მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > უდანაშაულოთა სისხლი ზეცამდე აღწევს და ღმერთს შეჰღაღადებს

უდანაშაულოთა სისხლი ზეცამდე აღწევს და ღმერთს შეჰღაღადებს


1-05-2018, 00:05

 

   1999 წლის 11 დეკემბერს საქართველო სახალხო დამცველის ოფისში ბავშვებისა და მოზარდების საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ბავშვთა უფლებების დაცვის ფონდის მიერ გაკეთდა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში - „ბავშვთა უფლებათა კონვენციის განხორციელება საქართველოში". ამ ანგარიშის განხილვაზე მიწვეულ იქნა „მართლმადიდებელთა მშობელთა კავშირიც". პირველი ნაწილი იყო ამ ანგარიშში მოხსენება, ხოლო მეორე - მისი განხილვა. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიწვიეს, რათა წარმოედგინათ ეს ანგარიში და განხილვის დროს თავიანთი შენიშვნები, შესწორებები ან დამატებანი შეეტანათ. მოხსენების დროს გავეცანით შემდეგ საკითხებს: 1) სამოქალქო უფლებები და თავისუფლება; 2) ოჯახური გარემო და ალტერნატიული ზრუნვა; 3) ჯანმრთელობის დაცვა და კეთილდღეობა; 4) განათლება, დასვენება და კულტურული აქტივობა.

   რაკიღა ეს საქმე ბავშვთა უფლებების დაცვის ფონდმა ითავა, ჩვენ დიდი იმედი მოგვეცა, რომ ბოლოსდაბოლოს, ისინი მაინც აიმაღლებდნენ ხმას საბრალო ჩვილების დასაცავად და დააყენებდნენ საკითხს ბავშვთა ყველაზე მთავარი უფლების - სიცოცხლეზე უფლების დაცვის შესახებ. მართლაც, მათი პირველივე მოხსენება შემდეგი წინადადებით დაიწყო: „სამწუხაროდ, საქართველოში ირღვევა ბავშვის უფლება პირადი ცხოვრების დაცვის შესახებ" - ერთი შეხედვით, თითქოს, ჩვენი გულისტკივილია, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, აქ მხოლოდ ბავშვთა წერილების, დღიურებისა და პირადი ნივთების დაუკითხავად ჩხრეკაზე იყო ლაპარაკი, რაც უდაოდ უფლების დარღვვაა, მაგრამ რაოდენ წვრილმანია იმასთან შედარებით, როცა საქმე ბავშვის სიცოცხლის უკანონო ხელყოფას ეხება. ამის შესახებ რატომღაც დუმს როგორც კანონი, ისე საზოგადოება და ჩემდა გასაკვირად, არც ამ მოხსენების დროს თქმულა ამაზე რაიმე.

   შემდეგ მოხსენებაში ვკითხულობთ: „საქართველოში კანონმდებლობით ბავშვები დაცულნი არიან მშობელთა მხრიდან მათი უფლებების შელახვისაგან". აქ, ალბათ, უკვე დაბადებული ბავშვი იგულისხმება, მაგრამ რა დააშავეს იმ უდღეურმა ჩვილებმა, რომლებიც საკუთარი მშობლების მკვლელობის მსხვერპლნი გახდნენ და ცხოვრება არ დასცლდათ? რატომ არ იცავს მათ კანონი? რომელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მიეცათ მშობლებს ამგვარი ტირანის უფლება, რომ თავიანთი შვილები ასე უმოწყალოდ და განუკითხავად ხოცონ? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს გენოციდი - მშობელთა ომი მათივე შვილების წინააღმდეგ? ვინ უნდა აღიმაღლოს ხმა ჩვილთა სიცოცხლის უფლების დასაცავად თუ არა ბვშვთა უფლებების დაცვის ფონდმა და ყველა იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც თითქოს ბავშვებზე ზრუნავენ? ამ ორგანიზაციების ასეთმა პასიურმა დამოკიდებულებამ გამიჩინა სწორედ ეჭვი მათი მიზნების სიწრფელეში.

   სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლების საკითხის განხილვისას, როცა იკითხეს, რაიმე შესწორების შეტანა ხომ არ გსურთ ან ვინმე რაიმეს ხომ არ დაამატებდაო, სიტყვა ვითხოვე და მივმართე ბავშვთა უფლებების დაცვის ფონდს: აქ ბავშვთა უფლებების შელახვასა და მათ დაცვაზე ბევრი რამ ითქვა, მაგრამ არაფერი თქმულა ბავშვთა მთავარი უფლების - სიცოცხლეზე უფლების დაცვის შესახებ. დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. დაკანონებული უფლება მკვლელობაზე შენიღბულია თვალთმაქცური ტერმინით - აბორტი. თქვენ როგორც ბავშვთა უფლების საზოგადოება ვალდებული ხართ, დააყენოთ საკითხი ბავშვის უმთავრესი უფლების - სიცოცხლეზე უფლების დაცვის შესახებ. კერძოდ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვილთა მკვლელობა დანაშაულად გამოცხადდეს და ბავშვის სიცოცხლე კანონით იყოს დაცული. სანამ ბავშვების მკვლელობა ყველაზე ბოროტმოქმედებად არ გამოცხადდება და კანონის მიერ დაუსჯელი დარჩება, ყველა მოწოდება მშვიდობისა და სამართლიანობისაკენ მხოლოდ კანიბალის სახეზე აფარებული ნიღაბი იქნება. ნებისმიერი ასაკის მქონე ადამიანის მოკვლა დიდ დანაშაულად ითვლება და სისხლის სამართლით ისჯება. მკვლელი პასუხს აგებს კანონის წინაშე. აქ კი მკვლელი წინდაწინ გამართლებულია ჩვენი ქვეყნის კანონის მიერ, რომელიც თუმცა სიცოცხლეზე უფლების დეკლარირებას ახდენს, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულებითაც არ იცავს ამ უფლებას. მკვლელი გამართლებულია საკუთარი წამხდარი სინდისითა და თანამედროვე ლიბერალური საზოგადოების აზრით. ამიტომ, ფაქტიურად, ჩვენი საზოგადოების უმეტესობა, თავისი პასიური პროტესტის გამო, მკვლელების სოლიდარული ხდება. როცა რამდენიმე ხნის წინ ერთმა გულცივმა დედამ თავისი თოთო ბავშვი მამას ტომრით გაატანა სანაგვეზე გადასაგდებლად და დასაღუპად გაწირა იგი, მთელი საზოგადოება აღშფოთდა. ალბათ, ყველა ინტელიგენტურ ოჯახში ირჩეოდა ის ფაქტი და უმოწყალო ქალბატონი დიდი განკიცხვის საგანი გახდა. არც კანონის დამცველებმა დააყოვნეს, საქმე სასწრაფოდ გამოიძიეს და ბოროტმოქმედნიც დასაჯეს. საბედნიეროდ ბავშვი, რომელსაც ამდენი გულშემატკივარი გამოუჩნდა, გადარჩა. გაუგებარია, ამავე საზოგადოებას რატომ არ ებრალება ის მილიონობით საბრალო ჩვილი, რომელსაც დედა ჯერ კიდევ საშოში კლავს. განა ისინი უფრო შესაბრალებელნი არ არიან? ისინი ხომ ქრისტიანები ვეღარასდროს გახდებიან და ვერც ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებენ, რადგან მკვლელი დედა ნათლობის ყოველგვარ საშუალებას უსპობს საკუთარ შვილს და სამუდამოდ უღმერთოდ ტოვებს მას.

   ჩვენი მოთხოვნა სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა იქ მყოფი საზოგდოებისათვის, რომელთა შორის იყვნენ შემდეგი ორგანიზაციები: „გადავარჩინოთ ბავშვები", „სოც. ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ნდობა", „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი", „მოზარდთა განვითარების ცენტრი" და სხვა. ჩემს მიერ დაყენებულმა საკითხმა დიდი უკმაყოფილება, შფოთი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პასუხად მივიღეთ: ეს სადაო საკითხია და აქ გასარჩევი არ არის, ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანსო. 12 კვირის ნაყოფზე, აბორტის გაკეთება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დაშვებული და საერთოდ, აბორტი მთელს მსოფლიოშია დაშვებული და ახლა შენ გინდა მსოფლიო გადატრიალება მოახდინოვო?

   ჯერ ერთი, ჯანდაცვის სამინისტრო ზნეობის ეტალონი როდიდან გახდა? მეორეც ის, რომ კარგი იქნებოდა ჯანდაცვის სამინისტრო და მასთან ერთად სხვებიც გაცნობოდნენ იმ ფაქტს, რომ ცოცხალი ორგანიზმი ჩასახვის მომენტიდანვე წარმოიშვება, რომელიც უკვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია, რომ ნაყოფი ტკივილს განიცდის, სიცოცხლის სურვილი აქვს და რაც ქრისტიანისათვის ყველაზე მთავარია - ადამიანის უკვდავი სული გააჩნია, რომლის არასრულყოფილება მხოლოდ ის არის, რომ სხეული - ეს სულის ინტრუმენტი, არ არის ფორმირებული. კაცის კვლას დანაშაულად მხოლოდ იმიტომ თუ არ ჩავთვლით, რომ ჯერ ზრდადაუსრულებელი ფიზიკური სხეული აქვს, მაშინ მხრცოვანთა და ავადმყოფთა მოკვლა უფრო უპირატესი უფლებით შეგვიძლია.

   ამრიგად, აბორტების დაკანონება ყველა იმ ზნეობრივ და იურიდიულ კოდექსებს არღვევს, რომლის საფუძველი ადამიანთა უფლებების დაცვაა. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ ადამიანის ნაყოფს, როგორც პიროვნებას, დაცვა ესაჭიროება, რომ ადამიანის ნაყოფი როგორც პიროვნება - განადგურებას არ ექვემდებარება. პრინციპული განსხვავება ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა სახის მკვლელობას შორის არ არსებობს (თუნდაც ეს ნაყოფი 12 კვირისაც არ იყოს). აბორტების დაუსჯელობა და იმ ზნეობრივ-იურიდიული კანონების უქონლობა, რომლითაც ბავშვის სიცოცხლე დაცული იქნება, ყველა დეკლარაციას უფლებათა დაცვაზე თვალთმაქცობად აქცევს.

   ყოველი შეგონება უშედეგო აღმოჩნდა. იმასაც კი ვერ მივაღწიეთ, რომ ბავშვთა სიცოცხლეზე უფლების დაცვის საკითხი დღის წესრიგში დაეყენებინათ, არც ჩემი მოთხოვნა დაფიქსირებულა მათ ანგარიშში. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ. იმის სანაცვლოდ, რომ ყველა ეს ორგანიზაცია მხილების საყვირი თავად გამხდარიყო, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჩემი სტატიის გამოქვეყნება არ ისურვა.

   დასასრულს კი მინდა შეგახსენოთ, რომ „უდანაშაულოთა სისხლი ზეცამდე აღწევს და ღმერთს შეჰღაღადებს". ჩვილთა მკვლელობებს კაცობრიობის სხვა ცოდვებიც ერწყმის და რისხვად გვატყდება კატაკლიზმებისა და სხვა უბედურებების სახით. დავფიქრდეთ, ჩვენი ასეთი გულგრილობისა და უმოქმედობისათვის რა პასუხს მივცემთ ღვთის წინაშე წარსდგომის ჟამს.

 

ირინე ბიბილაური 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება