ამბობს: აი, ჩვენ ვმარხულობთ, ცოდვებს ვინანიებთ, მაგრამ ამით ვერანაირ სარგებელს ვერ ვპოულობთ, ისევ იმავე ცოდვებს ვიდენთ. პატერიკი გვიამბობს ორი მონაზვნის შესახებ, რომელთაც დემონი დამოსცდიდა. ორივე მონაზონი მივიდა თავის სულიერ მოძღვართან და ცოდვები მოინანია. მონაზვნები ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ერთმა უთხრა მეორეს: იცი, ძმაო, აღსარებამ არ მიშველა. მეორე ძმამ მიუგო: მე კი აღსარების შემდეგ უზარმაზარი შვება ვიგრძენი; შენ როგორ ინანიებდი ცოდვებს? პირველმა თქვა: შევედი ბერის სენაკში, ვუამბე, რაც ხდება ჩემს თავს, ვთხოვე ელოცა ჩემთვის და გამოვედი. მეორე მონაზონმა თქვა: მე კი ბერის სენაკში რომ შევედი, მუხლი მოვიყარე მის წინაშე, ცრემლით დავუსველე ფეხები და ვუამბე ყველა საცდურზე, სატანჯველსა და ვნებაზე, რომლებიც სულს მისერავდნენ. ყველაფერში ჩემს თავს ვადანაშაულებდი, მეგონა, რომ თვით ქრისტეს წინაშე ვიდექი და არა ჩემი სულიერი მოძღვრის წინაშე. მე მას ფეხებზე ვეამბორებოდი და ვტიროდი მანამ, სანამ ბერმა ფეხზე არ წამომაყენა. ამის შემდეგ დიდი შვება მომეცა.

   ჩვენი აღსარება ჩვენი ცოდვების შესახებ მოკლე, მშრალი საუბარი კი არ უნდა იყოს, არამედ - უფლის საშინელ სამსჯავროს მიმსგავსებული განსჯა, ოღონდ აქ განგვსჯის არა ღმერთი, არამედ თვითონვე განვისჯით თავს.

   გარდა ხუთი ათასი მამაკაცისა, იმ ხალხში, ვინც იესოს უდაბნო ადგილზე გაჰყვა, ბევრი ქალი და ბავშვი იყო. ქალებს ჩვილი ბავშვები ჰყავდათ წაყვანილი.

   პატარებს ჯერ არ ესმოდათ სიტყვები, მაგრამ თავიანთი ბავშვური გულებით, იქნებ უფრო ცხადად გრძნობდნენ ქრისტე მაცხოვრისაგან გარდამოსულ მადლს, ვიდრე მოზრდილები. წმინდა ეკლესია გვამცნობს, ვაზიაროთ ჩვენი შვილები. ბავშვებს ჩვენგან დაფარული, ჩვენთვის უცნობი შინაგანი ცხოვრება აქვთ. მართალია, მათ არ შეუძლიათ ფაქტების გონებით გაცნობიერება სიტყვის დონეზე, მაგრამ ყოველივეს უშუალოდ აღიქვამენ და იქნებ, უფრო ღრმადაც. ბევრი ამბობს: რა საჭიროა ბავშვების მონათვლა, ზიარება, ისინი ხომ პატარებია, და არაფერი გაეგებათ ამ დიდი საიდუმლოებისა. ვინც ამას ამბობს, თუგინდ უთქვამს: არ სჭირდება ზრუნვა ნორჩ, სუსტ მცენარეს სწორედ იმ დროს, როცა აუცილებელია მისი დაცვა შამბნარისგან და სარეველებისაგანო. ყრმობა ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკია ადამიანის ცხოვრებაში - პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვი იმდენ შთაბეჭდილებას იღებს და ითვისებს, რამდენსაც მთელი დანარჩენი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ რაც შეიძლება ხშირად აზიარეთ ბავშვები.

   აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგი მშობელი ყმაწვილობის ასაკს მიღწეულ ბავშვს აზიარებს საიდუმლოს მიღებისთვის სრულიად მოუმზადებლად. არადა, ამ ასაკში ბავშვი უკვე კარგავს ბავშვურ უშუალობას და იწყებს აზროვნებას სიტყვის დონეზე. მშობელი ვალდებულია, ყმაწვილს განუმარტოს სარწმუნოების უმთავრესი ჭეშმარიტებები, ასწავლოს რამდენიმე ლოცვა: „მამაო ჩვენო", „მეუფეო ზეცათაო", „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" და, სასურველია, „მრწამსიც". უფალი ამბობს: სასუფეველში ვერ შეხვალთ, თუ თქვენი სიმართლე მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს არ აღემატებაო. აბა, ერთი, კათოლიკებთან ნახეთ: იქ ბავშვებს მხოლოდ კატეხიზმოს გაკვეთილების შესწავლის შემდეგ უშვებენ საზიარებლად; ზოგიერთი სექტანტიც კი უწევს ორგანიზებას ბავშვთა სწავლებას... მართლმადიდებელ მშობლებს კი, მათ შესარცხვენად, ვერ მოუცლიათ, რამდენიმე წუთსაც ვერ უთმობენ შვილებს მათი სულიერი აღზრდისათვის, რისთვისაც საშინელი სიტყვისგება მოუწევთ ღვთის წინაშე. ხდება ხოლმე, დედა ან ბებია მოიყვანს ბავშვს აღსარებაზე და ეუბნება: "უთხარი მღვდელს, რომ ცოდვილი ხარ", ბავშვს კი არ ესმის, რას ნიშნავს ეს. თუმცაღა ბავშვებსაც აქვთ თავიანთი ბავშვური ცოდვები, რომლებსაც უკვე უნდა ებრძოლონ. ზოგჯერ ბავშვს ეშინია, ეჩვენება, რომ დაკითხვას უწყობენ და მერე უნდა დასაჯონ. საზიარებლად ან აღსარებაზე რომ მოიყვანთ ბავშვებს, თქვენი სიტყვებით მაინც განუმარტეთ, რას ნიშნავს ეს დიდი საიდუმლოებები და სიწმინდეები. (გაგრძელება...)

   






არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება